საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 201-აპ 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს განაჩენი გ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 2 თვით და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გასაღება.
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით.
ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. გ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა უცხოური წარმოების 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტი 4 საბრძოლო ვაზნით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2001წ. 4 მარტს გ. გ. ხონის რაიონის სოფ. ძეძილეთის ტერიტორიაზე, ე.წ. “გელავერის” აღმართთან, შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ სამ პირს, რათა სისრულეში მოეყვანათ თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა, რაც გულისხმობდა ლენტეხი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დაახლოებით 12 საათზე მათ მიუახლოვდათ “ფორდ-ტრანზიტის” მარკის, ყვითელი ფერის მიკროავტობუსი. ოთხივემ სახეზე აიფარა ნიღაბი და იარაღის დემონსტრირებითა და ჰაერში ერთჯერადი გასროლით აიძულეს მძღოლი, გაეჩერებინა ა/მანქანა. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით მოსთხოვეს მგზავრებს, გადაეცათ მათთვის ფული და ფასეულობანი. გ. გ-მ კი მიკროავტობუსი წაიყვანა წყალტუბოს მიმართულებით, გადაიყვანა დაუსახლებელ ადგილზე, სადაც მგზავრებს მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა. ბოროტმოქმედებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დაზარალებულთა კუთვნილი ფასეულობანი და ფული. სულ მათ გაიტაცეს 4609 ლარის ქონება.
გ. გ-მ ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა 5,45 მმ კალიბრის 86 საბრძოლო ვაზნა, რომელიც შეინახა თავისი სიდედრის _ ზ. ჯ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ... ქ. ქუთაისში. 2001წ. 21 აპრილს გ. გ-მ ქ. ქუთაისის ცენტრალური პარკის ერთ-ერთ სკამზე იპოვა ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”, რომლის ნაწილი მოიხმარა, ხოლო ნაწილი შეინახა ჯიბეში. დაახლოებით 17 საათზე გამოვიდა ბაღიდან, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გ. გ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდაა მსჯავრდებული.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა საპროცესო ნორმების დარღვევით; უტყუარად არ ყოფილა დადგენილი მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი; ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით; საერთოდ არაა ახსნილი, თუ რაში გამოიხატა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა ან გასაღება. ადვოკატმა დ. ს-მ იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ყველა ეპიზოდი. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ: სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში წარმოებით შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით არაა დადგენილი, თუ რაში გამოიხატა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა ან გასაღება. ამის შესახებ სააპელაციო პალატის განაჩენში საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა, მხოლოდ ზოგადაა მითითებული, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა და გასაღება, მაგრამ რა ტიპის იარაღი გაასაღა ან გადაზიდა, ამის თაობაზე განაჩენში არაა მითითებული. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდში განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე _ შეწყდეს.
რაც შეეხება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა _ ტარების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცების ფაქტებს, საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი და ამის თაობაზე არსებულ დამამტკიცებელ საბუთებზე განაჩენში სათანადოდ არის მითითებული, რაც გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. საჩივრის ასეთი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს გ. გ-ს მიერ დაყენებული საკითხები და მისცეს სათანადო შეფასება.
პალატა თვლის: ვინაიდან სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის გამო გარკვეულწილად შემცირდა მსჯავრდებულ გ. გ-ს ბრალის მოცულობა, ამიტომ მას სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის განაჩენში გ. გ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: განაჩენი სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე შეწყდეს.
მსჯავრდებულ გ. გ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 2 თვითა და 14 დღით.
სხვა ნაწილში განაჩენში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.