საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 96-კოლ 10 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ადვოკატების _ გ. ხ-სა და ლ. ა-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარი, ასევე მსჯავრდებულების _ პ. ბ-სა და ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 ივნისის განაჩენსა და განჩინებაზე, რომლითაც დამნაშავედ იქნენ ცნობილი:
1. პ. ბ. საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ვ”, “ი” პუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. ვ. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ვ”, “ი” პუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” პუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
3. მ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ვ”, “ი” პუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” პუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გასაჩივრებული განჩინებით კი პ. ბ-ს, ვ. მ-სა და მ. ე-ს მიმართ საქმე ბრალდების ეპიზოდებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ს 18,109-ე მუხლის “ე”, “თ”, “ი”, “ლ” პუნქტებითა და 144-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით პ. ბ-ს, ვ. მ-ს და მ. ე-ს ბრალი ედებოდათ შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში:
პ. ბ-სათვის ცნობილი იყო რა იმის თაობაზე, რომ მამამისს _ რ. ბ-ს ჰქონდა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა, რასაც თავისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში ინახავდა, გადაწყვიტა დაუფლებოდა მამის ფულსა და ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 2001წ. ივნისში დაუკავშირდა ნაცნობს, წინათ ნასამართლევ ვ. მ-ს და რ. ბ-ს მოკვლისათვის შესთავაზა 10000 ამერიკული დოლარის გადახდა. ვ. მ-მა თავის მხრივ პ. ბ. შეახვედრა მ. ე-სა და გ. ა-ს, რომლებიც დათანხმდნენ შეთავაზებული შეკვეთის შესრულებაზე. 2001წ. 1 ივლისს, დღის საათებში, პ. ბ-ს ორგანიზატორობით შექმნილმა ჯგუფის წევრებმა _ მ. ე-მ, გ. ა-მ და ვ. მ-მა მძევლად ხელში ჩაიგდეს რ. ბ. და წაიყვანეს თბილისის გარეუბანში მდებარე ე. წ. მამკოდის ტყეში. იმავე დღეს ისინი დაუკავშირდნენ პ. ბ-ს, ტყეში აჩვენეს დატყვევებული მამა და მისი მოკვლისათვის მოითხოვეს 100000 ამერიკული დოლარის გადახდა. 3 და 4 ივლისს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დარეკეს რ. ბ-ს ბინაში და მის დას _ ა. ბ-ს ძმის მკვლელობის მუქარით მოსთხოვეს 100000 დოლარი. დასახელებული თანხის მიღების შემთხვევაში აღუთქვეს ძმის განთავისუფლება. პ. ბ-მა მამიდისაგან ფულის გამოძალვაში თანამზრახველებისათვის დახმარების მიზნით 2001წ. 4 ივლისს ნათესავ გ. ჭ-თან ერთად გატეხა თავისი და მამამისის საცხოვრებელი სახლის სარდაფის კარი და იქ აღმოჩენილი 80000 დოლარი იმავე დღეს გადასცა მ. ე-ს გლდანის დასახლების მერვე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში. ზემოაღნიშნული თანხის გარდა სარდაფში პ. ბ-მა აღმოაჩინა “ბერეტას” სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და შვიდი ვაზნით, რომელიც მიითვისა, შეინახა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
2001წ. 4 ივლისს ჯგუფის წევრებმა ა. ბ-ს ტელეფონით საუბრის დროს ძმის განთავისუფლების მოტივით კვლავ მოსთხოვეს 20000 დოლარი, რაც ა. ბ-მა ვერ გადაიხადა. 80 000 დოლარის მიღების მიუხედავად დამნაშავეთა ჯგუფის წევრებმა რ. ბ. არ გაათავისუფლეს და მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი დარჩა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 ივნისის განჩინებით პ. ბ-ს, ვ. მ-სა და მ. ე-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ბრალდების იმ ეპიზოდებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ს 18, 109-ე მუხლის “ე”, “თ”, “ი” და “ლ” პუნქტებით და 144-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას. ბრალდების სხვა ეპიზოდებში ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.
მსჯავრდებული პ. ბ. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა არაობიექტურად, გამოძიების დროს მას გამოსძალეს აღიარებითი ჩვენებები, რაც სასამართლო კოლეგიამ არ გამოიკვლია, იგნორირება გაუკეთა სასამართლო პროცესზე მოწმეთა და განსასჯელთა მიერ მიცემულ ჩვენებებს და უკანონოდ მსჯავრი დასდო ისეთ დანაშაულებში, რაც მას არ ჩაუდენია. პ. ბ. აღიარებს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას. ის ითხოვს ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული ვ. მ. საკასაციო საჩივრის მიხედვით თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ პ. ბ-ს მიმართ ფულის გამოძალვის მცდელობაში, რაზედაც შემდგომ ხელი აიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის შესწორებას.
მ. ე-ს ადვოკატების _ ლ. ა-სა და გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მ. ე-ს მონაწილეობა. ამ ნაწილში მ. ე-ს დამნაშავედ ცნობას სასამართლომ საფუძვლად დაუდო წინასწარი გამოძიების დროს კანონის დარღვევით მოპოვებული საეჭვო მტკიცებულებები. გარდა ამისა, გამოძიების დროს მ. ე-ს მიმართ უხეშად დაირღვა საპროცესო ნორმები და ბრალდებულის კანონიერი უფლებები. აღნიშნულ გარემოებათა გამო საჩივარი ითხოვს მ. ე-ს ბრალდებიდან სსკ-ს 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ე”, “ვ” და “ი” პუნქტებით შერაცხული ბრალის ამორიცხვას შესაბამის სასჯელთან ერთად. ასევე, მის მიმართ სსკ-ს 18, 109-ე მუხლითა და 144-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდებში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების განჩინების გაუქმებას. სსკ-ს 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში კი სასჯელის შემსუბუქებას, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
დაზარალებულის შესაგებელი ითხოვს განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა _ პ. ბ-მა, ვ. მ-მა და მ. ე-მ, მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. ნ-მ, ლ. გ-მ, ს. ს-მ, ლ. ა-მა და გ. ხ-მ ითხოვეს წარმოდგენილ საჩივართა დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ა. ბ-მა, ადვოკატმა ზ. ტ-მ და პროკურორმა ა. ს-მა ითხოვეს განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი და განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებანი, შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი და განჩინება, რომელთა გაუქმების ან შეცვლის დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლები საჩივრებში მითითებული არ არის. ყველა წარმოდგენილი საჩივარი არის ზოგადი ხასიათის, არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან, ატარებენ მოსაზრებების ხასიათს და, ძირითადად, გამოხატავენ მსჯავრდებულთა და ადვოკატთა სურვილებს და არა _ საქმის ობიექტურ მონაცემებს.
განაჩენით პ. ბ-ს, ვ. მ-სა და მ. ე-ს მიმართ შერაცხული ბრალდებები, უპირველეს ყოვლისა, უდავოდ დადგენილია პირადად მათ მიერ წინასწარი გამოძიებისას და ნაწილობრივ _ საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებებით.
საქმის მასალების მიხედვით არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ვ. მ-ს პ. ბ-მა შესთავაზა მამის გატაცება და ფულის გამოძალვა, რომ ამ უკანასკნელმა ტყეში ნახა თავისუფლებააღკვეთილი მამა, მაგრამ მასთან ახლოს არც მისულა და მის გასათავისუფლებად რაიმე კანონიერი ღონისძიება არ მიუღია; რომ ა. ბ-საგან ფულის გამოძალვის აქტიურ ღონისძიებებს მ. ე. ატარებდა და 80000 დოლარი სწორედ ამ უკანასკნელს გადასცა პ. ბ-მა. ყოველივე ეს მსჯავრდებულებმა საკასაციო პალატის სხდომაზეც დაადასტურეს იმ გამონაკლისის გარდა, რომ მ. ე-მ უარყო 80000 დოლარის მიღება. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ აღიარებითი ჩვენებები წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებულ იქნა კანონით დაუშვებელი გზით და ისინი სინამდვილეს არ შეეფერება, პალატა ვერ გაიზიარებს თუნდაც იმიტომ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი ასეთი დეტალური ჩვენებები შეიძლება გადმოსცეს მხოლოდ იმ პირმა, ვინც ზუსტად იცის ჩადენილი ქმედებების ნიუანსები და მას ვერ შეთხზავს გამომძიებელი ან პოლიციის რომელიმე მუშაკი.
პალატა თვლის, რომ გარდა აღიარებებისა, მსჯავრდებულთა ბრალეულობა შერაცხულ ქმედებებში უდავოდ დადასტურებულია იმ მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია და მითითებულია განაჩენში. პალატას მიაჩნია, რომ განაჩენით მსჯავრდებულთა მიმართ სამართლიანად განისაზღვრა სასაჯელის ღონისძიებებიც და მათი შეცვლის რაიმე კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
პალატა თვლის, რომ განაჩენთან ერთად კანონიერი და დასაბუთებულია სასამართლო კოლეგიის განჩინება, რომლითაც ბრალდების ცალკეულ ეპიზოდებში საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
ამრიგად, წარმოდგენილი საჩივრები პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ, რის გამოც მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 ივნისის განაჩენი და განჩინება პ. ბ-ს, ვ. მ-სა და მ. ე-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.