საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.10.2003
საქმის ნომერი
2კ-99კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 99-კოლ 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ქ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ივნისის განაჩენით მ. ს. მსჯავრდებულ იქნა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ე.ი. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და მე-19_109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით მ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 23 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ნ. ხ. და მ. შ. ქ. ჭიათურაში, ... მდებარე პურის საცხობში მივიდნენ და გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ალკოჰოლური სასმელის დალევა დაიწყეს. დაახლოებით 22 საათზე პურის საყიდლად საცხობში მ. ს. მივიდა, რომელსაც ნ. ხ-მ ჭიქით არაყი მიაწოდა და სთხოვა, დაელოცა დღესასწაული. მ. ს-მ სასმელის დალევაზე უარი განაცხადა, რის გამოც ნ. ხ. და მ. ს. შელაპარაკდნენ და ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი გააშველეს პურის საცხობის მეპატრონეებმა _ კ. ე-მა და ვ. ე-მ. ამ უკანასკნელმა ნ. ხ. და მ. შ. გარეთ გამოაცილა. რამდენიმე წუთში ნ. ხ. და მ. შ. ქურთუკის წამოსაღებად უკან დაბრუნდნენ, რა დროსაც მ. შ-მ მ. ს-ეს სახეში ხელი გაარტყა, რაც იქვე მდგომ კ. ე-საც მოხვდა, რის გამოც იგი მ. შ-ს შეეკამათა. ნ. ხ-სა და მ. შ-ს მოქმედებით განაწყენებულმა მ. ს-მ შურისძიების მოტივით მათი მოკვლა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი გარეთ გავიდა და საცხობის კართან მდგარ ნ. ხ-ს თანნაქონი ჯიბის დანის ერთხელ დარტყმით კისრის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება _ საძილე არტერიისა და ტრაქეის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა _ მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ამ დროს პურის საცხობის შენობიდან გამოსულმა მ. შ-მ დაინახა, რომ მ. ს-ს წაქცეული ჰყავდა ნ. ხ.. მან გაშველების მიზნით ხელის კვრით მოაცილა მ. ს. ნ. ხ-ს. ს., მოქმედებდა რა შურისძიების მოტივით ნ. ხ-სა და მ. შ-ს მოკვლის ერთიანი განზრახვით, უკნიდან მიეპარა ნ. ხ-ს წამოსაყენებლად დახრილ მ. შ-ს და ზურგში დაარტყა დანა, რითაც მას ნაკვეთი ჭრილობის სახით ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. დანის ერთხელ დარტყმით ვერ მოიყვანა რა სისრულეში მ. შ-ს მოკვლის განზრახვა, მ. ს. განმეორებით შეეცადა მისთვის დანის დატყმას, რა დროსაც მ. შ-მ წინააღმდეგობა გაუწია და დანის წართმევა სცადა. მ. ს. მოქმედებდა რა ორი პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით, ცდილობდა მ. შ-სათვის იმავე ადგილას მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, ისევე როგორც ნ. ხ-სათვის, მაგრამ მისი მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო ყელის არეში რამდენჯერმე მოქნეული დანა მ. შ-ს მარცხენა ლოყისა და გულმკერდის მიდამოში მოხვდა, რითაც მან მარცხენა ლოყაზე ორი _ 5 და 6 სანტიმეტრის, ხოლო გულმკერდის მარცხენა ნახევარში 2 სანტიმეტრის სიგრძის, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღო. მ. შ-მ შეძლო მ. ს-სთვის დაეჭირა დანიანი ხელი, რა დროსაც ორივე წაიქცა და მ. ს-ს ხელთ არსებული დანა გატყდა, რის გამოც მან მ. შ-ს მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დანის გატეხვის შემდეგ მ. ს-მ გ. შ-სთან ჩხუბი შეწყვიტა და პურის საცხობის შენობაში შევიდა, სადაც იგი რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. ს-ს დამცველმა, ადვოკატმა ვ. ქ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იხოვს მასში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ, მიაჩნია, რომ სსკ-ს 108-ე მუხლითა და მე-19-109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ს 111-ე მუხლით, როგორც უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი განზრახი მკვლელობა და სასჯელიც შესაბამისად მას ამ მუხლით უნდა განესაზღვროს.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა მ. ს-მ და მისმა დამცველმა ვ. ქ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. ხ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ბ. გ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც დაზარალებულ გ. შ-ს, ისე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გარდაცვლილმა ნ. ხ-მ სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, მიიღო მსჯავრდებულ მ. ს-სგან, რომელმაც ორმხრივი ჩხუბის დროს მას დანა დაარტყა კისრის არეში. ამას არც მ. ს. უარყოფს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის იძულებული იყო, დანა გამოეყენებინა, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მასალებით. იგივე უნდა ითქვას მ. ს-ს მიერ დაზარალეებულ მ. შ-ს მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელისათვის დანით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენების თაობაზე, რა დროსაც მის მიმართ მკვლელობის მცდელობა მსჯავრდებულმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან მ. შ-მ მას აქტიური წინააღმდეგობა გაუწია.

ნ. ხ-სა და მ. შ-ს მოკვლის განზრახვა მ. ს-ს გაუჩნდა მათთან პურის საცხობში მომხდარი კონფლიქტისა და ჩხუბის გამო, რა დროსაც მათ სცემეს მ. ს-ს და რის გამოც მან გადაწყვიტა, შური ეძია, რაც ცოტა ხნის შემდეგ სისრულეში მოიყვანა, როდესაც ისინი ჩხუბის შემდეგ პურის საცხობიდან გამოვიდნენ.

მართალია, საქმეში არის საქმის წინასწარი გამოძიებისას ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქმედების ჩადენისას მ. ს. იმყოფებოდა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, მაგრამ შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ჩატარებული დამატებითი ფსიქოლოგიური ექსერტიზის დასკვნით ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გაბათილებულია, რის გამოც არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებული იმყოფებოდა ფიზიოლოგიურ აფექტში.

ამრიგად, დაცვის მხარის მიერ წამოყენებული ვერსიები იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისაკენ უბიძგა აწ გარდაცვლილ ნ. ხ-სა და დაზარალებულ მ. შ-ს უკანონო მოქმედებით გამოწვეულმა ემოციურმა აფეთქებამ და რომ ს. იძულებული იყო, დანა ეხმარა მათ მიმართ, რადგან იმყოფებოდა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო ვითარებაში, არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით.

აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2003წ. 20 ივნისს მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.O

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ს-ს დამცველის, ადვოკატ ვ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 ივისის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.