განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 149-აპ 1 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ივნისის განაჩენში მ. ლ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 აპრილის განაჩენით მ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლის მესამე ნაწილით და შეეფარდა ჯარიმა 80 დღიური ანაზღაურების _ დღიური 250 ლარის, სულ 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ განაჩენში სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით ცვლილება შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განაჩენით _ მ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების _ მსუბუქი ავტომობილის მართვისას დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სახელდობრ:
2002წ. 26 თებერვალს, დაახლოებით 8 საათზე, მ. ლ. მინდობილობით მართავდა სიმამრის კუთვნილ ა/მანქანა-ს, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, 60 კმ/სთ-ით მოძრაობისას მ. ლ-მ 43-ე სახლის წინ დაარღვია მოძრაობის წესების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, თვითიმედოვნებით არ მიიღო ზომები, ავტომანქანის სიჩქარის შემცირების ან მისი სრული გაჩერებისათვის, რომელთა შესრულების შემთხვევაში შეეძლო ავტოავარიის თავიდან აცილება. უგულებელყო რა ზემოაღნიშნული მოძრაობის წესების მოთხოვნები, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე. ჭ-ს და მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი ლ. მ. ითხოვს რა მსჯავრდებულ მ. ლ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აღმოუჩინა დახმარება, აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და შეძლებისდაგვარად დღესაც ეხმარება, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას. მსჯავრდებული მ. ლ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
საკასაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებული დაზარალებული ბ. ჭ. შუამდგომლობს მ. ლ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ს განსაცდელში არ მიუტოვებია დაზარალებული, აღმოუჩინა მას დახმარება და გადაიყვანა საავადმყოფოში. მორალური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ასევე დაზარალებულის ოჯახსაც.
პროკურორი ა. ს. ითხოვს მ. ლ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით მსჯავრდებულ მ. ლ-ს ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში დადასტურებულია და მას არც საკასაციო საჩივარი ხდის სადავოდ.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მ. ლ. პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი _ 1994 და 1999 წლებში დაბადებული შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მ. ლ-მ ავტოავარიის შემდეგ განსაცდელში არ მიატოვა და დაზარალებულს აღმოუჩინა დახმარება, გადაიყვანა საავადმყოფოში. მის ოჯასაც გაუწია როგორც მორალური, ასევე მატერიალური დახმარება. პალატა მხედველობაში იღებს ასევე დაზარალებულ ბ. ჭ-ს პოზიციასაც, რომელიც, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ითხოვდა მ. ლ-ს მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების განსაზღვრას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მ. ლ-ს შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს 63-65-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.
პირობით მსჯავრდებულ მ. ლ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.