კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 351 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. გ-ს ინტერესების წარმომადგენლის ადვოკატ შ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის დადგენილება მ. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით მ. შ-ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
2001წ. 31 აგვისტოს ქ. თბილისში, ... მდებარე ¹5 კორპუსის პირველ სართულზე მდებარე განლაგებულ მაღაზიის წინ მ. შ-თან მივიდა თ. გ., რომელმაც ბრძანების კილოთი მოსთხოვა მ. შ-ს მანქანით გაყვანა. უარის მიღებისას თ. გ-მა კამათი დაუწყო მ. შ-ს და გაიხმო სალაპარაკოდ იქვე კორპუსის კუთხეში, სადაც თ. გ-მა განაგრძო მისი ლანძღვა და განზრახ მოკვლის მიზნით მოუქნია დანა. შ-მა აიცდინა მის მიერ მოქნეული დანა, ამოიღო შარვლის საქამრიდან (შენახვის და ტარების უფლებით ოფიციალურად ნაყიდი) საფანტის რევოლვერი და ორჯერ ესროლა ფეხებში თ. გ-ს, მაგრამ თ. გ. არ შეეშვა და დანით შეიარაღებული გამოეკიდა გაქცეულ შ-ს. ვინაიდან მან მოასწრო მაღაზიის სარდაფში დამალვა და კარის დაკეტვა, თ. გ-მა ვერ შეძლო დანის დარტყმა. აღნიშნულზე განაწყენებული თ. გ. დანით შევარდა მ. შ-ს კუთვნილ მაღაზიაში. დაიწყო დახლების მტვრევა და იქ მომუშავე პერსონალის ლანძღვა-გინება, მისი ხულიგნური ქმედების აღსაკვეთავად მივიდა დაზარალებული გ. გ., რომელმაც მოუწოდა წესრიგისაკენ, რა დროსაც თ. გ-მა მას დანა ჩაარტყა მარცხენა ბეჭში. მაღაზიაში ატეხილ ხმაურზე სახლიდან გამოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მ. შ. და დაინახა, რომ მისი მაღაზიის მუშა გ. გ. იყო წაქცეული, რომელსაც დანას უქნევდა და ლანძღავდა თ. გ.. აღნიშნულის აღსაკვეთავად მ. შ-მა წესრიგისაკენ მოუწოდა თ. გ-ს, რაზედაც ეს უკანასკნელი, დანით შეიარაღებული და მოკვლის მუქარით, გაექანა მ. შ-საკენ. შეშინებულმა და დაბნეულმა მ. შ-მა, თავდაცვისა და მოგერიების მიზნით, თ. გ-ს ორი ტყვია ზედიზედ ესრლა მარჯვენა ბარძაყში, რის შედეგადაც თ. გ. წაიქცა, იგი მოქალაქეების მიერ გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით (შეცდომითაა მითითებული საკასაციო საჩივარი) დაზარალებულის უფლებამონაცვლე, თ. გ-ს ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი შ. პ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, იმ მითითებით, რომ მ. შ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლით. საჩივარში აღნიშნულია, რომ მ. შ-მა განზრახ მოკლა თ. გ. და ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლით, რასაც დაზარალებული მხარე ითხოვდა წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვისას. ამასთან, საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია დაზარალებული მხარის უფლება და არ მისცა საშუალება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, რის გამოც არასწორად იქნა მითითებული სასამართლო ოქმსა და განჩინებაში, რომ თითქოს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. გ-მა მხარი დაუჭირა კერძო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და იშუამდგომლა საქმის სასამართლოში დაბრუნება.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა შ. პ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. გ-მა აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მან განცხადებით მიმართა სასამართლოს, რათა მიეცათ დრო ადვოკატის ასაყვანად. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. მას სააპელაციო სასამართლოში არ მოუთხოვია საქმის სასამართლოში დაბრუნება ან ასეთს როგორ მოითხოვდა, რადგან როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლოში აყენებდა საკითხს მ. შ-ს ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა როგორც მისი, ასევე პროცესში მონაწილე პროკურორის შუამდგომლობა და საქმე ბრალის დამძიმებით დააბრუნა დამატებით გამოძიებაში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი უკანონოდ გააუქმა სასამართლოს დადგენილება. დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. გ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
განსასჯელ მ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ხ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ (წარმოადგინა წერილობითი სიტყვა, რაც დაერთო საქმეს). განსასჯელმა მ. შ-მა მხარი დაუჭირა ადვოკატ მ. ხ-ს მოსაზრებას და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ა. ს-მა კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი სააპელაციო წესით განსახილველად უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სსსკ-ის 69-ე მუხლის “ტ” პუნქტის საფუძველზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს იყოლიოს წარმომადგენილი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან. ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად დაზარალებულის წარმომადგენელი არის და მის ინტერესებს იცავს ადვოკატი (არაუმეტეს სამისა).
მოცემული საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. გ-მა სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, რათა მისი ინტერესების დასაცავად წარმოედგინა ადვოკატი, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა შვებულებაში. სააპელაციო სასამართლომ განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის შუამდგომლობა, მაგრამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა და აშკარად შეზღუდა მისი უფლებები ადვოკატის აყვანის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, პროკურორის პროცესისათვის მოუმზადებელობის გამო, ორჯერ გადაიდო საქმის განხილვის დაწყება. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ადვოკატის აყვანას ითხოვდა იმიტომ, რომ თვითონ არაა იურისტი და არ შეეძლო თავისი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვა, რაზეც მიუთითებს ის გარემოებაც, რომ იგი როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას კატეგორიულად მოითხოვდა მ. შ-ს ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, ხოლო სააპელაციო სასამართლოში თითქოს შეიცვალა აზრი და მოითხოვა საქმის სასამართლოში გაგზავნა, რაც ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
პალატა თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებები, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით უნდა განიხილოს წარმოდგენილი საჩივრები და ამის შემდეგ უნდა მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს კერძო საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზე, რომლითაც დაყენებულია საკითხი საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, რადგან ჯერ საქმე უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ და მან უნდა გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივლისის განჩინება მ. შ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი სააპელაციო წესით განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.