განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 160-აპ 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განაჩენზე, რომლითაც თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით და შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით თ. მ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის:
თ. მ. 2002წ. 3 ივლისს ახმეტის რაიონის სასამართლოს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის დაჯარიმებულ იქნა 75 ლარით. მიუხედავად ამისა, 2002წ. 12 ივლისს, იმყოფებოდა რა ქ. ცხინვალში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 50 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც მოიხმარა იმავე ტერიტორიაზე. იმავე დღეს ჩამოვიდა თბილისში, სადაც კლდიაშვილის ქუჩაზე, შემოწმების მიზნით, შეჩერებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ. პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით კლინიკურად დაუდგინდა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვარა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას ასევე შეეფარდა იძულებითი მკურნალობა, ნარკომანიისაგან განკურნების მიზნით.
მსჯავრდებულმა თ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განაჩენი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება. რაიონული სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულ თ. მ-სათვის იძულებითი მკურნალობის შეფარდების შესახებ იმ მოტივით, რომ თ. მ. დაავადებულია ვირუსული “ჩ” ჰეპატიტით, რაც ნარკომანიის საწინააღმდეგო იძულებითი მკურნალობის შეფარდებისათვის წინააღმდეგ ჩვენებაა და იგი იძულებით მკურნალობას არ ექვემდებარება, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩაA უცვლელად.
საკასაციო საჩივრით თ. მ. ითხოვს ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას იმ მოტივით, რომ დაავადებულია “ჩ” ჰეპატიტით, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო თ. მ-ს პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები. პროკურორის განმარტებით, თ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ბ. გ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი თ. მ. მარტოხელა დედაა, კმაყოფაზე ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არის ავად, დაავადებულია ქრონიკული ვირუსული დაავადება ,,ც”, ჰეპატიტით. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ცნობის თანახმად ქრონიკული ვირუსული ,,ც” ჰეპატიტი წარმოადგენს ნარკომანიის საწინააღმდეგო იძულებითი მკურნალობის წინააღმდეგ ჩვენებას, რის საფუძველზეც თ. მ-ს მოეხსნა იძულებითი მკურნალობა. საქმეში არსებული თ. მ-ს განმარტებების თანახმად, იგი შეძლებისდაგვარად ცდილობს იმკურნალოს, აქვს სურვილი განიკურნოს ნარკომანიისაგან, შეგნებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მისი ხასიათი და შედეგები. ყოველივე აღნიშნულის და ასევე თ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ თ. მ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განაჩენი შეიცვალოს თ. მერებაშვილის სასიკეთოდ. განაჩენით თ. მ-ს მისთვის შეფარდებული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 წელი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.