საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 18.09.2003
საქმის ნომერი
2კ-206დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 206-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც კ. გ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. გ-ს ვანის რაიონის სასამართლოს 1997წ. 25 თებერვლის განაჩენით სსკ-ს 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით და სხვა მუხლებით შეფარდებული ჰქონდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა კ. გ-ს დაეწყო 1996წ. 19 ოქტომბრიდან, იგი ამჟამად სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 საპყრობილეში.

2003წ. 20 ივლისს ¹1 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს კ. გ-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

წარდგინება სასამართლომ განიხილა 2003წ. 13 აგვისტოს და თავისი დადგენილებით არ დააკმაყოფილა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. გ. ითხოვს მის პირობით ვადამდე გათავისუფლებას, მიუთითებს, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არ ყოფილა დასჯილი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, შეფარდებული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი აქვს 2 წელზე მეტი, ამ ეტაპზე მიზანშეუწონილია მისი პირობით ვადამდე გათავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს დადგენილება რომლითაც კ. გ-ს უარი ეთქვას პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.