განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-159დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 159-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა სააქციო საზოგადოება ,,ამიკოს" ახალი ალტერნატიული ჯგუფის ხელმძღვანელის ზ. ი-ს კერძო საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის პროკურატურის 2003წ. 12 აპრილის დადგენილება ა. ა-სა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. 6 ივლისს შს საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კორპორაცია “ამიკოს” დამფუძნებელი პრეზიდენტის მიმართ სსკ-ს 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: თბილისის ვაკის რაიონის გამგეობაში რეგისტრირებული კორპორაცია “ამიკო” მუშაობას შეუდგა 1994წ. 2 ივნისს. კორპორაციის მუშაობის პერიოდში ა. ა-მა, ა. ნ-მ და ი. ც-მ 25%-ის მოგების მიცემის პირობით, დაახლოებით 3000 მოქალაქისაგან მიიღეს 1200000 აშშ დოლარი. კორპორაციის საქმიანობა გაგრძელდა 5 თვე, რის შემდეგაც ისინი მიიმალნენ. 1995წ. 5 აგვისტოს ა. ა., ა. ნ. და ი. ც. მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ს 153-ე მუხლის II ნაწილით. აღკვეთი ღონისძიების სახით მათ მიმართ შერჩეულ იქნა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

1996წ. 30 მაისს ა. ა. ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო დეპარტამენტში და ბრალდებულის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ხალხის მოტყუების მიზანი არ ჰქონია და დაასახელა მთელი რიგი მიზეზები, რამაც განაპირობა ვალების გადაუხდელობა. მისივე განმარტებით, თუ მუშაობის ნებას დართავდნენ, იმუშავებდა და ვალებს გაისტუმრებდა.

მეანაბრეთა დიდი ნაწილის კატეგორიული მოთხოვნით, ბრალდებულ ა. ა-ს 1996წ. 1 ივლისს აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა _ შეეცვალა პირადი თავდებობით. ამავე დროს მიეცა კომერციული საქმიანობის უფლება მეანაბრეთა ვალების გასტუმრების მიზნით. მისივე განმარტებით, იგი 1996წ. ბოლოდან დაიწყებდა მეანაბრეთა თანხების გადახდას. მართლაც, 1997წ. იანვარში მან დაარიგა გარკვეული თანხები, თუმცა პირობა მთლიანად ვერ შეასრულა.

გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა კორპორაციაში შეტანილი თანხების ჟურნალები და მონაცემები შეტანილ იქნა კომპიუტერში. მონაცემთა კომპიუტერში შეტანის შემდეგ განისაზღვრა შეტანილი, გაცემული და დარჩენილი თანხების მოძრაობის სურათი. გასტუმრებული თანხის ოდენობამ შეადგინა 730000 დოლარი.

1997წ. მაის-დეკემბერში გამოძიებაში დამატებით იქნა წარმოდგენილი სიები დარჩენილი და გასტუმრებულ მეანაბრეთა შესახებ. სიათა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გასტუმრებული იყო 335 ათასი დოლარი და ვალად რჩებოდა 700 ათასი დოლარი.

აღნიშნული მონაცემები საერთოდ განსხვავდებოდა ადრინდელი მონაცემებისაგან. გარდა ამისა, თვით სიებში იყო გაურკვევლობა. მეანაბრეთა საბჭოს წევრთაგან წარმოდგენილმა ხუთკაციანმა კომისიამ სამი თვის მანძილზე წარმოადგინა შედარებით მიახლოებითი მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც მეანაბრეთა რაოდენობა შეადგენდა 3228 პირს, რომელთაც შეტანილი ჰქონდათ 1.406.461 დოლარი, აქედან გაცემული იყო 109.778 დოლარი. ამავე კომისიის დასკვნით, ა. ა-ს გასტუმრებული ჰყავდა 1402 მეანაბრე, რომლებსაც დაუბრუნა 493.691 დოლარი.

ჩატარებული გამოძიების შედეგად საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-ს თანხების დიდი ნაწილი ვალად ჰქონდა გაცემული. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, ქვეყანაში შექმნილი იმდროინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე დადასტურებულად ჩათვალა შეიარაღებული ფორმირება “მხედრიონის” მიერ ა. ა-საგან ფულის გამოძალვის ფაქტები, თუმცა ამ ფაქტებთან დაკავშირებით ,,მხედრიონიდან" არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ზემოთ მითითებულ გარემოებებს მისცა სამართლებრივი შეფასება და გააკეთა დასკვნა, რომ მეანაბრეთაგან აღებული ფული ა. ა-სა და სხვათა მიერ მითვისებული კი არ იყო თაღლითურად, არამედ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, არაკანონიერად მოხვდა სხვათა ხელში. ამ საფუძვლით საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა 1998წ. 10 აპრილს ა. ა-ს მიმართ, ხოლო 1999წ. 4 იანვარს საგამოძიებო დეპარტამენტის მთაწმინდის რაიონის განყოფილების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტების ა. ნ-სა და ი. ც-ს მიმართ, სსსკ-ს მე-5 მუხლის საფუძველზე შეწყვიტა საქმის წარმოება.

2000წ. 10 აგვისტოს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა ა. ა-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილება და განაახლა გამოძიება.

1999წ. 4 იანვარს ქ. თბილისის პროკურატურის მიერ გაუქმდა ა. ნ-სა და ი. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და განახლდა გამოძიება.

2000წ. 19 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო შს სამინისტროს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველომ. 2 ოქტომბერს საქმეზე ერთი თვით გაგრძელდა საგამოძიებო ვადა. ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხულ იქნენ მეანაბრეები, მოწმეები, მოპოვებულ იქნა ა. ა-ს მამხილებელი მთელი რიგი ახალი დოკუმენტები, გატარებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები ა. ა-ს ადგილსამყოფლის დასადგენად. 2000წ. 11 ოქტომბერს ა. ა-ს დაუსწრებლად წარედგინა სსკ-ს 153-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და გამოცხადდა ძებნა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. 2000წ. 12 დეკემბერს მას ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

2001წ. 18 აგვისტოს ა. ა. დაკავებულ იქნა. 21 აგვისტოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა _ დადასტურებულ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ.

გამოძიების პროცესში დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მათ ა. ა-საგან მიღებული ჰქონდათ თანხის ნაწილი დივიდენდების სახით და მოითხოვეს ა. ა-ს განთავისუფლება პატიმრობიდან იმ მიზნით, რომ მას გაეგრძელებინა დაწყებული ბიზნესი და თანდათანობით მეანაბრეთათვის გადაეხადა ვალი.

2001წ. 5 სექტემბერს ა. ა. დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით, დაკითხვისას მან განმარტა, რომ მას გარკვეული სამუშაოები აქვს ჩატარებული თურქეთის რესპუბლიკაში და უმოკლეს ხანში ფუნქციონირებას დაიწყებდა ნავთობტერმინალი, რითაც მას მიეცემოდა რეალური შესაძლებლობა მეანაბრეებისათვის ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ვალი.

2001წ. 7 სექტემბერს “ამიკოს” სამეთვალყურეო საბჭომ მოიწვია მეანაბრეთა საერთო კრება. საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება და შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას ა. ა-სათვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას მხარს უჭერდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები.

2001წ. 14 სექტემბერს საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ჯ-ს საჩივარი და ა. ა-ს აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა შეუცვალა ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. იმავე დღეს ა. ა. გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან.

2001წ. 17 სექტემბერს სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით მოწვეულ იქნა “ამიკოს” მეანაბრეთა საერთო კრება, რომელსაც 1250 მეანაბრის სახელით ესწრებოდა 188 წარმომადგენელი. კრებამ სხვა საკითხებთან ერთად განიხილა ა. ა-ს მოხსენება, რის შემდეგ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა, როგორც ქალაქის პროკურორის, ისე საგამოძიებო სამმართველოს წინაშე, რათა “ამიკოს” გენერალურ დირექტორ ა. ა-ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვეტილიყო, რათა ამ უკანასკნელს მისცემოდა საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გადაადგილებულიყო და ეწარმოებინა ბიზნესი და გაესტუმრებინა მეანაბრეთა ვალები, ხოლო, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოება შეიქმნებოდა, იტოვებდნენ უფლებას, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებს, მომავალში ედავათ სასამართლოში სამოქალაქო წესით.

გამოძიებამ გაიზიარა მეანაბრეების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ერთსულოვნად უცხადებდნენ ნდობას ა. ა-ს და 2001წ. 19 სექტემბერს გამოიტანა დადგენილება ა. ა-სა და სხვათა მიმართ ვითარების შეცვლის გამო სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2002წ. 1 ნოემბერს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მეანაბრეთა საჩივრის საფუძველზე გააუქმა ა. ადეიშვილისა და სხვათა მიმართ საქმის შეწყვეტის 2001წ. 19 სექტემბრის დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებად გადაუგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბერის განჩინებით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მითითებული დადგენილება დარჩა უცვლელად.

2003წ. 4 მარტს საქმეზე განახლდა გამოძიება.

2003წ. 19 მარტს ა. ა-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლ ა. შ-ს 2003წ. 2 აპრილის დადგენილებით სააქციო საზოგადოება კორპორაცია “ამიკოს” დამფუძნებლების: ა. ა-ს, ა. ნ-სა და ი. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ა. ა-ს მიმართ საქმე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გამომძიებელმა დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, 1994 წლიდან (მისი ძებნაში ყოფნის ვადის გამოკლებით) გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ 6 წელი და 5 თვე. აქედან გამომდინარე, გამომძიებელმა გააკეთა დასკვნა, რომ ა. ა-ს მიმართ გასული იყო მისი პასუხისგებაში მიცემის ვადა იმისდა მიუხედავად, თუ რომელიწ. სისხლის სამართლის კოდექსით მოხდებოდა ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია: მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, თუ 1960წ. კოდექსით, რადგან მოქმედი კოდექსის თანახმად თაღლითობის მეორე ნაწილი სასჯელის უმაღლეს ზომად ითვალისწინებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 1960წ. კოდექსი კი ითვალისწინებდა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. გამომძიებლის მოსაზრებით, ორივე შემთხვევაში გასულია ხანდაზმულობის ვადები. 1960წ. კოდექსის შესაბამისად 153-ე მუხლის მეორე ნაწილის მიმართ ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 5 წელი, ხოლო მოქმედი კოდექსის შესაბამისად ამავე მოქმედებისათვის ხანდაზმულობის ვადად გათვალისწინებულია 6 წელი.

აღნიშნული დადგენილება ზემოთ მითითებული საფუძვლით უცვლელად იქნა დატოვილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის დადგენილებით.

კასატორი _ სს კორპორაცია “ამიკოს” ახალი ალტერნატიული ჯგუფის წარმომადგენელი ზ. ი. ითხოვს საგამოძიებო სამმართველოსა და სასამართლოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილებების გაუქმებას და საქმეზე გამოძიების განახლებას. კასატორის მითითებით, ა. ა-ს, ა. ნ-სა და ი. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ს 153-ე მუხლის მეორე ნაწილით, მათი ქმედება დაკვალიფიცირებული უნდა იყოს სსკ-ს 94-ე მუხლის მეორე ნაწილით, კასატორის განმარტებით სსკ-ს 94-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და, გამომდინარე აქედან, შესაბამისად არ არის გასული ხანდაზმულობის ვადები.

პროკურორი გ. ძ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას. პროკურორის განმარტებით, სსკ-ს 71-ე მუხლის თანახმად პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. პროკურორის მითითებით, საქმის მასალების შესაბამისად, ა. ა-ს ძებნაში ყოფნის ვადის გამოკლებით, მისი მიერ ქმედების ჩადენიდან გასულია ექვს წელზე მეტი. პროკურორის მითითებით, მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ა. 1995წ. 5 აგვისტოდან მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება 1998წ. 10 აპრილამდე (1998წ. 10 აპრილს პირველად იქნა შეწყვეტილი საქმე), მაგრამ ა. ა-ს მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც მიმდინარეობს. პროკურორის მითითებით ა. ა-ს მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდა 1995წ. 5 აგვისტოს, როცა მის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 1996წ. 30 მაისს, როცა ის ნებაყოფლობით გამოცხადდა. პროკურორის განმარტებით, სსკ-ს 71-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას. ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორს _ სს კორპორაცია “ამიკოს” ახალი ალტერნატიული ჯგუფის წარმომადგენელ ზ. ი-ს, პროკურორ გ. ძ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ვ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენიდან ამ ქმედებისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კერძოდ კი _ სსკ-ს 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დადგენილი 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ა-მა, ა. ნ-მ და ი. ც-მ მათთვის წინასწარ გამოძიებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს 1994 წელს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1995წ. 6 ივლისს, იმავეწ. 5 აგვისტოს ისინი ბრალდებულის სახით იქნენ მიცემული პასუხისგებაში და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. 1996წ. 30 მაისს ა. ა. ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო დეპარტამენტში. ა ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა 1998წ. 10 აპრილს (საქმის წარმოების პირველი შეწყვეტა). სსკ-ს 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ზემოთ მითითებულიA ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 1994წ. 2 ივნისს, ე.ი. ქმედების ჩადენის დღიდან და მიმდინარეობდა მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე, ე.ი. 1995წ. 5 აგვისტომდე. 1995წ. 5 აგვისტოს ა. ა. მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და ამ მომენტიდან მის მიმართ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება. ამგვარად, 1994 წელს ა.ა-ს მიერ ჩადენილი ქმედებისათვის დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა 1995 წელს ა. ა-ს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. 1995 წლიდან საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, წარმოებს დოკუმენტთა გამოთხოვა და მათი შესწავლა, იკითხება მოწმეები, დაზარალებულები და ტარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქმეზე დამთავრდა 1998წ. 10 აპრილს. 1998წ. 10 აპრილს საქმის წარმოება შეწყდა. ამდენად, 1998წ. 10 აპრილიდან კვლავ დინებას იწყებს ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გრძელდება 2000წ. 10 აგვისტომდე. 2000წ. 10 აგვისტოს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა ა. ა-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილება და განაახლა გამოძიება. შესაბამისად, 2000წ. 10 აგვისტოდან შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება, დაიწყო გამოძიება, რომელიც დამთავრდა 2001წ. 19 სექტემბერს ისევ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტით. 2001წ. 19 სექტემბერიდან ისევ იწყებს დინებას ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გრძელდება 2002წ. 1 ნოემბერამდე. 2002წ. 1 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მეანაბრეთა საჩივრის საფუძველზე გააუქმა ა. ა-სა და სხვათა მიმართ საქმის შეწყვეტის 2001წ. 19 სექტემბრის დადგენილება და საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებად გადაუგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას. აღნიშნულის შემდეგ საქმეზე დღემდე გრძელდება სისხლის სამართალწარმოება. როგორც მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, ა. ა-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე, გასულია არა ექვსი წელი და ექვსი თვე, არამედ მხოლოდ ხუთი წელი და ცამეტი დღე. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 71-ე მუხლის მესამე ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას და ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან, ისე უნდა იქნეს გაგებული, რომ მას შემდეგ, რაც ძებნილი და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული ა. ა. გამოცხადდა ბრალის აღიარებით გამომძიებელთან, დინებას იწყებს ხანდაზმულობის ვადა და იგი მიედინება გამოძიების ვადასთან ერთად. აღნიშნული არასწორია და არ გამომდინარეობს სსკ-ს 71-ე მუხლიდან. სსკ-ს 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დღიდან. თუ დანაშაულის განხორციელების დღიდან პირი არ იქნა მიცემული ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ხანდაზმულობისათვის კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში, არ დაიშვება ამ პირის სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება. საქმის მასალების თანახმად, ა. ა. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე არის მიცემული პასუხისგებაში და უშუალოდ მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ამდენად, იმ პერიოდებში, როდესაც ა. ა-ს, როგორც ბრალდებულის მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება, შეწყვეტილია ხანდაზმულობის ვადის დინება. პალატა თვლის, რომ სსკ-ს 71-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას და ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან, შეეხება იმ პირებს, რომლებიც არ არიან მიცემული ბრალდებულის სახით პასუხისგებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არასწორად იქნა შეწყვეტილი ა. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. პალატას ასევე მიაჩნია, რომ არასწორია საქმის წარმოების შეწყვეტა ა. ნ-სა და ი. ც-ს მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან გამოძიებას საქმის შეწყვეტის დადგენილებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად მოჰყავს ა. ა-ს ჩვენებები, სხვა მტკიცებულებებს შეფასება არა აქვს მიცემული. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის პროკურატურის 2003წ. 12 აპრილის დადგენილება ა. ა-სა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე და საქმე გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნოს გენერალურ პროკურატურას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის PPპირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის პროკურატურის 2003წ. 12 აპრილის დადგენილება ა. ა-სა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე, ასევე ამავე სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის კერძო დადგენილება და საქმე გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნოს გენერალურ პროკურატურას.