საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91-კოლ 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ივნისის განაჩენით გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2002წ. 15 აგვისტოდან.
გ. შ0ს მსჯავრი დაედო არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
2000წ. 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, გ. შ. “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე, რა დროსაც ჭიათურის წყალკანალტრესტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა არასრულწლოვან ე. კ-ძეს. ვინაიდან ამ უკანასკნელზე გაგონილი ჰქონდა, რომ იყო ცუდი ყოფაქცევის, გადაწყვიტა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. შ-მ მოტყუებით ჩაისვა ე. კ-ძე ავტომანქანაში, რომ თითქოს ბენზინს ჩაასხამდა, რის შემდეგაც სახლში მიიყვანდა მას. ე. კ-ძის ნდობის მოსაპოვებლად იგი მივიდა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ ბენზინი არ ჩაუსხამს იმის მომიზეზებით, რომ არ ვარგოდა და გზა საჩხერის მიმართულებით გააგრძელა. გზაში გ. შ-მ დეზოდორი აჩუქა ე. კ-ძეს, თან შესთავაზა ერთად ესადილათ. ამ მიზნით იგი მიიყვანა საჩხერე _ გომის გზაზე არსებულ “ჭერათხევის” სასადილოში, სადაც გ. შ-მ დალია 2,5 ლიტრი ღვინო. დაახლოებით 20 საათზე ისინი გამობრუნდნენ ჭიათურის მიმართულებით. იმყოფებოდა რა მთვრალი, გ. შ-მ გზაში რამდენჯერმე გააჩერა ავტომანქანა და შეეცადა ე. კ-ძის მოფერებას. ამ უკანასკნელისაგან უარის მიღების შემდეგ იგი განაწყენდა, ამოიღო “მაკაროვის” სისტემის სატაბელო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სახესთან მიუტანა ე. კ-ძეს და უთხრა, მ. ქ-ს რომ აფერებინებდა, იქ რომ ყოფილიყო, ორივეს მოკლავდა. ამის შემდეგ გაბრაზებულმა აამუშავა ავტომანქანა და განაგრძო გზა. როდესაც ჭიათურაში ჩავიდნენ. გ. შ-მ დაურეკა თავის მეგობარ გ. ლ-ს და უთხრა გარეთ დახვედროდა. მართლაც, მან მიაკითხა გ. ლ-ს, ჩაისვა ავტომანქანაში და ჭიათურის ¹1 საშუალო სკოლასთან არსებულ მაღაზიაში შეიძინა ორი ბოთლი შამპანური, რის შემდეგაც მივიდნენ კულტურის სახლის ეზოში. გ. შ. და გ. ლ. გადავიდნენ ავტომანქანიდან და იქვე დალიეს თითო ბოთლი შამპანური. ამის შემდეგ გ. ლ.ა მიიყვანეს სახლში, რა დროსაც მას გ. შ-ემ უთხრა, რომ ე-სათვის მათი სახლი უნდა ეჩვენებინა. როდესაც გ. შ-მ ავტომანქანა ჭიათურის რაიონის სოფ. კაცხის მიმართულებით წაიყვანა, ე. კ-ძე შეეკითხა, სად მიდიოდნენ, რაზედაც მან უპასუხა, რომ სახლი უნდა ეჩვენებინა, ამასთან, დაემუქრა, რომ ხმა არ ამოეღო, თორემ მოკლავდა, რა დროსაც გაისწორა თანნაქონი იარაღი. შიშისაგან ჩავარდა რა უმწეო მდგომარეობაში, ე. კ-ძემ თავი ვეღარ დაიმორჩილა, რომ დალაპარაკებოდა და სახლში მიყვანა ეთხოვა. ისინი მივიდნენ სოფ. კაცხის ტერიტორიაზე მდებარე გ. ლ-ს სააგარაკე სახლთან. გ. შ-მ ძალის გამოყენებით გადაიყვანა ე. კ-ძე ავტომანქანიდან, გასაღებით გააღო კარები და შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, მეორეში კი თვითონ შევიდა. რამდენიმე წუთში იგი შიშველი, ზეწარშემოხვეული დაბრუნდა ე. კ-ძესთან და ძალადობის მუქარით უთხრა, გაეხადა ტანსაცმელი. უარის მიღების შემდეგ, განაწყენებულმა, ჩასჭიდა ხელი, გაათრია მეორე ოთახში და ძლიერად მიარტყა ხელი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ე. კ-ძეს სუნთქვა შეეკრა და გულაღმა დაეცა საწოლზე. გ. შ-მ მას ერთი ხელით გაუკავა ხელები, მეორით კი ტანსაცმელი გახადა და იცოდა რა, რომ ე. კ-ძე იყო არასრულწლოვანი, ძალადობით ორჯერ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს დაერღვა საქალწულე აპკი და ორივე მხრისა და ბარძაყის არეში სისხლნაჟღენთების სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. შ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში მიუთითებს, რომ, მართალია, შემთხვევის ღამეს იმყოფებოდა ე. კ-ძესთან ერთად გ. ლ-ს სააგარაკე სახლში, მაგრამ ამ უკანასკნელთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. მისი აზრით, დაზარალებულის ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები არასწორია, წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, გამომძიებელმა არ გააცნო დადგენილება კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მოკვლევა ჩატარებულია ვადის დარღვევით და ა.შ.
პალატის სხდომაზე გ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. გ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ე. კ-ძემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-მ განაჩენი გ. შ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ გააანალიზა რა საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. ის გარემოება, რომ გამომძიებელმა მსჯავრდებულს არ გააცნო დადგენილება კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ, არ არის განაჩენის გაუქმების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ ე. კ-ძის ჩვენებებით, მისი მსჯავრდებულთან დაპირისპირებით, მოწმეების: ნ. ც-ს, ს. ჩ-ს, ე. ჯ-ს, მ. მ-ს და სხვათა განმარტებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულის მიერ ე. კ-ძის გაუპატიურების ფაქტი.
პალატა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდებულს დაუნიშნა მეტისმეტად მკაცრი სასჯელი. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, წარსული შებღალული არა აქვს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა შესაძლებლად თვლის, რომ გ. შ-ს სასჯელი შეუმცირდეს 5 წლამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ გ. შ-ს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.