საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 175-აპ 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ. ო. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის კოდექსის მე-19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის _ მოქალაქე ს. ა-ს გაუპატიურების მცდელობის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით გ. გ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. გ. ო-მ ჩაიდინა დაზარალებულ ს. ა-ს გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი, სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2000წ. 7 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა გ. გ. ო-მ განიზრახა თავისი მეზობლის, ს. ა-ს, გაუპატიურება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე ღამეს, დაახლოებით 1 საათზე, მან შეაღწია ს. ა-ს სახლში, სადაც ამ უკანასკნელის გარდა იმყოფებოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები და მისი არასრულწლოვანი და ქ. ა., რომლებსაც ეძინათ. მსჯავრდებული გ. გ. ო. მივიდა დაზარალებულ ს. ა-ს საწოლთან, თმებზე ხელი გადაუსვა, თან ფარანი მიანათა. ს. ა-ს გამოეღვიძა და შეშინებულმა დაიყვირა. გ. გ. ო-მ, რომელსაც მეორე ხელში დანა ეჭირა, მუქარით უთხრა მას, რომ გაჩერებულიყო და სქესობრივ კავშირზე დათანხმებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. ამის შემდეგ მან იქვე დააგდო ფარანი და დანით ხელში კვლავ დაემუქრა ს. ა-ს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევის მიზნით უეცრად წამოდგა ფეხზე და გ. გ. ო-ს დანაზე ხელი უტაცა, რა დროსაც ს. ა-ს ხელი გაეჭრა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მსჯავრდებულმა გ. გ. ო-მ დაზარალებულ ს. ა-ს წინააღდეგობის დაძლევისა და გაუპატიურების მიზნით ხელი ჰკრა და დააგდო კვლავ საწოლზე, რა დროსაც ცდილობდა მისთვის პერანგისა და ტრუსის გახდას, თან მკერდსა და სხეულზე ხელს უსვამდა და ისევ ემუქრებოდა დანით. ფიზიკური ძალადობისას ს. ა-ს გაეხა პერანგი. იგი კვლავ ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, განაგრძნობდა ყვირილს და წინააღმდეგობის გაწევას, რისთვისაც გ. გ. ო-მ მას ყელში წაუჭირა ხელი. ამ დროს ამავე ოთახში მყოფმა, ხმაურზე გამოღვიძებულმა ქ. ა-მ ყვირილი დაიწყო, რაზედაც გ. გ. ო. შეშინდა და იძულებული გახდა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო. ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო გ. გ. ო-მ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა გ. გ. ო-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
საკასაციო საჩივარზე შესაგებლები შეიტანეს თელავის რაიონული პროკურორის თანაშემწემ ზ. ჯ-მა და დაზარალებულმა ს. ა-მ, რომლებიც ითხოვენ გ. გ. ო-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულმა გ. გ. ო-მ და მისმა დამცველებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულ ს. ა-ს დამცველმა თ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა უარი თქმოდა მსჯავრდებულს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. გ. ო. თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ 2000წ. 27 დეკემბერს, ღამით, იგი არ შესულა დაზარალებულ ს. ა-ს ბინაში და არ ჩაუდენია მისი გაუპატიურების მცდელობა. იგი მიუთითებს, რომ ამ დროს იგი იმყოფებოდა თავის ახლო ნათესავებთან, რომლებსაც იმ დღეს ეხმარებოდა მშენებლობაში, ხოლო ს. ა. მას იმიტომ სდებს ბრალს, რომ აქვს მის მიმართ პირადი დაინტერესება, რაც გამომდინირეობს წარსულში მათ ნათესავებს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ასეთ პოზიციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ალიბი და თავის მართლების სხვა მოტივები არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამასთან, არა მარტო თვით დაზარალებულის, არამედ მომხდარი ფაქტის თვითმხილველი მოწმეების: ქ. ა-სა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მითითებულ დროს, ღამით, ნამდვილად გ. გ. ო. იმყოფებოდა ს. ა-ს საწოლ ოთახში და ძალის გამოყენებითა და მუქარით ცდილობდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ვერ განახორციელა თვით დაზარალებულის მხრივ აქტიური წინააღმდეგობისა და სხვა პირების იქ ყოფნის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს მიმართ გამოტანილი განაჩენები მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის საფუძვლიანი და დასაბუთებული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო არსებობს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: ის პირველად არის სამართალში მიცემული, მისი წარსული ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მისი დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე, ხოლო იმას, რაც მან ფაქტობრივად ჩაიდინა, არ გამოუწვევია დაზარალებულისათვის მძიმე შედეგები, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით მას შეიძლება ჩაეთვალოს პირობით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით. პალატის აზრით, ამ მიმართებით შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენში მსჯავრდებულის სასარგელოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პრველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წის 23 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს სასამართლოს მიერ მის მიმართ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით _ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.
მსჯავრდებულ გ. გ. ო-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა გაუქმდეს.
განაჩენის აღსრულებასა და მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვთ.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება სააბოლოოა და არ საჩივრდება.