საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 134-აპ 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის განაჩენი. აღნიშნული განაჩენით მ. მ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შეეფარდა 14 წლით Yთავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 11 ივნისიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით მ. მ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, კერძოდ: 2001წ. 11 ივნისს, საღამოს საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალში, ურთიერთგანაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სამზარეულო დანის გულმკერდის არეში ერთი ჩარტყმით, მძიმე დაზიანება მიაყენა თანასოფლელ დ. ხ-ს, რომელიც იმავე ღამეს გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა ცალმხრივად და ტენდენციურად. არ იქნა დაშვებული მის მიერ არჩეული ადვოკატი, ხოლო სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა კი ვერ მოახერხა მისი დაცვა, არ ჩატარდა განმეორებითი სასამართლო ექსპერტიზა, რის გამოც მას შეეფარდა ძალზე მკაცრი სასჯელი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ა-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
თვით მსჯავრდებულმა მ. მ-მ აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება მის მიერ ჩადენილი ქმედების იურიდიულ კვალიფიკაციას, რადგან საქმე გამოძიებულია ზერელედ, ცალმხრივად და დაინტერესებით. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია მ. მ-ს მიმართY დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას, თითქოს მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა ტენდენციურად და ცალმხრივად, რადგან ასეთი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
მსჯავრდებულ მ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული (განზრახ მკვლელობა) დადგენილია როგორც ნაწილობრივ მისი აღიარებითი ჩვენებით, ასევე მოწმეების _ ა. და თ. ჩ-ების ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს დაირღვა მ. მ-ს დაცვის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას მის ინტერესებს იცავდნენ სხვადასხვა ადვოკატები, რომელთა მიმართ მ. მ-ს არ გამოუთქვამს უკმაყოფილება და ადვოკატებიც ახორციელებდნენ მის რეალურ დაცვას.
მ. მ. საქმის საკასაციო წესით განხილვის სტადიაზეც, მისი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფილ იყო ადვოკატით, რომელიც ახორციელებდა მის დაცვას.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის განაჩენი მ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.