დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.09.2003
საქმის ნომერი
2კ-108აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 108-აპ 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატების _ თ. რ-სა და თ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი, მსჯავრდებულთა საუარესოდ შეიცვალა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს განაჩენი და მსჯავრი დაედოთ:

1. ს. მ-ს _ სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით;

2. ვ. ლ-ს _ სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

ს. მ-ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვ. ლ-ს _ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ადვოკატების _ თ. რ-სა და თ. რ-ს საკასაციო საჩივრები ორივე მსჯავრდებულის მიმართ ითხოვს მათი დანაშაულის სსკ-ს 376-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის ისეთი ღონისძიების შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

იმავე განაჩენით ზ. ლ. და ზ. ს. მსჯავრდებულნი არიან 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო თ. პ. _ პირობითი სასჯელით. ამ უკანასკნელთა მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.

აღწერილობითი ნაწილი:

სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ზ. ლ-ს, ზ. ს-ს, ს. მ-ს, ვ. ლ-ს და თ. პ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში:

ზ. ლ-მ და ზ. ს-მ, რომლებიც ადრე გასამართლებულნი იყვნენ ყაჩაღობისა და სხვა დანაშაულებისათვის, ს. მ-სთან და ვ. ლ-სთან ერთად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად და არაერთგზის. გარდა ამისა, ზ. ლ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა. ზ. ს-მ _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და გადაზიდვა. ს. მ-მ _ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ვ. ლ-ემ _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გადაზიდვა. თ. პ-მ, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ყაჩაღობაში, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: თ. პ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად და “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში. აღნიშნულის შესახებ იცოდა რა მისმა თანასოფლელმა ზ. ლ-მ, ისარგებლა თ. პ-ს სიმთვრალით და 2001წ. 17 ივლისს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მის დააუკითხავად წაიღო და შეინახა თავის სახლში. ზ. ლ. მანამდე იყო შეთანხმებული თავის მეგობრებთან _ ზ. ს-სა და აწ გარდაცვლილ ზ. რ-თან ყაზბეგის რაიონში ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების შესახებ, 2001წ. 23 ივნისს ისინი მიიწვია თავის სახლში. იმავე საღამოს მასთან მივიდა მისი მამა _ ვ. ლ. და თანასოფლელი ს. მ., რომლებმაც გაიგეს ყაჩაღობის ჩადენის შესახებ მოლაპარაკების თაობაზე და თვითონაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ამ დანაშაულში. მეორე დღეს, ე.ი. 24 ივნისს, ავტომანქანის (“გაზ-2410) საბარგულში, რომელსაც მართავდა ვ. ლ., მოათავსეს ჩანთაში ჩაწყობილი ცეცხსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, წავიდნენ ყაზბეგის რაიონში და ღამე გაათენეს სოფ. ... ზ. რ-ს ბიძის ოჯახში. მეორე დღეს იმავე ავტომანქანით მივიდნენ მჟავე წყლებთან და მგზავრებზე თავდასხმისათვის ხელსაყრელი ადგილი შეარჩიეს. როლების განაწილების მიხედვით ვ. ლ. თავისი ავტომანქანით უნდა დამდგარიყო სხვებისაგან ცოტათი მოშორებით და მათთვის ეცნობებინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დაახლოებით 11 საათზე ზ. ლ., ზ. რ., ზ. ს. და ს. მ. თავს დაესხნენ ყაზბეგიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა “გაზელს”, რომლითაც მგზავრობდნენ ცოლ-ქმარი ზ. და ა. ნ-ები და ა. მ.. სამივე ჩამოსვეს ავტომანქანიდან, შეიყვანეს გვირაბში და ყაჩაღური გზით ნოვრუზოვებისაგან გაიტაცეს 55000 რუსული რუბლი, 200 ლარი, “ერიქსონის” მარკის მობილური ტელეფონი, ავტომანქანის მაგნიტოფონი და ალუმინის ათლიტრიანი ჭურჭელი ბენზინით. ა. მ-საგან კი გაიტაცეს 9800 რუსული რუბლი, სპორტული შარვალი და ორი მაისური. აღნიშნული ქმედებით დაზარალებლებს სულ მიაყენეს 5039 ლარის ქონებრივი ზარალი. დანაშაულის ჩადენის დროს ზ. ლ. შეიარაღებული იყო ზ. რ-ს კუთვნილი “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტით, ზ. ს. _ ავტომატითა და ს. მ._ ხელყუმბარით. ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ ვ. ლ-ს ავტომაქანით ყველანი ჩავიდნენ ქ. თბილისში, მივიდნენ თ. პ-ს სახლში და თანაბრად გაინაწილეს გატაცებული თანხა და ნივთები. ზ. ლ-მ თ. პ-ს მოუყვა მისი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუკითხავად გატანისა და მათ მიერ ყაზბეგის რაიონში ჩადენილი ყაჩაღობის შესახებ, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ განაცხადა ამის თაობაზე და წინასწარ შეუპირებლად დაფარა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

ადვოკატები _ თ. რ. და თ. რ. საკასაციო საჩივრებით მიიჩნევენ, რომ განაჩენი ობიექტურად არ ასახავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამის გამო ითხოვენ ვ. ლ-სა და ს. მ-ს ქმედების სსკ-ს 376-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის ისეთი ღონისძიების განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან არ იქნება დაკავშირებული.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა: თ. რ-მა და ს. ს-მ ითხოვეს წარმოდგენილ საჩივართა დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ე. ქ-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და განაჩენის კანონიერება, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრული მოცულობით ჩაატარა რა სასამართლო გამოძიება, საფუძვლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები, ურთიერთგანთქმებით და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია ს. მ-სა და ვ. ლ-ს მონაწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში. ასევე დადასტურებულია ს. მ-ს მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ხოლო ვ. ლ-ს მიერ _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გადაზიდვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ცოლ-ქმარმა ნოვრუზოვებმა და ა. მ-მა ს. მ. ამხილეს როგორც ყაჩაღობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი. აღნიშნეს, რომ იგი იყო შეიარაღებული, აწყნარებდა მათ და ურჩევდა შეესრულებინათ დანარჩენი თავდამსხმელების მოთხოვნა. სამივე დაზარალებულმა აღნიშნა, რომ უშუალო თავდამსხმელებთან იმყოფებოდა მეხუთე პირიც, რომელიც მოშორებით იდგა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს მესამე პირი იყო ვ. ლ..

საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ს. მიქაძის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ყაჩაღობის დროს გატაცებული სპორტული შარვალი და ორი მაისური.

სააპელაციო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად არ გაიზიარა ზ. ლ-ს, ს. ს-სა და ვ. ლ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ თითქოს ამ უკანასკნელს ფული გადაუხადეს ყაჩაღობის დროს მხოლოდ ავტომანქანით მომსახურებისათვის. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მტკიცება იმის შესახებ, რომ შვილი (ზ. ლ.) ყაჩაღობს და მამას (ვ. ლ-ს) ფულს უხდის ავტომანქანით ყაჩაღობის ადგილზე მიყვანისა და უკან დაბრუნებისათვის. უტყუარად დადგენილია, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეებმა გატაცებული რუსული ფულის ამერიკულ დოლარებზე გადახურდავების შემდეგ თანაბრად გაიყვეს ფული. თითოეულ მათგანს შეხვდა 250 აშშ დოლარი. მათ შორის ამდენივე მიიღო ვ. ლ-მაც, რაც იმას მეტყველებს, რომ ვ. ლ. იყო ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დამხმარის სახით.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ს. მ-სა და ვ. ლ-ს მიმართ არის დასაბუთებეული, კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც მასში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველს ვერ პოულობს.

პალატის მიერ ზემოაღნიშნული განაჩენი სარევიზიო წესით შესწავლილ იქნა ასევე მსჯავრდებულების _ ზ. ლ-სა და ზ. ს-ს მიმართ და თვლის, რომ განაჩენი მათ მიმართაც კანონიერია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენი ს. მ-ს, ვ. ლ-სა და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს მათი უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.