საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.11.2003
საქმის ნომერი
2კ-98კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 98-კოლ 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს, მსჯავრდებულ ა. პ-ს, მსჯავრდებულ ზ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: ბ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, ერთობლივად შეეფარდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 27 აგვისტოდან;

ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა ა. პ-ს დაეწყო 2002წ. 27 აგვისტოდან;

ზ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით და შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 27 აგვისტოდან. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ბ. გ., რომელსაც სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 27 აგვისტოდან.

ადვოკატი თ. ბ. ასაჩივრებს აგრეთვე: ა) უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 16 მაისის განჩინებას ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ; ბ) იმავე სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინებას ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებად არცნობის შესახებ; გ) იმავე სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინებას შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. შოშიაშვილის 2003წ. 17 მარტის ბრძანებას საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, ბ. ა. და მისი მეგობრები: ა. პ. და ზ. ნ. სტუმრად მივიდნენ ქ. წნორში მცხოვრებ ვ. ბ-ს სახლში. მან გააწყო სუფრა სახლის “საჩეხში” და ყველამ ერთად დაიწყო ქეიფი. მალე მათ შეუერთდნენ მთვრალი თ. ქ. რომელიც მივიდა თავისი კუთვნილი ა/მანქანა “ვაზ-2101”-ით, ბ. ა-ს ძმა _ მ. ა. მეგობარ ქალთან _ ნ. ს-თან ერთად, რომლებმაც მიიტანეს არაყი და რამდენიმე ბოთლი ლუდი. მათი მისვლისთანავე, ყველამ ერთად გააგრძელა არყისა და ლუდის დალევა. მოქეიფეთა ურთიერთობა თავიდან ნორმალური იყო, მაგრამ, რაც უფრო მეტად დათვრნენ, სიტუაცია დაიძაბა, რასაც მოჰყვა ბ. ა-სა და თ. ქ-ს შორის შეკამათება, რა დროსაც აგინეს ერთმანეთს დედის მისამართით. მათ შორის ჩხუბი აღკვეთა მ. ა-მა, რომელმაც უთხრა ქ-ს, რომ ძალიან მთვრალი იყო და სთხოვა, წასულიყო სახლში, რაზედაც თ. ქ. დაეთანხმა და თავისი ავტომანქანით, დაახლოებით 24 საათზე, წავიდა ბ-ს სახლიდან. ქ-ის წასვლის შემდეგ ა. პ-მა უთხრა ბ. ა-ს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიებინა თ. ქ-სათვის დედის გინება და თუ მას არ შეეძლო, თვითონ გადაუხდიდა სამაგიეროს და გაუსწორდებოდა მას.

თ. ქ-ს თ. ბ-ს სახლიდან წასვლისთანავე, დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, მ. ა. და მისი მეგობარი ქალი ნ. ს-ც წავიდნენ ამ უკანასკნელის სახლში, რომელიც მდებარეობს ვ. ბ-ს სახლის მახლობლად, იმავე ქუჩაზე. მათი წასვლიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ვ. ბ-საგან წავიდნენ ბ. ა., ა. პ. და ზ. ნ.. ბ. ა-მა გააღვიძა და თავისთან წაიყვანა იქვე, ახლოს მცხოვრები თავისი მეგობარი ბ. გ., რომელსაც მთავრალს ეძინა თავისი გერი დის _ მ. ბ.-ს სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა საპატიმრო ადგილიდან დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე. როდესაც გზად მიმავალი ბ. ა. და მისი მეგობრები მიუახლოვდნენ ნ. ს-ს სახლს, შენიშნეს, რომ ჭიშკართან გაჩერებული იყო თ. ქ. თავისი მანქანით. მისი დანახვისას ბ. ა-მა გადაწყვიტა, მოტყუებით წაეყვანა იგი თავის სახლში ანგარიშსწორების მიზნით და სთხოვა თ. ქ-ს, რომ იგი და მისი თანმხლები ჩაეყვანა სახლში, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ბ. ა., ბ. გ., ა. პ. და ზ. ნ. თ. ქ-მა ჩაიყვანა ქ. წნორში, ..., სადაც ეძინათ ბ. ა-ს არარეგისტრირებულ მეუღლეს _ მ. გ-ს და მასთან სტუმრად მყოფ ნ. ი-ს. ბ. ა-ს ეზოში შესვლის შემდეგ, ბ. ა-მა და მისმა მეგობრებმა თ. ქ. გაიყვანეს მეორე სართულის ღია აივანზე, წააქციეს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად, ხელითა და ფეხებით დაუწყეს ცემა სახისა და თავის არეში. ამ ხმაურზე ოთახიდან გამოვიდა მ. გ., რომელმაც სთხოვა ბ. ა-ს, ა. პ-ს, ზ. ნ-სა და ბ. გ-ს, შეეწყვიტათ თ. ქ-ს ცემა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს და გააგრძელეს წაქცეულის ცემა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

თ. ქ-ს სიკვდილში დარწმუნებულმა ბ. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა, გამოძიების მცდარ კვალზე დაყენების მიზნით, გარდაცვლილის გვამი მოათავსეს მისივე ავტომანქანის საბარგულში და ვინაიდან ძრავა საიდუმლო ჩამკეტით იყო გათიშული და მისი ამუშავება ვერ შეძლეს, ავტომანქანა ხელით ამოაგორეს ა-ების ჩიხიდან გრუნტოვანი დამრეცი გზით, დაახლოებით 90 მეტრის მანძილზე ალაზნის ქუჩის იმ მონაკვეთამდე, საიდანაც დაღმართი გზა მიემართება ქ. წნორის ტერიტორიის მიმდებარე ვენახებისაკენ, თავდაღმართი გზით ჩააგორეს დაახლოებით 2 კილომეტრით ჩრდილოეთით, ვენახებში, რის შემდეგაც გვამი გადაიტანეს მანქანის სალონში და თვითონ, პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით, მიიმალნენ. ისინი პოლიციელებმა დააკავეს 2002წ. 27 აგვისტოს.

ბ. ა., იმყოფებოდა რა ქ-ს განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენაში სხვა თანამონაწილეებთან ერთად მიმალვაში, თავის თანამზრახველ და მეგობარ ბ. გ-თან ერთად, 2002წ. 27 აგვისტოს, შუადღისას, თავს აფარებდა ქ. წნორში, ..., რომელსაც პოლიციის მუშაკებმა ალყა შემოარტყეს. დაკავებისას ბ. ა-მა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მუშაკებს და დაემუქრა ხელყუმბარის აფეთქებით, მაგრამ პოლიციელებმა მისი წინააღმდეგობა აღკვეთეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ბ. ითხოვს განაჩენის ბ. ა-ს მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში განაჩენი ემყარება ბ. ა-ს ცოლის _ მ. გ-სა და მისი მეგობრის _ ნ. ი-ს წინასწარ გამოძიებაში კანონის დარღვევით მიღებულ ჩვენებებს, რომლებმაც გამოძიების სტადიაშივე შეცვალეს ჩვენებები;

მსჯავრდებულმა ზ. ნ-მა წინასწარ გამოძიებაშივე აღიარა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა, გამოძიება და სასამართლო კი მას არ უჯერებენ; აბსურდულად არის ახსნილი მკვლელობის მოტივი და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დაშვებულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები, კერძოდ: მოწმეები გ. და ი. დაკითხულ იქნენ პოლიციის განყოფილებაში; არ ჩატარებულა სავალდებულო ექსპერტიზა, ბრალდებულნი სამართლაში მიცემული იქნენ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ადვოკატი თ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს აგრეთვე, რომ გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 16 მაისის განჩინება _ ბრალდებულის სამართლში მიცემის შესახებ, იმავე სასამართლოს 11 ივნისის განჩინება ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, იმავე სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინება სასამართლო შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. შოშიაშვილის 2003წ. 17 მარტის ბრძანება. მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინებები და ბრძანება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

მსჯავრდებული ა. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა საპროცესო ნორმების დარღვევით და უკანონოდ მიუსაჯეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ზ. ნ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. მ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ზ. ნა-ს ქმედების სსკ-ის 375-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ამის მიხედვით სასჯელის განსაზღვრას, მიუთითებს, რომ ზ. ნ-მა ბ. ა-ს ზემოქმედებით დაიბრალა, რომ თითქოს მან ჩაიდინა ქ-ს მკვლელობა, სინამდვილეში კი მას მონაწილეობა არ მიუღია მკვლელობის ჩადენაში, მან მხოლოდ დაფარა დანაშაული.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატამა თ. ბ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ასევე ადვოკატმა ნ. ა-მ და მსჯავრდებულმა ბ. ა-მა.

მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ ა. მ-მა და ხ. ყ-მა მხარი დაუჭირეს ზ. -ს მიმართ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლეს მათი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატების მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული ზ. ნ..

მსჯავრდებულ ა. პა-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ ს. უ-მ და ე. ბ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს ა. პ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. საჩივრის მოთხოვნას და ადვოკატების პოზიციას დაეთანხმა მსჯავრდებული ა. პ..

მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ს-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ს მონაწილეობა არ მიუღია თ. ქ-ს მკვლელობაში და იგი უკანონოდაა მსჯავრდებული, იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და გ-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ, თუკი პალატა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელად ჩათვლის, მაშინ შუამდგომლობს განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.

მსჯავრდებული ბ. გ. დაეთანხმა ადვოკატ ს. ს-ს მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-მ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის მასალებით დადგენილია, მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და იშუამდგომლა ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების: ბ. ა-ს, ა. პ-ს, ბ. გ-სა და ზ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენელია, როგორც საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მათი მსჯავრდებულებთან დაპირისპირებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თვით მსჯავრდებულთა მიერ მიცემული ჩვენებებითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით, რის შესახებ დეტალურადაა მითითებული განაჩენში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ თ. ქ-ს მკვლელობა ჩაიდინა ოთხივე მსჯავრდებულმა და ოთხივენი მონაწილეობდნენ მის ცემაში, რასაც შედეგად მოჰყვა თ. ქ-ს სიკვდილი. მსჯავრდებულებმა შემდეგ, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ავტომანქანა გადაადგილეს ვენახებისკენ, ავტომანქანის სალონში გადაიტანეს გარდაცვლილის გვამი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების: ბ. ა-ს, ა. პ-ს, ბ. გ-სა და ზ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მათ ქმედებას სასამართლო კოლეგიის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და არ არსებობს არავითარი საფუძველი განაჩენის გაუქმებისათვის.

ამასთან, პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, რადგან მოწმეები წინასწარი გამოძიების დროს დაკითხეს პოლიციის განყოფილებაში, ამიტომ მათი ჩვენებები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად. პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ადვოკატის მიერ დაყენებული იყო საქმის განმხილველ სასამართლო კოლეგიის წინაშე, რომელმაც გამოიკვლია მოწმეთა მიერ ჩვენებების მიცემის გარემოებები და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებების ჩამორთმევისას, არ დარღვეულა მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნა, რის გამოც არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მკვლელობის მოტივი, რის შესახებ სათანადო მსჯელობა არის განაჩენშიც. საკასაციო საჩივრის მითითება ამ საკითხთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ თ. ბ-ს მოთხოვნას სასამართლო კოლეგიის განჩინებების, ასევე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შესახებ. სასამართლო კოლეგიის მიერ ბრალდებულები საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნენ მიცემული სამართალში და აღნიშნული დადგენილების გაუქმების კანონიერი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება. ასევე არ არსებობს არავითარი საფუძველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად არცნობის შესახებ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებისათვის. მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია ძველ ბლანკზე, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება მის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი გახდეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი არავის არ გაუხდია სადავოდ. ასევე კანონიერია სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის განჩინება, რადგან არ არსებობდა სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი სასამართლო კოლეგიის აცილებისათვის.

ადვოკატ თ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მითითება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის ბრძანების გაუქმების შესახებ ვერ იქნება დაკმაყოფილებული. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2003წ. 17 მარტს სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა არ დაამტკიცა მოცემულ საქმეზე შედგენილი საბრალდებო დასკვნა და თავისი მითითებებით საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. იმავე დღეს გამომძიებელმა საქმე მიიღო წარმოებაში და რაიონული სასამართლოს წინაშე აღძრა შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე მ. შოშიაშვილმა დააკმაყოფილა.

მოსამართლის ბრძანება გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 162-ე მუხლის მესამე ნაწილიდან, სადაც მითითებულია, რომ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს, გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. მოცემულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა სასამართლოს არ დაურღვევია და, ამდენად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ბრძანების გაუქმების საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. პ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ. საქმის მასალებით მსჯავრდებულ ა. პ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. წინასწარი გამოძიების სტადიაზე არ დარღვეულა ა. პ-ს დაცვის უფლება და არ არსებობს კანონიერი საფუძველი მის მიმართ განაჩენის გაუქმებისათვის. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოძიების სტადიაზე საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა არ მომხდარა.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. -ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ. ნ-ს ქმედების სსკ-ის 375-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, რადგან ზ. ნ-ს მონაწილეობა თ. ქ-ს მკვლელობაში საქმის მასალებით, მათ შორის - თვით ზ. ნ-ს აღიარებით ჩვენებებითაც დადასტურებულია და არ არსებობს კანონიერი საფუძველი მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის.

საკასაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის საფუძველზე სარევიზიო წესით შეამოწმა აგრეთვე მსჯავრდებულ ბ. გ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის კანონიერება. პალატა თვლის, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულების: ა. პ-ს, ზ. ნ-სა და ბ. გ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს, თვლის, რომ თითოეულ მათგანს 2-2 წლით უნდა შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელის ზომა, ხოლო ბ. ა-ს მიმართ კი განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განაჩენი ბ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

იგივე განაჩენი ა. პ-ს, ზ. ნ-სა და ბ. გ-ს მიმართ შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ა. პ-ს, ზ. ნ-სა და ბ. გ-ს განაჩენით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეთ 2-2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროთ: ა. პ-ს _ 16 წლით, ზ. ნ-ს _ 13 წლით და ბ. გ-ს _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.