საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-178აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 178-აპ 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ ჯ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 მარტის განაჩენი თ. ნ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით თ. ნ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2002წ. 17 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. ქუთაისში, სულხან-საბას გამზირის ¹45 საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან დროებითი გამოყენების მიზნით გაიტაცა მ. ძ-ს კუთვნილი ავტომანქანა ვაზ-21011, სულხან-საბას გამზირით გაემართა გუგუნავას ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის თ. ნ. ცნობილია დამნაშავედ სსკ-ს 184-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ჯარიმა _ 300 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ თ. ნ-სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება ჩანადენის სიმძიმეს და აშკარად მსუბუქია. საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: მსჯავრდებულ თ. ნ-ს მიერ ჩადენილი საშიში დანაშაული გავრცელებულია ქვეყნის მასშტაბით. დროულად რომ არ მომხდარიყო მისი დაკავება, შესაძლებელი იყო დაზარალებულისათვის მიეყენებინა მნიშვნელოვანი მატერიალური ან მორალური ზიანი. მას იმავე ხერხით და მეთოდით აქვს ჩადენილი ანალოგიური დანაშაული, რითაც საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას წარმოადგენს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. პროკურორმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული თ. ნ. იძულების წესით გააჩერეს პოლიციის მუშაკებმა და აიძულეს დანებებოდა მათ. თ. ნ. ადრე ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის იყო მსჯავრდებული და მისჯილი ჰქონდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად ის არ იმსახურებდა სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, რადგან ასეთი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის გამოსწორებას.

მსჯავრდებული თ. ნ. პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სხდომის დღე და მისი გამოუცხადებლობის გამო ორჯერ იქნა საქმის განხილვა გადადებული.

მსჯავრდებულ თ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე თ. ნ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ თ. ნ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად უსამართლო, როგორც მსუბუქი. კერძოდ, მართალია, მსჯავრდებულ თ. ნ-ს ადრინდელი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და არ შეიძლება მიეცეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული განაჩენის შინაარსიდან ჩანს, რომ თ. ნ-ს ადრეც ანალოგიური ხერხით და მეთოდით ჰქონდა ავტომანქანა გატაცებული, რისთვისაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, რაც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო პიროვნების მახასიათებელი გარემოებების დადგენისას.

პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ, რაც თ. ნ-მა მოახდინა ავტომანქანის გატაცება და ეს ფაქტი ცნობილი გახდა პოლიციის მუშაკებისათვის, რომლებმაც წინადადება მისცეს გაეჩერებინა ავტომანქანა, იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და ჩქარი სვლით ცდილობდა გაქცევას. პოლიციის მუშაკები იძულებული გახდნენ ჯერ ჰაერში განეხორციელებინათ გამაფრთხილებელი სროლები, ხოლო შემდეგ კი დაეცხრილათ ავტომანქანის საბურავები, რის შემდეგ იძულების წესით მოახდინეს თ. ნ-ს დაკავება. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს ამ გარემოებებისთვისაც უნდა მიეცა სათანადო შეფასება.

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯარვდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ნ-ს მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ ჯარიმა _ თავისი სახით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა, რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახალი განხილვისას თუ კი დადგინდება იგივე გარემოება რაც სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, მაშინ სასჯელი უნდა იქნეს გამკაცრებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განაჩენი თ. ნ-ს მიმართ გაუქმდეს, შეფარდებული სასჯელის აშკარა სიმსუბუქის გამო და საქმე ხელახლა განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.