საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 94-კოლ 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ კ. ხ-ს დამცველის, ა. კ-სა და მსჯავრდებულ ვ. თ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 3 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ხ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 3 ივლისის განაჩენით მსჯავრი “დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ”, “ი” ქვეპუნქტებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის, აგრეთვე, ჯგუფურად და ანგარებით, ე.ი. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში.
განაჩენის მიხედვით კ. ხ-სა და ვ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონის სოფ. ბოლნისში მცხოვრებმა, კ. ხ-ნმა 2002წ. 17 ივლისს ბაბუამისის, ბოლნისის რაიონის სოფ. ბოლნისში მცხოვრებ ა. ვ-ს საცხოვრებელ სახლში, მათ ოჯახში სტუმრად მყოფი, ზ. ხ-ს საუბრიდან გაიგო, რომ მას რუსეთის რესპუბლიკიდან შვილმა გამოუგზავნა 500 ამერიკული დოლარი და რომ გარდა ხსენებული თანხისა, იგი სახლში ინახავდა ფულს დაახლოებით 500 ამერიკული დოლარის ოდენობით. ამის შესახებ კ. ხ-მა იმავე დღეს აცნობა მეგობარს, ბოლნისის რაიონის სოფ. ბოლნისში მცხოვრებ არასრულწლოვანს, 1985წ. 3 სექტემბერს დაბადებულ, ვ. თ-ს და შესთავაზა ამ უკანასკნელს ფიზიკური ძალის გამოყენებით როგორმე წაერთმიათ ფული ზ. ხ-სთვის. თავის მხრივ, ვ. თ-მა მოუწონა გადაწყვეტილება კ. ხ-ს და ისინი შეთანხმდნენ დაეყაჩაღებინათ ზ. ხ., წაერთმიათ ფული. დანაშაულის ჩადენის მიზნით, იმავე დღეს კ. ხ-მა და ვ. თ-მა ამ უკანასკნელის სახლში შავი ფერის უსახელო მაისურისა და ქალის წინდებისაგან დაამზადეს ორი ცალი ნიღაბი, იშოვეს ორი წყვილი ხელთათმანი და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002წ. 20 ივლისს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, მივიდნენ ზ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ბაღის ღობესთან. იქვე სახეზე მათ გადაიცვეს ნიღბები, ხელებზე გაიკეთეს ხელთათმანები და ჯერ კ. ხ., შემდეგ კი ვ. თ. გადავიდნენ ხ-ს ბაღის ღობეზე. მივიდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის წინ, იქვე აიღეს მავთულის ღობესთან ასფალტზე დადებული ხის კიბე, მიადგეს იგი ზ. ხ-ს საცხოვრებელ სახლს და ამ გზით ჯერ კ. ხ., შემდეგ კი ვ. თ. გადავიდნენ ზ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ღია აივანზე, სადაც შუქი ენთო. მათ დაინახეს, რომ ზ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შესასვლელი კარი ღია იყო, ხოლო სახლის პატრონს ზ. ხ-ს, რომელიც მარტო ცხოვრობდა სახლში, ეძინა ტახტზე.
ზ. ხ-ს საძინებელ ოთახში ჯერ კ. ხ. შევიდა, შემდეგ მას შეჰყვა ვ. თ.. ოთახში შესვლისთანავე ვ. თ-მა ხელი დააჭირა პირზე ზ. ხ-ს, რომელმაც პირზე ხელის დაჭერის შემდეგ გაიღვიძა და სცადა წამოწევა, ამა დროს ვ. თ-მა მას მარჯვენა მუშტი დაარტყა სახისა და კბილების არეში. დარტყმის შედეგად ზ. ხ-მა გრძნობა დაკარგა და დაეცა ტახტზე. ვ. თ-მა გადაატრიალა უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი ზ. ხ., რომელსაც კ. ხ-მა დაუჭირა ხელები, ხოლო ვ. თ-მა გაუკრა, რის შემდეგაც იგი ისევ გულაღმა დააწვინეს ტახტზე. ზ. ხ., დაახლოებით 5 წუთში, ისევ მოვიდა გრძნობაზე, იგი შეეცადა დაყვირებას, რა დროსაც მას ვ. თ-მა ისევ დაარტყა მუშტი სახის არეში და მუხლებით დააწვა ზემოდან მუცლის არეში. ვ. თ-ს დარტყმის შედეგად ზ. ხ-ს სახის არედან წამოუვიდა სისხლი. ვ. თ-მა ორი ნაჭერი მოახია ზ. ხ-ის ტახტზე გადაფარებულ ზეწარს და ამ უკანასკნელს ჯვარედინად აუკრა პირი. გრძნობაზე მოსულ ზ. ხ-ს ვ. თ-მა და კ. ხ-მა მოსთხოვეს ფული და ქონება. თავის მხრივ, ზ. ხ-მა მას შემდეგ, რაც მას კ. ხ-მა პირიდან ჩაუწია ნაჭერი, მას სთხოვა ხელების გახსნა, რაზედაც ვ. თ. და კ. ხ. არ დათანხმდნენ და კ. ხ-მა ორჯერ ჩაარტყა მუშტი ტახტზე გულაღმა მწოლიარე ზ. ხ-ს ნეკნების არეში, რის შემდეგაც მას სახეზე ბალიში დააფარა და ზემოდან მუხლებით დააწვა ვ. თ.. ამის შემდეგ, კ. ხ-მა დაიწყო ზ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში ფულისა და ქონების ძებნა. აღნიშნული ძალადობის შედეგად ზ. ხ. გარდაიცვალა, კ. ხ-მა კი გააგრძელა ზ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში მოსაპარად ვარგისი ნივთების შეგროვება. ვ. თ-მა და კ. ხ-მა ზ. ხ-ს სახლიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე 453 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა და 2002წ. 20 ივლისს, დაახლოებით 02.00 საათზე, გამოვიდნენ ზ. ხ-ის საცხოვრებელი სახლიდან, რის შემდეგაც ვ. თ. და კ. ხ. დაშორდნენ ერთმანეთს. ზ. ხ-ს სახლიდან წამოღებული ნივთები სახლში წაიღო ვ. თ-მა, შემდგომ ერთმანეთში თანაბრად განაწილების მიზნით.
ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ მსჯავრდებულებს კ. ხ-სა და ვ. თ-ს სასჯელის ზომად შეუფარდა თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ კ. ხ-ს დამცველმა ა. კ-მ და მსჯავრდებულმა ვ. თ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლითაც ითხოვენ განაჩენიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვას და შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ზ. ხ-ს მკვლელობის განზრახვა და რომ ამ უკანასკნელის ბინაში შეღწევა განხორციელდა მხოლოდ მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით.
საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულებმა და მათმა დამცველებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თვით მსჯავრდებულთა ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2002წ. 20 ივნისს, ღამით, სწორედ კ. ხ. და ვ. თ. შეიჭრნენ აწ გარდაცვლილი ზ. ხ-ს ბინაში და მის მიმართ განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით. მსჯავრდებულთა მიერ გამოყენებული ძალადობა სახიფათო იყო დაზარალებულის სიცოცხლისათვის, რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი. თავისთავად აღნიშნული ძალადობა განხორციელებული იყო ისეთი ხერხით და ისეთ ხასიათს ატარებდა, რომ აშკარად ადასტურებს კ. ხ-სა და ვ. თ-ს მხრივ მკვლელობის განზრახვის არსებობის ფაქტს, რაც მთლიანად გამორიცხავს მათ მიერ წამოყენებულ ვერსიას, რომლის მიხედვით არ სურდათ რა ზ. ხ-ს მოკვლა, მათი განზრახვა შემოფარგლული იყო მხოლოდ ნივთებისა და ფულის გატაცებით. სინამდვილეში, როგორც წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები მოწმობს, მსჯავრდებულთა ქმედებებით მიყენებული დაზიანებების გამო, დაზარალებული იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მათთვის სრულიად ცხადი და სარწმუნო იყო სიკვდილის დადგომის შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებდნენ დაზარალებულის მიმართ უაღრესად საშიშ ძალადობას, მანამდე, ვიდრე არ გარდაიცვალა იგი.
ამრიგად, პალატას სრულიად საფუძვლიანად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ. ხ-სა და ვ. თ-ს ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 109-ე მუხლის ,,თ”, ,,ი” ქვეპუნქტებით. ასევე, დამნაშავეთა პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ სწორად და სამართლიანად არის განსაზღვრული სასჯელის ზომაც, რის გამოც არ არსებობს საფუძველი განაჩენის გაუქმების ან შეცვლისათვის და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ხ-ს დამცველის, ადვოკატ ა. კ-სა და მსჯავრდებულ ვ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 3 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების კ. ხ-სა და ვ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.