კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 361 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გვენეტაძე
განიხილა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დადგენილება ა. ბერიძის რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ამავე განჩინებით ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახაზინო დეპარტამენტს დამატებით დაევალა ა. ბ-ს ადვოკატ ა. მ-ს მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში განხორციელებული დაცვის ჰონორარის _ 213 ლარის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ. 2000წ. 20 იანვრიდან მუშაობდა შპს ,,საქართველოს რკინიგზის” კადრების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
2000წ. 29 თებერვალს საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ა. ბ. დააკავეს როგორც მექრთამეობის დანაშაულში მხილებული პიროვნება. 2000წ. 2 მარტს მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 190-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი), ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად და 2000წ. 2 მარტს ამ მუხლით ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში. იმავე დღეს ა. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შინაპატიმრობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენით ა. ბ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი შერაცხულ ბრალდებაში და მის მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შინაპატიმრობა გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 31 იანვრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
2002წ. 4 აპრილს ა. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. განცხადებაში ა. ბ. ითხოვდა სრულ რეაბილიტაციას მარტვილის რაიონის სოფ. ჯოლევში, დაბა ასპინძასა და მცხეთის რაიონის სოფ. გალავანში მისი და დედამისის (ქ. კ-ს) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაუმუშავებლობის გამო 2000 წელს ხეხილის, სიმინდის, ბოსტნეულის მოუწევლობით სულ 15000 ლარის შემოსავლის დაკარგვას, სოფ. გალავანში სახლის სახურავისა და მიწის შემოღობვის აღდგენისათვის დახარჯულ 900 ლარს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პრემიის სახით 1 თვის ხელფასის _ 448, 8 ლარის მიუღებლობის, მისი შეთანხმებით დაცვისათვის ადვოკატზე გადახდილი ჰონორარის _ 2340 ლარისა და პოლიციელთა მიერ დაკავების დროს უკანონოდ პირადი ჩხრეკისას 560 ლარად ღირებული მისი პალტოს ამოღებისა და შემდგომში მოუვლელობით დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც მთლიანად შეადგენდა 19248 ლარსა და 80 თეთრს. ამასთან, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ა. ბ. მოითხოვდა 2000000 ლარს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის დადგენილებით ა. ბ. სრულად იქნა რეაბილიტირებული, მისი მოთხოვნა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სხვა უფლებათა აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელდობრ: ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სახაზინო დეპარტამენტს დაევალათ ა. ბ-ს სასარგებლოდ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი თანხის გადახდა _ მიუღებელი ანაცდურისა და ქონებრივი ზიანის სახით 10863 ლარი 80 თეთრი, ხოლო მორალური ზიანის სახით 10000 ლარი, სულ 20863 ლარი და 80 თეთრი.
სასამართლომ ასევე დაადგინა ა. ბ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, გაზეთებში: ,,საქართველოს რესპუბლიკა” და ,,ახალი თაობა”.
სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტსა და თბილისის რეგიონულ სატრანსპორტო პროკურატურას დაევალათ ა. ბ-სათვის წერილობითი ბოდიშის მოხდა.
კერძო საკასაციო საჩივარში ფინანსთა სამინისტროს პირველი მოადგილე ლ. ჟვანია მიუთითებს, რომ ა. ბ-ს უარი უნდა ეთქვას ქონებრივი ზიანის 10863 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, კასატორი ითხოვს ამ ნაწილში საოლქო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ. ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე რეაბილიტირებული ა. ბ. და მისი ადვოკატი ა. მ. კერძო საკასაციო საჩივარზე შეპასუხებით ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს კერძო საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს სააპელაციო პალატის განჩინება.
პროკურორი დ. ხუბულია შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ა. ბ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, ა. ბ. 2000წ. 2 მარტიდან 2000წ. 13 დეკემბრამდე, ე.ი. 9 თვის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ პერიოდში იგი აგრძელებდა მუშაობას შპს ,,საქართველოს რკინიგზის” კადრების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული არ ყოფილა, იღებდა ყოველთვიურ ხელფასს და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არ მომხდარა მისი იზოლაცია ოჯახის, ახლობლებისა და საზოგადოებისაგან. ასეთ ვითარებაში პალატა მიიჩნევს, რომ განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებული 10863,8 ლარიდან ა. ბ-ზე მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თანხა. ეს თანხა მოიცავს მიწის ნაკვეთებიდან მიუღებელი შემოსავლისა და სააგარაკო სახლის სახურავისა და ეზოს შემოღობვისათვის გაწეულ ხარჯებს, მით უფრო, რომ განჩინება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, ეყრდნობა მხოლოდ მარტვილის რაიონის სოფ. ჯოლევის, დაბა ასპინძისა და მცხეთის რაიონის სოფ. გალავნის გამგებლების მიერ გაცემულ ცნობებს. ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს ა. ბ-ს სასარგებლოდ სხვა შემოსავლის სახით ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც, რაც მოიცავს საიუბილეო თარიღის (50 წლისთავის) შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ადგილიდან ჯილდოს სახით ერთი თვის ხელფასს 445 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
დადგენილია, რომ ა. ბ. განიცდიდა სისხლისსამართლებრივ დევნას. 2000წ. 1 მარტს მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, წარმოებდა გამოძიება და სასამართლო განხილვა. გამამართლებელი განაჩენი ა. ბ-ს მიმართ დადგინდა 2002წ. 13 დეკემბერს. როგორც საქმეში არსებული ქვითრებით დასტურდება, მთელი ამ ხნის მანძილზე ა. ბ-ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სწორია სასამართლოს განჩინება რეაბილიტირებულისათვის ადვოკატის სასარგებლოდ გადახდილი ჰონორარის 2340 ლარის ანაზღაურების შესახებ. ამავდროულად, პალატა ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, იმას, რომ რეაბილიტირებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების თანხა მთლიანად გამოყოფილია 100000 ლარი და მიზანშეუწონლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ბ-სათვის მორალური ზიანის 10000 ლარის განსაზღვრა, საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ განჩინებით ა. ბ-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა 10000 ლარი უნდა შემცირდეს 660 ლარამდე. ამდენად, ა. ბ-ს დაკავებიდან გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე (2000წ. 29 თებერვლიდან 13 დეკემბრამდე), ე.ი. იმ პერიოდში, როცა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – შინაპატიმრობა იყო გამოყენებული, ადვოკატის მომსახურეობის ხარჯებისა და მორალური ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს 3000 ლარი.
ასევე სწორია სასამართლოს განჩინება რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში ა. ბ-ს რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანზღაურების შესახებ საქმის განხილვისას ადვოკატის მომსახურეობაზე გაწეული დამატებითი ხარჯების 548 ლარის გადახდის თაობაზე, რასაც უნდა დაემატოს საკასაციო პალატაში რეაბილიტაციის საქმის განხილვისას ადვოკატის მომსახურეობის ხარჯი – 210 ლარი, ე.ი. სულ 758 ლარი.
მთლიანად ა. ბ-ს უნდა აუნაზღაურდეს 3758 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 219-ე_227-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განჩინება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ფინანსთა სამინისტროს ა. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაკავებიდან გამამართლებელი განაჩენის დადგენამდე მიყენებული მორალური ზიანისა და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების სახით 3000 ლარის გადახდა, ხოლო რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმის განხილვისათვის ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები 758 ლარის ოდენობით.
მთლიანად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3758 ლარის გადახდა.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.