საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.10.2003
საქმის ნომერი
2კ-85კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 85-კოლ 7 ოქტობერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მსჯავრდებული მ. ნ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქცევით განპირობებული ფსიქიკური ტრავმით, თავისი ქმრის _ ბ. ქ-ს განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რისთვისაც მ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის Oმიხედვით მ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატება შემდეგში:

განსასჯელი მ. ნ. 1987 წელს ცოლად გაჰყვა ბ. ქ-ს და მასთან ერთად ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფ.ჭალაში. ცოლ-ქმარს შორის თავიდან კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ შემდეგ ბ. ქ-მ დაიწყო სმა და სიმთვრალეში, როგორც წესი, ეჩხუბებოდა ცოლს, ლანძღავდა მას, ემუქრებოდა მოკვლით და სცემდა. ამის გამო, მ. ნ-მა დატოვა ქმარი და რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მშობლებთან კასპში. მას შემდეგ, რაც ქმარმა ახლობლების თანდასწრებით აღუთქვა, რომ ცუდად აღარ მოეპყრობოდა, იგი, ქმრისა და ამ უკანასკნელის ახლობლების თხოვნით, დაბრუნდა სახლში და განაგრძო მასთან ერთად ცხოვრება. ბ. ქ-მ დანაპირები არ შეასრულა, აგრძელებდა სმას, ხოლო სიმთვრალეში მეუღლეს კვლავ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2002წ. 29 ოქტომბერს, დაახლოებით 19.00 საათზე, მთვრალი ბ. ქ. სახლში დაბრუნდა. მან საყვედური გამოთქვა დაკეტილი კარის, მომზადებული სადილის, ჩართული ტელევიზორისა და ანთებული სინათლის გამო. გამორთოO ტელევიზორი, რის გამოც მათი შვილი დ. იძულებული გახდა წასულიყო მეზობელთან. ბადრი დაჯდა საწოლზე და დაიწყო ფულის თვლა. უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფულს აკლდა, ხოლო კუპიურები იყო შეცვლილი, შემდეგ დაინტერესდა, თუU როდის აპირებდა მ. წასვლას და უთხრა, რომ არაფერს გაატანდა, რადგან ფულს ისედაც იშოვიდა საყვარლების მეშვეობით. მ. ნ-მა სთხოვა ბ. ქ-ს, დაენებებინა მისთვის თავი და დაეძინა, მაგრამ იგი ეუბნებოდა, რომ, სადაც არ უნდა წასულიყო, მოძებნიდა და არ გაახარებდა. აიღო ნაჯახი, შემდეგ დანა, მოუღერა ცოლს და მოკვლით დაემუქრა. მეუღლის მხრიდან გამოვლენილმა ძალადობამ, არაერთგზის მძიმე შეურაცხყოფამ, ცემით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ გამოიწვია მ. ნ-ს ჩავარდნა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რა დროსაც მან ბ. ქ-ს, ჯერ ნაჯახის, შემდეგ კი დანის დარტყმით მიაყენა სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული განაჩენის შესახებ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერების გადამოწმებას და მის გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ნ-ს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული და იმსახურებს უფრო მკაცრ სასჯელს.

საკასაციო განხილვისას დაზარალებულმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებული მ. ნ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ე. მხარს არ უჭერენ საკასაციო საჩივარს და ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

პროკურორი ა. ს. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულ მ. ნ-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით დგინდება, რომ მომხდარ შემთხვევამდე აწ გარდაცვლილ ბ. ქ-ს მხრივ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი მეუღლის _ მ. ნ-ს მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობასა თუ ძალადობის განხორციელების მუქარას, აგრეთვე მძიმე შეურაცხყოფას, რაც გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და მსჯავრდებულის პიროვნებაში იწვევდა აფექტის კუმულაციას. ანალოგიური ქმედება ბ. ქ-ს მიერ განმეორებულ იქნა 2002წ. 29 ოქტომბერსაც, საღამოს, როდესაც იგი შინ დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში და მ. ნ-ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დანით შეიარაღებული მოკვლით დაემუქრა. მისმა ასეთმა მოქმედებამ გამოიწვია მ. ნ-ს ჩავარდნა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ხოლო მის ასეთ ემოციურ აფეთქებას ხელი შეუწყო აგრეთვე ბ. ქ-ს მხრიდან ადრე ჩადენილმა არაერთგზის შეურაცხყოფითა და ცემით, თუ სხვაგვარი ძალადობით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ. აღნიშნული გარემოებები დგინდება არა მხოლოდ თვით მსჯავრდებულის, არამედ ასევე მოწმეების ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით.

პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები და, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა ასევე ეთანხმება მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომას და მიაჩნია იგი დასაბუთებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ. ნ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 23 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.