დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 160-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გვენეტაძე
განიხილა ლ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 თებერვალს ლ. თ-მა განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ პროკურატურას ნ. ც-ს მიერ ჩვილი ბავშვის გაყიდვის ფაქტზე და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მის მიმართ.
მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ც-ს მიერ ახალშობილის გაყიდვას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ყვარლის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა თ. ჭ-მა 2002წ. 8 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ყვარლის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 3 ივლისს არ დააკმაყოფილა ლ. თ-ს საჩივარი ზემოთ ხსენებული დადგენილების გაუქმების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით ლ. თ. ითხოვს მოკვლევისა და სასამართლო დადგენილებების გაუქმებას, მასალების ყვარლის რაიონული პროკურატურისათვის გადაცემას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
საჩივარში მითითებულია, რომ მოკვლევამ ობიექტურად არ გამოიკვლია მის განცხადებაში მითითებული გარემოებები, რომლებიც ეხებოდა ნ. ც-ს მიერ ბავშვის უკანონოდ გასხვისების ფაქტს. მისი აზრით, პროკურატურამ და სასამართლომ გამოიტანეს დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილებები.
საკასაციო პალატის სხდომაზე ყვარლის რაიონული პროკურორის თანაშემწე ს. ო-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნა, რომ ყვარლის რაიონულ პროკურატურაში ლ. თ-ს განცხადების შემოწმების მიზნით ჩატარდა სრულყოფილი და ობიექტური მოკვლევა. მოკვლევის მასალებზე პროკურატურის გამომძიებელმა მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
ს. ო-მა მოითხოვა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება უნდა გაუქმდეს და ლ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:
მოკვლევით გამოირკვა, რომ ნ. ც. 1998წ. 28 სექტემბრიდან ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ა. მ-თან. 1999წ. თებერვალში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემდეგ ა. მ-მა მიატოვა ნ. ც. და წავიდა რუსეთში, ქ. ასტრახანში საცხოვრებლად. ნ. ც. ა. მ-საგან დარჩა ფეხმძიმედ და იმავე წლის 6 ივნისს ყვარლის რაიონის საავადმყოფოში შეეძინა გოგონა. მოკვლევამ დაადგინა და ნ. ც-მაც არ უარყო, რომ მან ახალშობილი სამშობიაროდან გაყვანის შემდეგ გააშვილა უცნობ პირზე. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ა. მ-ს დედამ _ ც. მ-მაც.
ლ. თ-ს განცხადება, რომ ნ. ც-მა ბავშვი გაყიდა და მიიღო გამორჩენა, მოკლვევის დროს არ დადასტურდა. მოკვლევამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ც-მა, მართალია, წესების დარღვევით გააშვილა ბავშვი, მაგრამ იგი არ გაუყიდია. ამდენად, არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, რის გამოც 2003წ. 8 ოქტომბერს ყვარლის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ თ. ჭ-ს მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 15 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან ან სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ. თ. არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა პროკურატურის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ის არ არის არც დაზარალებული და არც სხვა დაინტერესებული პირი, რომლის უფლებებიც დაირღვა. მას მხოლოდ განცხადებით მიმართვის უფლება ჰქონდა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოსათვის, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება არა.
სსკ-ის 269-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ყვარლის რაიონულ სასამართლოს არ უნდა განეხილა ლ. თ-ს საჩივარი ყვარლის რაიონული პროკურატურის 2002წ. 8 დეკემბრის დადგენილების კანონიერების შესახებ.
ამდენად, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. თ-ს საჩივარი ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ თ. ჭ-ს 2002წ. 8 დეკემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ, უნდა გაუქმდეს.
ლ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. თენოშვილის საჩივარი ამავე რაიონული პროკურატურის გამომძიებელ თ. ჭ-ს 2002წ. 8 ოქტომბრის დადგენილების გაუქმების შესახებ, გაუქმდეს. ლ. თ. კერძო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.