კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.09.2003
საქმის ნომერი
2კ-179დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 179-დად 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ კ. ს-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განაჩენით კ. სმირნოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 260-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის განაჩენი კ. ს-ს მიმართ.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 12 ნოემბრიდან.

ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს კ. ს-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ კ. ს-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული კ. ს. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, მოხდილი აქვს სასჯელის 2/3, არის ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, პატიმრობის პერიოდში გარდაეცვალა დედა და ძმა, ჰყავს პენსიონერი მამა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ კ. ს-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა კ. სმირნოვმა სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 12 ივლისს. ¹5 საპყრობილეში სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული კ. ს. დასჯილია ორჯერ, რაც შემდგომში გაქარწყლებულ იქნა “პატიმრობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლისა და იუსტიციის მინისტრის 2000წ. 29 დეკემბრის ¹139 ბრძანებით. იმავე ბრძანებით მას გამოეცხადა მადლობა. ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულებაში კ. ს. სასჯელს იხდის 2003წ. 4 იანვრიდან. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და აქტიურად მონაწილეობს დაწესებულების საერთო საქმიანობაში, რისთვისაც წახალისებულია ერთხელ. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არის ავადმყოფი, დაავადებულია ქრონიკული “ჩ” ჰეპატიტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე , 568-ე და 610-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული კ. ს. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.