კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 381 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი, დ. სულაქველიძე
განიხილა გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის, კ. მ-ს, ასევე ბრალდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ლ. ბ-სა და ლ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც:
კ. ბ-ს სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 125-ე მუხლით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით კ. ბ-ს ბრალი დაედო შემდეგი ქმედებისათვის:
2003წ. 14 თებერვალს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, თიანეთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე – კრიმინალური პოლიციის უფროსი თ. ქ., ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებელი გ. ჯ., თიანეთის რაიონული შინაგან საქმეთა განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსი კ. ბ., ამავე ქვეგანყოფილების ინსპექტორი დ. ს., კ. ბ-ზე გაპიროვნებული ავტომანქანა “უაზით” მოძრაობდნენ სოფ. ორხევიდან დაბა თიანეთის მიმართულებით. ავტომანქანის საჭესთან იჯდა ნასვამი კ. ბ., რომელმაც “კაკლის ხევის” მიმდებარე ტერიტორიასთან მოყინულ გზაზე ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა და მოცურების შედეგად გადავარდა გზის გვერდით ფერდობზე. ავტომანქანაში მსხდომნი გადმოვიდნენ მანქანიდან და ამოვიდნენ გზაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თ. ქ. და კ. ბ. შელაპარაკდნენ, რაზედაც განაწყენებულმა კ. ბ-მა თ. ქ-ს სცემა, დაარტყა ხელი მარცხენა თვალის მიდამოში და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. შემდგომ ამოიღო თავისი ტაბელური “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი და ერთი გასროლით თ. ქ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანება. იგი იქ მისული შ. ბ-ს ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს დახმარება.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა შემდეგი მითითებებით:
წინასწარი გამოძიების მიერ არ არის ახსნილი თ. ქ-ს დაჭრის მექანიზმი. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებული მასალები არასრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რის გამოც შეუძლებელია დასკვნის გაკეთება; დამატებითი გამოძიებით ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს, შესაძლებელი იყო თუ არა, თ. ქ-ს რამენაირ მდგომარეობაში თავი დაეჭრა და მიეღო ისეთი დაზიანება, რომელიც დაფიქსირებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹23, სასამართლო-სამედიცინო შემოწმების ¹78 აქტსა და ექსპერტიზის ¹337/04 დასკვნებში. დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის რეალობა, შეფასდეს ამ ნაწილში კ. ბ-სა და შ. ბ-ს ჩვენებები. ასევე, დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს პისტოლეტის ლულაარხის კედელზე დარჩენილი კვალის მეშვეობით იარაღის გაუწმენდაობის ხანდაზმულობა, რასაც მნიშვნელობა აქვს თ. ქ-სა და კ. ბ-ს ჩვენებათა რეალობის შესაფასებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი კ. მ. ითხოვს სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ განჩინებაში აღნიშნული გარემოებები შეიძლება შემოწმდეს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ და შესაძლებელია არსებითი გადაწყვეტილების მიღება.
ბრალდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები: ლ. მ. და ლ. ბ. ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, მიუთითებენ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა და იგი უკანონოდაა პასუხისგებაში მიცემული.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა პროკურორ კ. მ-ს მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიას შეეძლო შეეფასებინა საქმეში არსებული მასალები და კ. ბ-ს მიმართ მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.
კ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ლ. ბ-მ და ლ. მ-მა შეცვალეს მათ მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ დამატებითი გამოძიების სტადიაზე ისინი დაამტკიცებენ კ. ბ-ს უდანაშაულობას. ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა კ. ბ-ც.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე კ. ბ-ს მიმართ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს მიერ დამატებითი გამოძიებისათვის წარიმართება იმ შემთხვევაში, თუ: წარმოებული გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ კ. ბ-ს მიმართ წინასწარი გამოძიება წარმოებული იყო არასრულად, მაგრამ ვერ მიუთითა, რა გარემოებები უშლიდა ხელს სასამართლოს, რომ აეხსნა ქენქაძის დაჭრის მექანიზმი და მიეცა შეფასება.
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, თუ საჭიროდ მიიჩნევდა, სასამართლოს თვითონ შეეძლო, დაენიშნა ექსპერტიზა და მიეცა შეფასება. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის მუშაკები, რომელთა დაკითხვები და არსებულ წინააღმდეგობათა აღმოფხვრა სასამართლოს შეეძლო გადაეწყვიტა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და მიღებული შედეგები შეფასდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განჩინება კ. ბ-ს სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გაუქმდეს და საქმე განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.