საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 95-კოლ 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა დაზარალებული ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 11 ივლისის განაჩენზე შ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივლისის განაჩენით შ. ფ. ა-ს საქართველოს სსკ-ს 19-ე, 111-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენით იგი გამართლდა სსკ-ს 19-ე, 109-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენით შ. ა-ს მსჯავრი დაედო იმისთვის, რომ მან 2002წ. 22 ივლისს მარნეულის რაიონის სოფ.აღმამედლოში ჩაიდინა ნ. ტ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვიაამ უკანასკნელის მიერ შ. ა-ს ქალიშვილის მძიმე შეურაცხყოფამ _ უწესო ყოფაქცევის დაბრალებამ, აქედან გამომდინარე ქორწინების ჩაშლამ.
საკასაციო საჩივრით დაზარალებული ნ. ტ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ უკანონოდ გაამართლა მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებაში. მისი აზრით, ვინაიდან ექსპერტები არ იყვნენენ გაფრთხილებულნი ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა მიეღო მათი დასკვნა.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ. ხ. არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი შ. ა-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმების და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. Pპალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ, დაადგინა რა საქმის ფაქტიური გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ. ა-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, როცა დადგენილად მიიჩნია, რომ მან უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა ნ. ტ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.
შ. ა-ს მიერ განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მისი ჩვენებებით, მოწმეების ფ. ა-ს, ს. მ-ს, ზ. ნ-ს, ი. ა-ს, ექსპერტ ქ. ჩ-ს განმარტებებით, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ის გარემოება, რომ დასკვნის გაცემამდე ფსიქოლოგი ექსპერტები არ იყვნენ გაფრთხილებული ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების შესახებ, არ წარმოადგენს პროცესუალური ხასიათის ისეთ არსებით დარღვევას, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საქართველოს სსსკ-ს 373-ე მუხლში მითითებულია, რომ ,,თუ ექსპერტიზის დასკვნას აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, შეიძლება დაიკითხოს ექსპერტი. მისი ჩვენება, რომელიც ავსებს დასკვნას, არის მტკიცებულება”. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნას გააჩნდა ხარვეზი და მის შესავსებად საჭირო არ იყო დამატებით გამოკვლევის ჩატარება, სსსკ-ს 373-ე მუხლის შესაბამისად ექსპერტი ქ. ჩ. განმარტების მიცემამდე გააფრთხილა ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ექსპერტმა დაადასტურა რა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებზე სასამართლომ მისი ჩვენება და დასკვნა სწორად მიიჩნია ბრალდების მტკიცებულებად.
პალატა თვლის, რომ განაჩენი შ. ა-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე და 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 11 ივლისის განაჩენი შ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.