საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.09.2003
საქმის ნომერი
2კ-175დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 175-დად 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება კ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის განაჩენით კ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული კ. კ. შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით და მოსახდელი დარჩა 4 წელი და 8 თვე.

კ. კ. სასჯელს იხდის 1999წ. 28 დეკემბრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2004წ. 30 აგვისტოს.

2003წ. 29 ივნისს, სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ, რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა კ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული კ. კ. ითხოვს მითითებული დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს.

პროკურორი ო. რ. არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ კ. კ-ს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, თანახმად სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს შეუძლია პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კ. კ., რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე ნასამართლევია, არ ადგას გამოსწორების გზას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დროისათვის მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 1 წელი, 1 თვე და 9 დღე, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება კ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.