კერძო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 224-დად 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწე მ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე ვ. კ-ს საჩივარი გაუქმდა ქ. რუსთავის პროკურორის 2003წ. 5 ივლისის დადგენილება შპს “ქ.ნ.”-ს დირექტორ ლ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა ქ. რუსთავის პროკურორს.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. მაისში მოქალაქე ვ. კ-მ განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის პროკურორს, რომელშიც მიუთითებდა, რომ ქ. რუსთავში, ..., საკუთრების უფლებით გააჩნია არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზიის ნაწილი), რომელიც სხვა პირისაგან შეისყიდა 2000წ. ივლისში (სათავსო სარემონტოა და არ ფუნქციონირებს რაიმე დანიშნულებით). აღნიშნულ ფართს სამშენებლო ბლოკით აგებული კედლით ესაზღვრება შპს “ქ.ნ.”-ს კუთვნილი, ასევე არასაცხოვრებელი ფართი. 28 მაისს აღმოაჩინა, რომ ამ ფართთა შორის გამყოფი კედელი გამონგრეული იყო. აღნიშნულის გამო ითხოვა იმის დადგენა, თუ რატომ მოხდა გამყოფი კედლის გამონგრევა და შპს “ქ.ნ”-ს დირექტორის დაკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცის მან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. განცხადება შესასწავლად გადაეგზავნა ქ. რუსთავის შს სამმართველოს მეორე განყოფილებას.
ჩატარებული მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
ქ.რუსთავში, ... მდებარე არასაცხოვრებელი მთლიანი ფართის მესაკუთრე იყო შპს “ქ.ნ”-ს დირექტორი ლ. გ..
აღნიშნული ფართიდან ის ნაწილი, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს ვ.კ., რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალის დაფარვის ანგარიშში გადაეცა მოქალაქე ჯ. ბ-ს. ამ უკანასკნელმა ეს ფართი მიჰყიდა დ. ბ-ს, ხოლო 2001წ. 10 ივლისს დ. ბ-საგან შეისყიდა ვ. კ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-მა დაიბრუნა აღნიშნული სადავო ფართი, მაგრამ სააღსრულებო ბიურომ არ აღასრულა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი იმ მოტივით, რომ მასში ფართობის გამოთხოვა მითითებული იყო მოქალაქე ჯ. ბ-საგან და არა _ ვ. კ-საგან. იმის გამო, რომ ეს დავა დიდხანს გაჭიანურდა, 2003წ. 28 მაისს თვით ლ. გ-მა გამოტეხა გამყოფი კედელი.
ზემოაღნიშნულის გამო მოკვლევამ ჩათვალა, რომ ლ. გ-ს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, რომელიც დაამტკიცა პროკურორმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 27 აგვისტოს დადგენილებით დააკმაყოფილა ვ. კ-ს წარმომადგენლის საჩივარი, გააუქმა არაღძვრის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადასცა ქ. რუსთავის პროკურატურას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩატარებული მოკვლევა არის არასრულყოფილი და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე შეუძლებელია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ობიექტური დადგენა.
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება არის უსაფუძვლო და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ტ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა ადვოკატმა გ. დ-მ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოქალაქე ვ. კ-ს საჩივარზე ჩატარებული მოკვლევით სრულყოფილად არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არის სამოქალაქო სამართლებრივი დავა, რომლის ძირითადი ნაწილი გადაწყვეტილია. დარჩენილია მხოლოდ სასამართლო ორგანოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კი, დავის ობიექტური გადაწყვეტილების დამთავრების ნაცვლად, ხელს შეუწყობს ამ დავის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას. ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა დასრულდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 აგვისტოს დადგენილება ვ. კ-ს წარმომადგენელ გ. დ-ს საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და პროკურორის მიერ 5 ივლისს დამტკიცებული მომკვლევის 2003წ. 4 ივლისის დადგენილება ლ. გასიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.