განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 29.07.2003
საქმის ნომერი
2კ-135აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-აპ 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ.ფ-სა და დაზარალებულ მ.ჩ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აპრილის განაჩენზე პ. ა-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 ივლისის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენი პ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით პ.ა-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2001 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე, პ. ა. იმყოფებოდა ქ.ხონში, ინდივიდუალურ საწარმო “გასართობ თამაშებში”, სადაც შენიშნა ბილიარდის მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარი, მისი მეგობარი ი. ჩ., რომელსაც ბილიარდის თამაში შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. აღნიშნულზე განაწყენებული პ.ა. ი.ჩ-ს დაემუქრა ჯიბიდან ამოღებული დანის ჩხვლეტით, თუ ეს უკანასკნელი კვლავ უარს ეტყოდა ბილიარდის თამაშზე. ამის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე, პ.ა-მა მოკვლის განზრახვით დანა მოუქნია ი.ჩ-ს, რომელმაც მოგერიების მიზნით ფეხი დაუხვედრა, რა დროსაც ძლიერად მოქნეული დანა მოხვდა მარჯვენა ბარძაყის არეში და დაუზიანა მუხლქვეშა არტერია. ი.ჩ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ხონის საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული მძიმე დაზიანების გამო გამოწვეული გარეგანი სისხლდენისა და მწვავე სისხლნაკლებობის შედეგად იგი 7-10 წუთში გარადაიცვალა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ.ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს პ.ა-ს ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და სასჯელის შეფარდებას ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში იმ მოტივით, რომ პ.ა-ს არ ჰქონდა შეგნებული ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა დამდგარ შედეგს, არ ჰქონდა შედეგის დადგომის არავითარი სურვილი და ვერ დაუშვებდა შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რადგან ი.ჩ-ს დაჭრის წინ იგი დანას მის წარმოდგენაში სიცოცხლისათვის უხიფათო ადგილას _ მუხლისა და წვივის წინა მხარეს ათამაშებდა, იმედოვნებდა და უშვებდა ი.ჩ-სთვის მხოლოდ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთი მოქმედებით მუხლქვეშა არტერიას დააზიანებდა, რასაც შედეგად მეგობრის სიკვდილი მოჰყვებოდა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ.ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს პ.ა-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ პ.ა-მა ი.ჩ-ს მკვლელობა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, მან ჩაიდინა სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” და “ლ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით).

დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ.ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ.ხ. არ ეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ.ჩ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილდებას.

პროკურორი ე.ქ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვს პ.ასლანიკაშვილის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ პ.ა-ს მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, მტკიცებულებათა ობიექტური გამოკვლევისა და მათი სწორი სამართლებრივი შეფასების გარეშე; არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პ.ა-ს ბრალეულობის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი დამატებით გამოძიებაში უნდა გაირკვეს და შემოწმდეს ერთიანი გულმოდგინებით, კერძოდ: წინასწარმა გამოძიებამ უნდა მოიპოვოს და გამოიკვლიოს საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. ჭეშმარიტების დასადგენად უნდა გაანალიზდეს ი.ჩ-ს მიმართ ავტომანქანის საქარე მინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც გადაცემული იყო ხონის რაიონული სასამართლოსათვის. სისხლის სამართლის საქმე ი.ჩ-ს მიმართ შეწყდა 2001 წლის 20 ნოემბერს, მისი გარდაცვალების გამო. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, ი.ჩ-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე მის ინტერესს აღარ წარმოადგენდა თავს დამტყდარი უბედურების გამო და ის არ გაუხდია სადავოდ, გარდაცვლილის რეაბილიტაციისათვის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სხვა პირთა მიმართ საქმის განახლებისათვის, რაც აშკარად ეწინააღმდეგება რეალურ პოზიციას, რომელიც მას ი.ჩ-ს მკვლელობის საქმეში გააჩნია. მ. ჩ. საქმის წინასწარი გამოძიების თითქმის მთელ ეტაპზე და სასამართლოს ყველა ინსტანციაში ფაქტობრივად არ ეთანხმება ი.ჩ-ს მიმართ ავტომანქანის საქარე მინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს. ასევე, მოითხოვს, რომ გამოძიებამ სამართლებრივად სწორად შეაფასოს პ.ა-სა და მის მეგობრებთან "გასართობ თამაშებში" დაწყებული კამათი, რომელიც, მოწმე ც.ს-სა და მისი ჩვენებებით, ე. კ-ს ნივთების ჯ. შ-ს ბინიდან ქურდობის ფაქტს უკავშირდება და მსჯავრდებულისა და მისი მეგობრების (უ.კ., ვ.მ. და სხვები) მონაწილეობას აღიარებს ამ დანაშაულში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მანქანის საქარე მინის ქურდობის ფაქტზე არსებულ სს საქმესა და ჯ.კ-ს ნივთების ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების შეფასება აუცილებელია გამოძიებისათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის ვერსიის შესამოწმებლად. ამისათვის დეტალურად უნდა გაირკვეს ხონში, ... ქუჩაზე, კ-ების ოჯახიდან ნაქურდალი ნივთების ი. ჩ-ს სახლში არსებობის ფაქტი და ი. კ-ს მიერ მათი წამოღება; ასევე, სათამაშო დათვის სანაცვლოდ (რომელშიც ოქროულობა იყო მოთავსებული) დაზარალებულის სახლიდან 800 ცალი აგურის წაღების ფაქტი. უნდა შემოწმდეს ე. კ-სა და ი. კ-ს მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები; ე. კ-ს მიერ ი.ჩ-ს ამოცნობა და ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მათ სახლში ი. მ-ს მისვლის მიზეზი.

ხონის რაიონის პროკურორის თანაშემწე ნ.კ-ს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილება ისეა გამოტანილი, რომელშიც გამორიცხულია ი. მ-ს მონაწილეობა ქურდობაში, რომ მას ახსნა-განმარტება არ ჩამორთმევია. ასევე, გამოძიებას არ გაურკვევია საკითხი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი. მ-სთან საუბარის თაობაზე, რომელიც ნაქურდალი საქონლის ი.ჩ-ს სახლში მიტანას და შენახვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება ზემდგომ პროკურორს არ გაუუქმებია და არც დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ.ჩ-ს გაუხდია იგი სადავოდ, გასათვალისწინებელია შემდეგი: 2002 წლის 4 თებერვლის, ე.ი. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ, 12 თებერვალს, პროკურორის თანაშემწისათვის წარმოდგენილი შუამდგომლობით და შემდგომ მკვლელობის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე მ.ჩ. ფაქტობრივად არ ეთანხმება ქურდობის ფაქტზე ვ.მ-ს მიმართ სს საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებას და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას. აღნიშნული კი ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილების გასაჩივრების უფლების გამოუყენებლობას და პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები ვერ იქნა რეალიზებული სისხლისსამართლებრივი წარმოების ვერც ერთ ეტაპზე.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი გამოძიება არ იზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ დაყენებულ ვერსიას, მის გასაბათილებლად შემთხვევის ადგილზე მყოფი ფაქტის თვითმხილველი მოწმეების (ო.ბ-ს, გ.ა-ს, ლ.კ-ს, ს.კ-ს, დ.ძ-ს და ასევე არასრულწლოვნების: დ.ძ-ს, შ.ე-ს ბ.ბ-ს) ჩვენებები უნდა გაანალიზდეს და გამოიკვეთოს, ჰქონდა თუ არა ადგილი მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის ურთიერთშელაპარაკებას ან კამათს და რა საკითხზე; მონაწილეობდნენ თუ არა მასში "გასართობ თამაშებში" მყოფი სხვა პირები. მხოლოდ აღნიშნულის გარკვევის შემდეგ უნდა დადგინდესD დანაშაულის ჩადენის მოტივი და მომხდარს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს.

რაც შეეხება მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვერსიას გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, არ შეიძლება უარყოფილ იქნეს მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ბრალის აღიარებისას, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის სახით და შემდგომი დაკითხვებისას ისინი წინააღმდეგობრივია და ეს წინააღმდეგობა პ.ასლანიკაშვილის მიერ ახსნილი არ არის.

საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისას დეტალურად უნდა დაზუსტდეს ი.ჩ-ს მდებარეობა "გასართობ თამაშებში" მომხდარი შემთხვევის დროს, ასევე საბილიარდოს მაგიდაზე ჯდომისას ქვედა კიდურების მდებარეობა. ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი პ.ასლანიკაშვილის ვერსიის შესამოწმებლად, დანის თამაშისას შემთვევითი დარტყმის დროს მარჯვენა ბარძაყის არეში მუხლქვეშა არტერიის შესაძლო დაზიანების თაობაზე. უნდა გაირკვეს, დროის რა პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა დაჭრილი ი.ჩ-ს გამოსვლა საბილიარდოდან და რამდენ ხანში იქნა იგი გადაყვანილი საავადმყოფოში.

პალატა ვერ გაიზიარებს გამოძიების ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბილიარდის თამაშზე ი.ჩ-ს უარით განაწყენებულმა პ.ა-მა ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე განზრახ მოუქნია დანა ი.ჩ-ს, რომელმაც მოგერიების მიზნით ფეხი დაუხვედრა და ძლიერად მოქნეული დანა მოხვდა ბარძაყში. წინასწარ გამოძიებაში საქმეზე დაკითხული ვერც ერთი თვითმხილველი მოწმე ვერ მიუთითებს პ.ა-სა და ი.ჩ-ს შორის ჩხუბის ფაქტსა და ი.ჩარგეიშვილის მხრიდან რაიმე მკვეთრ მოძრაობას მოქნეული დანის მოსაგერიებლად. თუმცა მოწმეები ო. ბ. და ს. კ. დაკითხვებისას უჩვენებენ, რომ პ.ა. დანას მარჯვენა ხელში ათამაშებდა. ასევე მათ გაიგონეს ი.ჩ-ს წამოძახება: "ბიჭო, ეს რა მიქენიო". "გასართობ თამაშებში" შემთხვევის შემსწრე ცხრა მოწმის ჩვენებებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია არასრულწლოვანი მოწმის _ ვ.ქ-ს ჩვენება, რომელიც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში სამსჯავრო გამოძიების ბოლო დღეს იქნა მიცემული. მისი ჩვენება სასამართლოს განაჩენში გაზიარებულია, როგორც მთავარი მტკიცებულება და არ არის ახსნილი წინააღმდეგობა შემთხვევის შემსწრე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ი.ჩ-ს სხეულზე აღენიშნება მხოლოდ ერთი დაზიანება – ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის შუა და და ქვემო საზღვართან, მედიალურ მხარეზე, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა ქსოვილს, კუნთებს და მთლიანად მუხლქვეშა არტერიას.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარი გამოძიების მიერ საქმეზე ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არ დადგენილა დანის დარტყმის მექანიზმი. აღნიშნულის გარეშე კი ექიმ ა. ჯ-ს, სპეციალისტ შ. თ-სა და ექიმ ე. გ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გარკვევა შეუძლებელია. სასამართლომ გაიზიარა მოწვეული სასამართლო-სამედიცინო სპეციალისტის _ შ. თ-ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, სადაც მან გამორიცხა დანით თამაშის დროს მისი ვერტიკალური მოძრაობით ი.ჩ-ს ბარძაყზე დაზიანების მიყენება და არ ახსნა წინააღმდეგობა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მოწმე ე.გ-ს ჩვენებასთან, რომელიც მიუთითებდა, რომ თუ ფეხი გადაწეული იქნებოდა, ხოლო დანა _ მძიმე და ბასრი, შესაძლებელი იყო ასეთი ჭრილობის მიყენება. ამასთან, შ. თ-მ ვერ გამორიცხა ი.ჩ-ზე აღნიშნული დაზიანების მიყენება ფეხის გადაწეულ მდგომარეობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებითმა გამოძიებამ სსს კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შედეგად, მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვიტოს პ.ასლანიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 563-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აპრილის განაჩენი პ. ა-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა _ პ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.