კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.12.2003
საქმის ნომერი
2კ-43-I-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 431 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ. ხ-სა და მისი ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ ქ. ზ-ს შუამდგომლობა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განაჩენი კ. ბ-ს მიმართ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით კ. ბ-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის ჩადენაში, კერძოდ:

2002წ. 10 მაისს მცხეთის რაიონის სოფ. მუხრანში მცხოვრებ მთვრალ კ. ბ-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხვდა ასევე მთვრალ ძმასთან, გ. ბ-თან, რომელიც ჯერ არმატურის და ელექტროდის წკირით იწევდა მასზე, შემდეგ კი _ ოთახიდან გამოტანილი პურის საჭრელი დანით. ქუჩაში ძმებს შორის კვლავ მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც კ. ბ-მა მის ხელთ არსებული დანა დაარტყა გ. ბ-ს მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმე პირველი ინსტანციით განიხილა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და კ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 113-ე მუხლზე და შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა მ. ხ-მ და თვით მსჯავრდებულმა კ. ბ-მა. საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 3 ივლისის განჩინებით გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი კ. ბ-ს მიმართ კვლავ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. განჩინებაში მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ საქმის სასამართლო განხილვისას დაირღვა დაზარალებულ მ. ხ-ს უფლებები, რაც საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოსწორდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. ბ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებით განხილვას, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი; ამასთან, არ არსებობდა მ. ხ-ს დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ. ბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულმა მ. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ზ-მა კანონიერად მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ა. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანოინერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილება საკასაციო პალატამ 2003წ. 3 ივლისს გააუქმა. პალატამ მიუთითა, რომ მ. ხ-ს თავისი, როგორც დაზარალებულის, უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება და შესაძლებლობა აქვს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ მეორე სასამართლო ინსტანციას. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სასამართლო გამოძიება ტარდება სრული მოცულობით. სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლო საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აძლევს სამართლებრივ შეფასებას. მ. ხ-ს უფლება აქვს თავისი, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ყველა უფლებით ისარგებლოს საქმის სააპელაციო წესით განხილვისას.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო პალატის განჩინების ზემოთ აღნიშნული მითითება და საქმე განსახილველად კვლავ გადაგზავნა რაიონულ სასამართლოში.

პალატა თვლის, რომ მართალია, დაზარალებულ მ. ხ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ეს მას უფლებას არ ართმევს, მიიღოს მონაწილეობა საქმის სააპელაციო წესით განხილვაში.

იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულ მ. ხ-ს არ მიუღია მონაწილეობა საქმის პირველი ინსტანციით წესით განხილვისას, მას უფლება აქვს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს სააპელაციო სასამართლოში, მისი პოზიციის გამოხატვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ს 540-ე მუხლის დარღვევად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უნდა ჩაატაროს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, უნდა შეამოწმოს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მიღებულ შედეგებს მისცეს შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, და 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინება კ. ბ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.