განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.07.2003
საქმის ნომერი
2კ-148აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 148-აპ 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ შ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენი შ. ო-ს მიმართ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით შ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 120-ე მუხლით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერების შესწავლას და მსჯავრდებულის ბედისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით შ. ო-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2002 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფ. ტალავერის ცენტრში მთვრალმა ჩაიდინა ხულიგნობა, რომლის დროსაც უწმაწური სიტყვებით აგინა მაღაზიის მეპატრონეს – ვ. ა-ს, ჯოხის დარტყმით ჩაამტვრია მაღაზიის ფანჯრის მინა და დანის დარტყმით მსუბუქი დაზიანებები მიაყენა ხულიგნობის აღმკვეთ პირებს – გ. ი-ს და ტ. ა-ს.

საკასაციო საჩივარი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს შ. ო-ს მიერ დანაშაულის შემთხვევით ჩადენას და მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-მა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში. სხვა ნაწილში კი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მთვრალმა შ. ო-მა ნამდვილად ჩაიდინა მასზე შერაცხული ხულიგნური ქმედება, რომლის დროსაც დანის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა 2 მოქალაქეს, რომლებიც ცდილობდნენ მისი ხულიგნური ქმედების აღკვეთას. აღნიშნულს ვერ უარყოფს ვერც საკასაციო საჩივარი. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ შ. ო-ს ზედმეტად აქვს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და შესაბამისად ამ მუხლით მსჯავრდების ნაწილში განაჩენი უნდა შესწორდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ო-მა ხულიგნობის ჩადენის დროს ტ. ა-ს და გ. ი-ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ამდენად, ეს ქმედება ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს და სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი მოიცავს ამ დანაშაულსაც. საყურადღებოა ისიც, რომ ტ. ა-სა და გ. ი-ს საგამოძიებო ორგანოებისათვის არ მიუმართავთ კერძო ბრალდების წესით მათი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისათვის შ. ო-ს პასუხისმგებლობის თაობაზე.

რაც შეეხება ხულიგნობის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელის ღონისძიებას, პალატა მიიჩნევს, როს ის სამართლიანია, კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის ფარგლებშია და მისი კიდევ მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 564-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. ო-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 დეკემბრის და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 აპრილის განაჩენებიდან ამოირიცხოს შ. ო-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ყველა სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.