საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.09.2003
საქმის ნომერი
2კ-179აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 179-აპ 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა თბილისის პროკურატურისა და ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. განაჩენზე, რომლითაც ვ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.), 23,339-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის განაჩენით ვ. პ. მსჯავრდებულ იქნა სსკ-ს 23,339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.) და შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. განაჩენით ზემოთ მითითებულ განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ. ვ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.), 23,339-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ერთი წლისა და ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით.

ვ. პ-ს მსჯავრი დაედო შემდეგისათვის: 1998წ. ნოემბერში მან და ლ. ჩ-მ ჩამოაყალიბეს შპს “ლორდი”, რომლის დირექტორად დაინიშნა ლ. ჩ., ხოლო მოადგილედ _ ვ. პ.. საზოგადოების წესდების მიხედვით “ლორდის” საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო მოქალაქეთა ტურისტული მომსახურება საზღვარგარეთის ქვეყნებში. შპს “ლორდის” შესახებ ცნობილი გახდა მოქალაქეების: დ. გ-ს, თ. გ-ს და ლ. ი-სათვის, რომლებსაც სურდათ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. ვ. პ-მა და ლ. ჩ-მ, წინასწარი შეთანხმებით, თაღლითური გზით განიზრახეს სხვისი ქონების დაუფლება და კლიენტებს: დ. გ-ს, თ. გ-ს და ლ. ი-ს განუცხადეს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში გაუკეთებდნენ ვიზებს და გაუშვებდნენ შვეიცარიაში, სადაც დაასაქმებდნენ კოტეჯების მოვლით _ თვეში 2000 აშშ დოლარის ანაზღაურებით, რისთვისაც თითოეულს უნდა გადაეხადა 2500 აშშ დოლარი. მათ დ. გ-ს, თ. გ-ს და ლ. ი-ს ასევე განუმარტეს, რომ 500 აშშ დოლარი სჭირდებოდა ვიზების გაკეთებას, საიდანაც თანხის ნაწილი ქრთამის სახით უნდა გადაეცათ გერმანიის საელჩოს თანამდებობის პირებისათვის, დანარჩენ 2000 აშშ დოლარს კი გადაიხდიდნენ გამგზავრების წინ.

დაზარალებულებმა დაუჯერეს რა ვ. პ-ს და ლ. ჩ-ს, თითოეულმა მათგანმა გააფორმა ხელშეკრულება და მათ გადასცა 500 აშშ დოლარი და პასპორტი.

ვ. პ-მა და ლ. ჩ-მ დანაპირები არ შეასრულეს, რის გამოც, ფულის გადაცემიდან ორი თვის შემდეგ, დ. გ-მა, თ. გ-მა და ლ. ი-მა თვითონ მიიტანეს პასპორტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში ვიზების მისაღებად. მათთან ერთად იყვნენ ვ. პ. და ლ. .ჩ. რომლებიც დაზარალებულებს ეუბნებოდნენ, რომ საელჩოში უკვე გადახდილი იყო თანხა. დ. გ-სა და თ. გ-ზე ვიზები გაიცა, ხოლო ლ. ი-ს უარი ეთქვა. მათ ლ. ი-ს დაუბრუნეს 200 აშშ დოლარი და თან განუმარტეს, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამდებობის პირებისათვის გადასაცემად.

ვინაიდან საბოლოოდ დაზარალებულების საზღვარგარეთ გამგზავრება და დასაქმება ვერ მოხერხდა და დაზარალებულები დარწმუნდნენ, რომ მოატყუეს, ისინი მივიდნენ ვ. პ-თან და მოსთხოვეს ფულის უკან დაბრუნება. მათ ფული უკან არ დაუბრუნეს და მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით მიღებული 1300 აშშ დოლარი მიითვისეს და მიიმალნენ.

კასატორი თბილისის პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ლმობიერების მოტივით. საკასაციო საჩივრის თანახმად სასამართლოს მიერ ვ. პ-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. საკასაციო საჩივრის თანახმად საქმეში არ არსებობდა რაიმე საფუძველი, რომ სასამართლოს ვ. პ-ს მიმართ გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების მოტივით განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნება.

კასატორმა, ვ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა მხარი არ დაუჭირა პროკურატურის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ვ. პ-ის გამართლება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება ვ. პ-ს ბრალეულობა.

მსჯავრდებულმა ვ. პ-მა მხარი არ დაუჭირა პროკურატურის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება მის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორებს, პროკურორ ე. ქ-ს, ადვოკატ ზ. რ-ს, მსჯავრდებულ ვ. პ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურისა და ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს პროკურატურის საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ არსებობდა რაიმე საფუძველი, რომ მსჯავრდებულ ვ. პ-ს მიმართ გამოყენებულიყო პირობითი მსჯავრი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურატურის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ. პ-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ვ. პ-სათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ. პ. პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი, დაზარალებულებს ზიანი მთლიანად აუნაზღაურა, ვ. პ-ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ. პ-ს ბრალეულობას. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ვ. პ-ს ბრალეულობა დადგენილია რაიონულ სასამართლოში მიცემული მისივე აღიარებითი ჩვენებებით, სადაც იგი განმარტავს, თუ როგორ დაარწმუნეს მან და ლ. ჩ-მ დაზარალებულები: დ. გ., თ. გ. და ლ. ი. საზღვარგარეთ წასასვლელად გადაეხადათ მათთვის თანხა, მათ შორის 500 დოლარი, ქრთამისათვის, რაც გერმანიის საელჩოს თანამშრომლებისათვის იყო საჭირო. მისი აღიარებითი ჩვენებების სარწმუნოება დადგენილია დაზარალებულების: დ. გ-ს, თ. გ-ს და ლ. ი- ჩვენებებით, რომელთაც ანალოგიური ჩვენებები მისცეს და ასევე დაადასტურეს, რომ ვიზების მიღებისას გერმანიის საელჩოში მათთან ერთად იყო მსჯავრდებული ვ. პ., რაც ვ. -საც არ უარუყვია.

საქმის მასალების შესწავლისას პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. პ-სა და ლ. ჩ-ს ქმედება არასწორად იქნა დაკვალიფიცირებული სსკ-ს 23, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. როგორც საქმის მასლებით არის დადგენილი, მათ დაზარალებულებს: დ. გ-ს, თ. გ-ს და ლ. ი-ს ნამდვილად მოსთხოვეს 500-500 დოლარი გერმანიის საელჩოს თანამშრომლებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად. საქმის მასალებით ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულები ამ თანხის გადაცემას ქრთამის სახით არავისთვის აპირებდნენ და არც გადაუციათ, მათ თანხის მოთხოვნის მომენტშივე იცოდნენ, რომ ატყუებდნენ დაზარალებულებს და აღნიშნულ თანხებს არავის მისცემდნენ და თვითონ დაეუფლებოდნენ. ამდენად, მსჯავრდებულებს ლ. ჩ-ს და ვ. პ-ს დაზარალებულთა ფულის დაუფლებისას არ ჰქონიათ თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის განზრახვა და, აქედან გამომდინარე, მათი მოქმედებით ვერ განხორციელდებოდა სსკ-ს 23, 339-ე მუხლის შემადგენლობა _ ქრთამის მიცემის წამქეზებლობა. სსკ-ს 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის მიზნით დაფუძნებული დელიქტი. ამსრულებლის განზრახვის გარეშე _ ქრთამი მისცეს მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს _ არ არსებობს ამ დანაშაულის შემადგენლობა. მსჯავრდებულებს ლ. ჩ-ს და ვ. პ-ს არ ჰქონიათ ასეთი განზრახვა, მათ, მართალია, დაზარალებულები დაარწმუნეს, რომ თანხა ესაჭიროებოდათ ქრთამის მისაცემად, მაგრამ აღნიშნული მათ გამოიყენეს მხოლოდ ფულის თაღლითური გზით მისაკუთრების ხერხად. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს ლ. ჩ-ს და ვ. პ-ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოთ სსკ-ს 23, 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდება ქმედების შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებას თაღლითობისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ. სსკ), სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად. ასევე უცვლელად უნდა დარჩეს მსჯავრდებულთათვის საბოლოოდ შეფარდებული სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ეA მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის პროკურატურის, მსჯავრდებულ ვ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. განაჩენი, რომლითაც ვ. პ. და ლ. ჩ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ.) და 23,339-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს ლ. ჩ-ს და ვ. პ-ს ბრალდებიდან ამოერიცხოთ სსკ-ს 23, 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდება ქმედების შემადგენლობის არარსებობის გამო.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.