საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.09.2003
საქმის ნომერი
2კ-109კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 109-კოლ 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოებში ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ვ. ჭ-ს ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს განაჩენით ვ. ჭ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: მან 2002წ. 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ჯგუფთან ერთად, კერძოდ, მსჯავრდებულ ზ. ჯ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ქ. ფოთში, ... საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მ. ტ-ს მართვის ქვეშ მყოფ “ვაზ-207” მარკის მსუბუქ ავტომანქანაში მოთავსებით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დაზარალებულს, 1....წ. 16 ..ს დაბადებულ ნ. ფ-სა და ზ. ჯ-სთვის ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა იგი სოფ. მალთაყვის მიმართულებით. მძღოლი მ. ტ. დარწმუნდა რა, რომ განსასჯელები მოქმედებდნენ დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ავტომანქანა გააჩერა მალთაყვის საგზაო ინსპექციის საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოსთან, სადაც პოლიციის მუშაკების მიერ ნ. ფ. მოძალადეთაგან განთავისუფლებულ იქნა და დაუბრუნდა ოჯახს. ამრიგად, არასრულწლოვანი დაზარალებული ნ. ფ. მსჯავრდებულ ვ. ჭ-სა და მისივე შემადგენლობით ჯგუფის მიერ უკანონო თავისუფლებააღკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა 15-20 წუთის განმავლობაში.

სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის ვ. ჭ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 2 წელი და 6 თვე.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოებში ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორმა ნ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ვ. ჭ-ს მიმართ 2003წ. 27 მაისს გამოტანილი განაჩენის გაუქმებას უსაფუძვლო ლმობიერების მოტივით.

საკასაციო განხილვისას პროკურორმა ბ. გ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა ვ. ჭ-ს ბრალდების საქმის მასალები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, როდესაც ვ. ჭ-მ ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა, ის ნასამართლევი იყო, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის მრავალი შემამსუბუქებელი გარემოება, რომლებიც მსჯავრდებულს გააჩნია და რომლებსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მის წარსულ ნასამართლობასთან შედარებით. აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებია შემდეგი: ვ. ჭ. როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და მოინანია იგი, წარსულში ერთი დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნობის პერიოდში, სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შემდეგ ეწეოდა შრომით საქმიანობას, კმაყოფაზე ჰყავს ერთ წლამდე ასაკის შვილი, მის ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი, ხოლო დაზარალებული არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას.

პალატის აზრით, ასეთი გარემოებები საკმარისი და ჯეროვანი საფუძველია მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნისათვის, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.