კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 31.07.2003
საქმის ნომერი
2კ-147დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 147-დად 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა და თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორის წარდგინება ა.ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 31 იანვრის განაჩენით ა. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 19 აპრილის განჩინებით ა. ბ-ს შეუმცირდა სასჯელის ზომა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ა.ბ. სასჯელს იხდის 2000წ. 9 თებერვლიდან. შეფარდებული სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2003წ. 9 ივნისს.

2003წ. 12 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ა.ბ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე განთავისუფლება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა და თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორის წარდგინება ა.ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

მსჯავრდებული ა.ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელის 2/3 მოიხადა, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად, ჰყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან.

პროკურორმა ო.რ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ა. ბ. სასჯელს იხდის 2000წ. 9 თებერვლიდან. შეფარდებული სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2003წ. 9 ივნისს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ს 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მსჯავრდებული ა.ბ. თბილისის ¹5 საპყრობილის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ ა.ბ. არის წყნარი და თავაზიანი; დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად; კარგი ურთიერთობით სარგებლობს როგორც მსჯავრდებულებს, ასევე, თანამშრომლებს შორის; დგას გამოსწორების გზაზე; ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია 3-ჯერ.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ა.ბ-ს ჰყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც, მის გარდა, სხვა მარჩენალი არ ჰყავთ.

რაც შეეხება სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ ორ წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ ვერ დაადგინა სხვა ქვეყანაში მცხოვრები ის პირები, რომლებიც შესაძლებელია დანაშაულის თანამონაწილენი იყვნენ და მათი დადგენისა და სრულყოფილი გამოძიების შემდეგ გამორიცხული არ არის ა.ბ-ს სხვა უფრო გაზრდილი ბრალდებაც დადგინდეს, უკვე მისჯილი სასჯელიდან ვადამდე განთავისუფლების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა.ბ-ს გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, ა. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა და თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორის წარდგინება ა. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

მსჯავრდებული ა. ბ. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.