კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.12.2003
საქმის ნომერი
2კ-39-I-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 391 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა, გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის განაჩენი ნ. მ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა კასპის რაიონის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა სამი წლის ვადით. იმავე განაჩენით საქართველოს სსსკ-ს 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის აღსრულება გადავადდა ნ. მ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

ნ. მ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2002წ. 27 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, თავისი კუთვნილი “ვაზ 2106” მარკის ავტომანქანით მოძრაობდა თბილისიდან გორის მიმართულებით. ამ დროს, კასპის რაიონის სოფ. აღაიანის ტერიტორიაზე, მდინარე ქსნის ხიდზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოქალაქე ა. ს. თავის ავტომანქანა “გაზელს” უცვლიდა უკანა მარცხენა საბურავს. როდესაც ნ. მ. მიუახლოვდა ავტომანქანა “გაზელს”, მას მხედველობა შეუზღუდა შემხვედრი ავტომანქანის მაშუქებმა. ნ. მ-მ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნა, არ მიიღო სათანადო ღონისძიება ავტომანქანის გაჩერებისათვის და “გაზელისათვის” გვერდის ავლის დროს დაეჯახა ა. ს-ს, რის შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, მსჯავრდებულმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

პროკურორმა საჩივრით ითხოვა ნ. მ-სათვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ _ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯარვდებულმა _ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პროკურორმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას მხარი დაუჭირეს როგორც მსჯავრდებულმა, ასევე _ დაზარალებულმაც, მაგრამ ამ უკანასკნელმა დამატებით მოითხოვა ნ. მ-ს მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარება.

სასამართლო პალატამ მხარეთა შუამდგომლობა განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დააკმაყოფილა, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემ _ კი დატოვა უცვლელად.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ უზენაეს სასამართლოში შემოტანილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების შეცვლას იმ მიმართებით, რომ ბრალდებულ ნ. მ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდოს პატიმრობა.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ფ-მა ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა ადვოკატმა ნ. ა-მა და პროკურორმა ე. ქ-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებული მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე დაზარალებულის შუამდგომლობის უარყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ ნ. მ. არის 60 წელს გადაცილებული მძიმედ დაავადებული პიროვნება, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც აღიარებს და ინანიებს, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, თავისი ქმედებით ხელი არ შეუშლია გამოძიებისა და სასამართლოსათვის.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიღო სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის არავითარი კანონიერი საფუძველი დაზარალებულის საჩივრაში მითითებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა, 568-ე და 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინება ნ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.