კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 164-დად 12 აგვისტო, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ს. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ს. ს. 6 თვის ვადით გადაყვანილ იქნა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებული ს. ს. სასამართლოს მიერ 1999წ. 4 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის I და III ნაწილებით და 117-ე მუხლის III ნაწილით, რისთვისაც შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდა დაეწყო 1999წ. 3 მარტიდან. სასჯელის დასასრულია 2004წ. 21 ოქტომბერი. რუსთავის ¹1 დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2000წ. 8 იანვრიდან.
სასჯელის მოხდის პერიოდში ს. ს. სისტემატურად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, რისთვისაც მას დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეეცვალა რეჟიმის პირობები, კერძოდ: 2000წ. 15 სექტემბრს, 23 ნოემბერსა და 2 დეკემბერს მოთავსებულ იქნა კარცერში ჯერ 15, ხოლო შემდეგ 20-20 დღით. 2002წ. ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ასევე სამჯერ იქნა მოთავსებული კარცერში, ხოლო 2003წ. 18 ივნისს ¹29 ბრძანებით გამოეცხადა საყვედური.
რუსთავის სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის დადგენილებით ს. ს. გადაყვანილ იქნა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 3 თვით.
რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა 2003წ. 4 ივლისს წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ს. ს-ს 6 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ხასიათდება უარყოფითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ რამდენჯერმე დასჯილი იყო შინაგანაწესისა და სარეჟიმო მოთხოვნების სისტემატური დარღვევისათვის. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 4 ივლისის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული ს. ს. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა მსჯავრდებულის უფრო მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე, დაწესებულების კომისიის დასკვნის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003წ. 4 ივლისის წარდგინება მსჯავრდებულ ს. ს-ს ექვსი თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაურკვევია, ეს წარდგინება შეთანხმებული იყო თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიასთან. სსკ-ის 612-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული გადაიყვანოს შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს დაწესებულების კომისიასთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მასალა ან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ წარდგინება შეთანხმებული იყო დაწესებულების კომისიასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ს. ს. 6 თვის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება დარჩეს განხილვის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანლა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ს. ს-ს 6 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003წ. 4 ივლისის წარდგინება მსჯავრდებულ ს. ს-ს ექვსი თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ დარჩეს განუხილველად.