განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 09.09.2003
საქმის ნომერი
2კ-162დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 162-დად 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული დ. ა. 1 წლის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.

აღწერილობითი ნაწილი:

მსჯავრდებული დ. ა. მსჯავრდებულ იქნა ხონის რაიონული სასამართლოს 1993წ. 21 ივნისის განაჩენით სსკ-ის 203-ე მუხლის I ნაწილით, 238-ე მუხლის II ნაწილით, 151-ე მუხლის III ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V ქვეპუნქტებით, 252-ე მუხლის IV ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 1993წ. 29 იანვრიდან. სასჯელის დასასრულია 2007წ. 29 იანვარი. ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2003წ. 7 ივნისიდან.

ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის დ. ა. ორჯერ იყო გადაყვანილი საპრყრობილეში. დისციპლინური ღონისძიების მოხდის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა, რის გამოც მის მიმართ სამჯერ იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები. 2003წ. 18 ივნისს ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა, ადმინისტრაციულ კომისიასთან შეთანხმებით, წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ დ.ა-ს ერთი წლით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი ხასიათდება უარყოფითად, არის აგრესიული, რამდენჯერმე იყო დასჯილი შინაგანაწესისა და სარეჟიმო მოთხოვნების სისტემატური დარღვევისათვის.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის დადგენილებით წარდგინება დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დ. ა-ს 11 თვის ვადით საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე.

მსჯავრდებული დ. ა. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს. პროკურორის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მსჯავრდებულ დ. ა-ს შეუცვალა რა რეჟიმის პირობები, მაგრამ დ. ა-ს მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევათა ხასიათიდან გამომდინარე, პროკურორმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს საპყრობილეში მოთავსების ვადა უნდა შეუმცირდეს ექვს თვემდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, დ. ა-ს ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, მისი ქცევისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის ორჯერ შეეცვალა რეჟიმის პირობები. იგი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ორჯერ იყო გადაყვანილი საპყრობილეში. დისციპლინური ღონისძიების მოხდის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა, რის გამოც დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მის მიმართ სამჯერ იქნა გამოყენებული დისციპლინარული ღონისძიებები. მას ამავე დეწესებულების ფარგლებში რეჟიმის პირობები სამჯერ შეეცვალა. ქსნის ¹7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორისა და ადმინისტრაციული კომისიის დახასიათების შესაბამისად დ. ა. არის აგრესიული, იგი უარყოყით ზეგავლენას ახდენს სხვა მსჯავრდებულებზე, ხშირად არღვევს სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესს, მიუხედავად მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომებისა, იგი კვლავ აგრძელებს სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე კანონიერია. პალატა, იმის გათვალისწინებით, რომ საპყრობილეში მსჯავრდებული არ შეიძლება მოთავსდეს ერთ წელზე მეტი ვადით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ საპყრობილის პირობები ბევრად უფრო მკაცრია სხვა რეჟიმის დაწესებულების პირობებზე, ასევე დ.აბზიანიძის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევათა ხასიათის გათვალისწინებით, თვლის, რომ დ.ა-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა – თერთმეტი თვე – უნდა შემცირდეს ექვს თვემდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული დავით აბზიანიძე 1 წლის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში, შეიცვალოს დ. აბზიანიძის სასიკეთოდ: დ. აბზიანიძის საპყრობილეში მოთავსების ვადა – თერთმეტი თვე – შემცირდეს ექვს თვემდე.