საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.12.2003
საქმის ნომერი
2კ-88კოლ.-03
თარიღი
01.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 88-კოლ 1 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენასი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ვ”, “თ” და “ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის, ე.ი. დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, არაერთგზის და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რის გამოც სასამართლომ მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 წლის ვადით, პირველი ოთხი წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით გ. გ-ს დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბერის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 105-ე მუხლით მსჯავრდებული, ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორი გ. ს., რომელსაც მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, 2002წ. დეკემბრიდან სასჯელის მოხდის მიზნით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზემო ავჭალის ¹9 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში (სასჯელს იხდიდა 1998წ. 4 ნოემბრიდან).

ამავე დაწესებულებაში 2002წ. 30 მარტს სასჯელის მოხდის მიზნით გადაიყვანეს ხონის ¹10 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ. გ., რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 104-ე მუხლის მეორე, მეოთხე პუნქტებით, 209-ე მუხლის მეორე ნაწილით, 133-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 135-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, სასჯელთა ერთობლიობის წესით, მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით (სასჯელს იხდიდა 1998წ. 1 ნოემბრიდან).

აღნიშნული პირები ¹9 დაწესებულებაში დაუმეგობრდნენ პატიმარ მ. ფ-ს.

2002წ. 11 აპრილს მ. ფ-მ განზრახ მკვლელობის მიზნით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ოთახში შეუგდო მსჯავრდებულ ზ. გ-ს, ხოლო მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა მ. ფ-ს ხელში აუფეთქდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ აფეთქების შემდეგ მ. ფ-ს ხელის მტევანი ზ. გ-მა ძაღლს აჭამა, რასაც გ. ს. შეესწრო.

აღნიშნულზე განაწყენებულმა გ. ს-მ და გ. გ-მ განიზრახეს, შური ეძიათ ზ. გ-ზე და განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლათ იგი.

2002წ. 16 აპრილს ისინი შეიჭრნენ ზ. გ-ს საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, თავს დაესხნენ მას, დაუწყეს ცემა, რა დროსაც ჯერ ს-მ, შემდეგ კი გ-მ დანით მიაყენეს სულ ხუთი დაზიანება. კიბეებზე ჩამოთრევისას გ. გ-მ ფეხი ჩაარტყა თავში ზ. გ-ს, გამოათრია გარეთ, დააგდო კორპუსის წინ და აგრძელებდა გინებასა და მუქარას, რა დროსაც გ. ს-მაც, რომელიც ასევე იგინებოდა და იმუქრებოდა, ფეხი ჩაარტყა ზ. გ-ს თავში. მიღებული დაზიანებების შედეგად ზ. გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე საქმეზე, ჩადენილი ქმედების ანალოგიური კვალიფიკაციით (სსკ-ს 109-ე მუხლის “ვ”, “თ” და “ო” ქვეპუნქტები), ხსენებული განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მეორე თანაამსრულებელიც _ გ. ს., რომელსაც ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, აქედან პირველი ორის _ საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მ სკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი საფუძვლით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება მისი ბრალდების საქმეზე მიმდინარეობდა ცალმხრივად და მიკერძოებით, რამაც განაპირობა მის მიმართ უსაფუძვლო განაჩენის გამოტანა. მსჯავრდებულ გ. ს-ს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

პალატაში განხილვისას მსჯავრდებულმა გ. გ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, რომლებიც ითხოვენ მის დაკმაყოფილებას.

მსჯავრდებული გ. ს. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს და ითხოვენ მის დაკმაყოფილებას, აგრეთვე _ სასამართლოს განაჩენით თვით გ. ს-ს მიმართ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომის გადასინჯვას და შემსუბუქებას.

პროცესში მონაწილე პროკურორი ო. რ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. ამასთან, მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილება, კერძოდ: გ. გ-სა და გ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია მოითხოვს დაზუსტებას იქიდან გამომდინარე, რომ არ არის დადგენილი და კონკრეტულად განსაზღვრული სიცოცხლისათვის სახიფათო ის დაზიანებები, რომლებმაც ზ. გ-ს სიკვდილი გამოიწვია, გ. გ-სა თუU გ. ს-ს მოქმედებით არის მიყენებული, ხოლო რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამ საკითხის გადაწყვეტას ის ანდობს პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული გ. გ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ. მიუთითებენ, რომ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი ეყრდნობა მოწმე ნ. მ-ს ჩვენებას, რომელიც არის დაუშვებელი მტკიცებულება, რადგან ჩვენება დაკითხვის ოქმში ჩაწერილია სხვა ხელწერის მქონე პირის მიერ, ხოლო ჩვენების ტექსტის ბოლოს დაკითხული პირის სახელით მიწერილი სიტყვები იმის თაობაზე, რომ ჩვენება დაწერილია თავისი ხელით, აშკარად სხვა პირის მიერ არის შესრულებული. გარდა ამისა, მოწმე ნ. მ. არის ფსიქიკურად დაავადებული და, ამდენად, მისი, როგორც ბრალდების მოწმის, ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.

დაცვის ასეთ პოზიციას ბრალდების ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებასთან მიმართებაში პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებობს მოწმე ნ. მ-ს არა მხოლოდ ერთი “საეჭვო” ჩვენება, არამედ _ სხვა ჩვენებებიც, რომლებიც მან მისცა როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მათში ნ. მ. დაწვრილებით აღწერს ზ. გ-ს მკვლელობის ფაქტს და მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გადმოსცეს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც უშუალოდ იხილა ის, რაც მოხდა. ამასთან, მოწმე ნ. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი, თხრობის მანერა და მომხდარი შემთხვევის დეტალების დაფიქსირების უნარი არავითარ საფუძველს არ იძლევა დასკვნისათვის, რომ ამ ჩვენებების ავტორი, შესაძლოა, ფსიქიკურად დაავადებული იყოს. ნიშანდობლივია, რომ დაცვა იმის არავითარ დასაბუთებას არ იძლევა, თუU რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმეების _ ქ-სა და ჩ-ს ჩვენებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ გ. გ-სა და გ. ს-ს მიერ ზ. გ-ს განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტს.

მსჯავრდებული გ. გ. და მისი ინტერესების დამცველი მოითხოვენ აცხადებენ ასევე ბიოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების დაუშვებლად ცნობას, რომლებიც ბრალდების ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას დაცვის მხარე მოითხოვს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ექსპერტმა დ. ე-მ დანაშაულის იარაღზე, კერძოდ, დანაზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით საექსპერტო გამოკვლევა ჩაატარა მას შემდეგ, რაც უკვე ასეთივე გამოკვლევა ჩაატარა მის, ე. ი. გ. გ-ს ტანსაცმელზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. დაცვის ასეთ პრეტენზიას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არსებითად კანონის დარღვევა არ მომხდარა, რადგან ექსპერტმა დ. ე-მ გამოკვლევები ჩაატარა, მართალია, ერთსა და იმავე საქმესთან დაკავშირებულ, მაგრამ ორ სხვადასხვა ობიექტზე, რისი უფლებაც მას ჰქონდა.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიმართ დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, ეს უკანასკნელი ერთობ ზერელე საფუძველზეა აგებული, კერძოდ: დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ოქმში ნაჩვენები არ არის, თუ გარდაცვლილ ზ. გ-ს გვამი დათვალიერების შემდეგ სად გაიგზავნა; გაურკვეველია, აგრეთვე, თუ რატომ იმავე დღეს არ მოხდა გვამის გაკვეთა. საქმის სხვა მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ზ. გ-ს გვამი ჩვეულებისამებრ გაიგზავნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ჩატარდა მისი პათოლოგ-ანატომიური გამოკვლევა და ექსპერტიზის დასკვნა შედგა საპროცესო კანონის სრული დაცვით.

მსჯავრდებული ი. გ. და მისი ინტერესების დამცველი, გარდა აღნიშნულისა, მიუთითებენ აგრეთვე იმაზე, რომ მისი ბრალდების საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო ობიექტური მის მიმართ, კერძოდ, ის არ დაასწრეს საქმის განხილვას და ისე იქნა მის მიმართ განაჩენი გამოტანილი. დაცვის მხარის ასეთ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების შემდეგ განსასჯელი გ. გ. სისტემატურად და უხეშად არღვევდა წესრიგს, მიუხედავად არაერთგზის მკაცრი გაფრთხლებისა, რითაც ცდილობდა სასამართლო სხდომების ჩაშლას. აღნიშნულის გამო იგი სასამართლომ გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ არის ისეთი არსებითი ხასიათისა, რომ ეჭვქვეშ დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერება და საფუძვლიანობა.

პალატა იზიარებს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს იმის თაობაზე, რომ თუკი წინასწარი გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლო ეყრდნობოდნენ საქმის მასალებში არსებულ ბრალდების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მტკიცებულებებს, მაშინ გ. გ-სა და გ. ს-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაცია არასწორია. ანალოგიური შენიშვნა გამოთქვა პროცესში მონაწილე პროკურორმა ო. რ-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მხრივ დაცვის პრეტენზია საფუძვლიანია და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია უნდა დაზუსტდეს.

პალატა თვლის, რომ დაცვისა და ბრალმდებელი მხარის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაზიარებული უნდა იქნეს, რადგან უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულები _ გ. გ. და გ. ს. დანით რიგრიგობით აყენებდნენ დარტყმებს გარდაცვლილ ზ. გ-ს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები და რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია. ამავე დროს საქმის მასალებით ვერ დგინდება ის მძიმე ჭრილობები, რომლებიც ზ. გ-ს სიკვდილის მიზეზი გახდა, მას რომელმა მიაყენა: გ. გ-მ, თუ გ. ს-მ. ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელყოფის ერთი ობიექტის მიმართ ქმედებას ახორციელებდა ორი ან მეტი თანაამსრულებელი, ხოლო, ამასთანავე, დაუდგენელია კონკრეტულად, რომელი მათგანის ქმედება იყო სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული შესაბამისი ქმედების შემადგენლობაში გათვალისწინებული შედეგის დადგომის მიზეზი, მაშინ ჩადენილი ქმედების დამთავრებულ დანაშაულად დაკვალიფიცირება რომელიმეს მიმართ არ იქნება სამართლებრივად მართებული. ასეთ შემთხვევაში თანაამსრულებელთა ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულის ჩადენის მცდელობად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და გ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ”, და ,,ო” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ს მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ” და ,,ო” ქვეპუნქტებზე, ე.ი. უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, არაერთგზის, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობა. შესაბამისად ამისა, უნდა გადაისინჯოს როგორც მსჯავრდებულ გ. გ-ს, ასევე _ სარევიზიო წესით მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მათ მიერ ჩადენილი ქმედების როგორც კვალიფიკაციის, ისე _ სასჯელის ნაწილში.

ამრიგად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და გ. ს-ს სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულებს _ გ. გ-სა და გ. ს-ს მოეხსნათ ბრალდება, რომელიც მათ შეერაცხათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ” და ,,ო” ქვეპუნქტების საფუძველზე და მათი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,თ” და ,,ო” ქვეპუნქტებით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 27 წლის ვადით _ შეუმცირდეს 5 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 22 წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ. ს-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.