კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 42I 23 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ გ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ჯ. მ-სა და ლ. ნ-ს ბრალდების საქმე დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ს 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ასპინძის რაიონის პროკურატურას.
პროკურორი გ. ტ-ს საჩივრით ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სასამართლო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვის ასპინძის რაიონული განყოფილების ყოფილ უფროს ჯ. მ-სა და იმავე განყოფილების ყოფილ მთავარ სპეციალისტ ლ. ნ-ს ბრალი დაედოთ სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციოდ მომზადებისა და აუქციონის წესით გაყიდვის დროს სამსახურებრივი მოვალეობის არაერთგზის ბოროტად გამოყენებაში, რითაც 1999-2000 წლებში სახელმწიფოს მიაყენეს 11233 ლარის ზარალი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, რის გამოც შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ტ. მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეეძლო, შეევსო გამოძიების ხარვეზები და საქმეზე დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ ითხოვა პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს ჯ. მ-მა და ლ. ნ-მ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ს 332-ე მუხლის შესაბამისად, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას თან უნდა ახლდეს თავისთვის, ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის, ან უპირატესობის მიღება. ეს დანაშაული არის მხოლოდ განზრახი ბრალის მომცველი და აქედან გამომდინარე, დამნაშავე მოქმედებს გარკვეული კონკრეტული მოტივით. მოცემულ საქმეზე წინასწარ გამოძიებას ასეთი მოტივი არ დაუდგენია და საბრალდებო დასკვნაში არ მიუთითებია. ამ გარემოებას სასამართლო კოლეგიამ სწორად მიაქცია ყურადღება და თავის განჩინებაში მართებულად მიუთითა დამატებითი გამოძიების ჩატარების ერთ-ერთ საფუძვლად. ამდენად, პალატა არ იზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ იმ მოტივს, რომ “პირადი მატერიალური ანგარება ან გამორჩენა განსასჯელების მიმართ საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის, ასევე არ დასტურდება მათთან უკანონოდ განხორციელებული პრივატიზაციით ობიექტთა მფლობელების ნათესაური კავშირი, მაგრამ ისინი არიან მათი მეგობრები, ნაცნობები და თანარაიონელები”. საკასაციო საჩივრის ზემოაღნიშნული მოსაზრება მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტულობას და დანაშაულის მოტივად არ ჩაითვლება.
განჩინებაში ასევე სწორად არის მითითებული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის თაობაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდეგ პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე საბრალდებო დასკვნის შედგენის თუ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება ჯ. მ-სა და ლ. ნ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.