საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 212-აპ 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა პროკურორ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის განაჩენი ნ. ქ-სა და მ. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის განაჩენით მიესაჯათ: ნ. ქ-ს საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. მ-ს საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ნ. ქ. და მ. მ. გამართლდნენ სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 23 ივნისის განაჩენით ნ. ქ-ს სასჯელი შეუმცირდა 7 წლამდე. მ. მ-ს მიმართ განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით მათ მსჯავრი დაედოთ ავტომობილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისათვის მისი დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 22 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, მსჯავრდებულებმა ნ. ქ-მ და მ. მ-მა ნაძალადევის რაიონში გააჩერეს კერძო ტაქსი, რომელსაც მართავდა ი. მ.. მძღოლმა, მათი წინადადებით, ისინი წაიყვანა სვანეთის უბანში, კუკიის სასაფლაოსთან. მითითებულ ადგილზე მისვლისას ნ. ქ-მ მძღოლს მიაბჯინა ყელში დანა და იგი იძულებით გადასვეს გვერდით საჯდომზე. დროებითი გამოყენების მიზნით მსჯავრდებულები დაეუფლნენ რა ავტომანქანას, საჭესთან დაჯდა მ. მ. და ისინი წავიდნენ ჩიტიძის ქუჩისკენ. ვინაიდან მ. მ. ცუდად მართავდა ავტომანქანას, იგი შეცვალა ნ. ქ-მ. “მალაკნების” ხიდთან ნ. ქ-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი მართვა, ავარდა ბორდიურზე, რის შემდეგაც იგი შეეჯახა იქ მდგომ ავტომანქანას და გაჩერდა. მასჯავრდებულები პოლიციელებმა დააკავეს.
საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. Hრ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის სააპელაციო პალატაში დაბრუნებას.
საჩივარში იგი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამართლა მსჯავრდებულები სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. პროკურორის მტკიცებით, მსჯავრდებულებმა ყაჩაღური თავდასხმით გაიტაცეს დაზარალებულის ავტომანქანა, მძღოლს კი გასტაცეს 10 ლარი.
მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ. ა. შესაგებელში მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ტ. ა-მ და მსჯავრდებულმა მ. მ-მა მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.
სახელმწიფო ბრალდების მხრადამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის განაჩენი ნ. ქ-ს და მ. მ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ თითქოს მსჯავრდებულებმა ყაჩაღური თავდასხმით დაზარალებულს გასტაცეს ავტომანქანა მისი მისაკუთრების მიზნით. ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული, ამიტომ სასამართლომ სავსებით სწორად გაამართლა ისინი წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ ვერ მოიპოვა ასევე მტკიცებულებები მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულ ი. მ-სათვის 10 ლარის გატაცების შესახებ. ეს გარემოება კატეგორიულად უარყო სასამართლო გამოძიების დროს ი. მ-მაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თვით მსჯავრდებულთა ჩვენებებით, დაზარალებულ ნ. მ-ს განმარტებით უდავოდ არის დადგენილი მსჯავრდებულების მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით, დანის გამოყენებით ნ. მ-სათვის ავტომანქანის გატაცება მისი დროებითი გამოყენების მიზნით. მსჯავრდებულები ჩვენებებში არ უარყოფენ ამ ფაქტს და განმარტავენ, რომ გატაცებული ავტომანქანით სურდათ კუკიის სასაფლაოზე ასვლა და დედმამიშვილთა საფლავების მონახულება. თუმცა სასაფლაოზე ასვლა ვერ შეძლეს იმის გამო, რომ “მალაკნების” ბაზართან მოუხდათ ავტოავარია და დააკავეს პოლიციელებმა.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და სასჯელიც განუსაზღვრა იმ ზომით, რომელიც შეესაბამება ჩადენილი დანაშაულს სიმძიმეს, ხასიათსა და მსჯავრდებულთა პიროვნებებს.
ამდენად, პალატა თვლის, რომ განაჩენი ნ. ქ-სა და მ. მ-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მისი გაუქმების შესახებ და ადვოკატ ტ. ა-ს მოთხოვნა ნ. მ-სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის განაჩენი ნ. ქ-სა და მ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.