განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.09.2003
საქმის ნომერი
2კ-202აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 202-აპ 16 სექტემბერი, 2003წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 260-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

ა.დ. 2003წ. 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსკ-ს 260-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ა.დ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

ა.დ-მ 2003წ. თებერვლის თვეში ქ. ბათუმში, ცენტრალური ბაზრის წინ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა გამოძიებით დაუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება _ “გამომშრალი მარიხუანა”. ნაწილი მოიხმარა მარტის თვის დასაწყისში, დარჩენილი ნაწილი კი პირადი მოხმარების მიზნით შეინახა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე – საძინებელ ოთახში მდგარი კარადის უჯრაში. 2003წ. 5 აპრილს ა. დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებულ იქნა სამ უჯრედიანი რვეულის ფურცელში სამ ცალად შეფუთული, საერთო წონით – 20,382 გრამი ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა”.

კასატორი მსჯავრდებული ა.დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩეის მის სასიკეთოდ შეცვლას და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ა.დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ.გ-მა მოითხოვა ა.დოლიძის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება იმ საფუძვლით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ნანობს დანაშაულის ჩადენას. იგი პირველადაა სამართალში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, ხანდაზმული მშობლები. ოჯახს მის მეტი მარჩენალი არ ჰყავს.

პროკურორმა ბ.გ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და ისე შეუფარდა სასჯელი. პროკურორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ ა.დ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ თ.გ-ს, პროკურორ ბ.გ-ს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ა.დ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების – 20,382 გრამი გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვისათვის. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებისათვის იწყება 5 გრამიდან, 5 გრამი გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობას, დიდ ოდენობად კი ითვლება 500 გრამი. საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგენილია, რომ მსჯავრდებული 1993-1995 წლებში იყო ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მომხმარებელი. 1995 წლიდან კი თავს იკავებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაგან და დღეისათვის ის არის ნარკომანი რემისიის სტადიაში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული საქმის წარმოების მთლიან პროცესში გულწრფელად აღიარებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობდა საქმის სწრაფად გამოძიებასა და მისი განხილვის დამთავრებას. მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მეზობლები მას დადებითად ახასიათებენ. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ორი არასრულწლოვანი და ერთი მცირეწლოვანი შვილი, ასევე ავადმყოფი დედა. დაპატიმრებამდე იგი მუშაობდა ბათუმის ცენტრალურ ბაზარში. ყოველივე აღნიშნულისა და ასევე მისი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა.დ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ს 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ს 63-64-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის განაჩენი, რომლითაც ა.დ. მსჯავრდებულ იქნა სსკ-ს 260-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ. ა. დ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა – პირობით არ იქნეს გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 წელი.

აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდეს და ა.დ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

ა.დოლიძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.