საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.09.2003
საქმის ნომერი
2კ-158დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 158-დად 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე

განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული კ. ბ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის განაჩენით კ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის დასაწყისია 2000წ. 5 ივლისი, სასჯელის მოხდის დასასრული _ 2003წ. 5 ივნისი. სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 5 ივნისისათვის.

2003წ. 7 ივნისს გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს კ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 23 ივნისის დადგენილებით დააკმაყოფილა წარდგინება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული კ. ბ. ხასიათდება დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში სარეჟიმო მოთხოვნებს არ არღვევს, ნანობს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იქნა დასჯილი, კარგი ქცევისათვის წახალისებულია.

წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურატურა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და კ. ბ-ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ კ. ბ-ს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებული არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, კ. ბ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის ორი მესამედი. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის. კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ორჯერ, კერძოდ: ერთხელ გამოეცხადა მადლობა, მეორედ კი დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი წარადგინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად. დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათების თანახმად, კ. ბ. არ არის აგრესიული, იგი გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა, შეგნებული აქვს მასზე დაკისრებული მოვალეობანი, რასაც კეთილსინდისიერად ასრულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და გააკეთა სწორი დასკვანა იმის თაობაზე, რომ კ. ბ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული კ. ბ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, დარჩეს უცვლელად.