საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 21.10.2003
საქმის ნომერი
2კ-111კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 111-კოლ 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ გ.ა-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ივლისის განაჩენზე ი. ზ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ივლისის განაჩენით ი. ზ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ი.ზ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2002წ. 14 დეკემბერს ი. ზ. თავის მეუღლე ს. ზ-სთან ერთად გადავიდა და იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. 2002წ. 17 დეკემბერს, ქ.ტრაბზონში ყოფნისას, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 21,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი _ 21,5 გრამი მან შეინახა ქ.ბათუმში მომავალ ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტის” წინა სავარძლის შალითის ქვეშ, მარცხენა ნაწილში, საზურგესა და საჯდომ ადგილს შორის, ხოლო ნაწილი _ 0,330 გრამის ოდენობით _ ტყავის ქურთუკის მარცხენა ქვედა ჯიბეში, რაც უკანონოდ გადმოზიდა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში “სარფის” საკონტროლო-საბაჟო პუნქტის გავლით. ნარკოტიკული საშუალების გადმოზიდვის გაადვილების მიზნით, მან თურქეთის მხარის საბაჟოსთან ცოლთან ერთად დატოვა ავტომანქანა და ფეხით გადმოკვეთა საზღვარი. საქართველოს მხარეს შევიდა კაფე-ბარში, დაელოდა მიკროავტობუსის გადმოსვლას და როდესაც დაინახა, რომ ავტობუსი შეფერხების გარეშე გამოსცდა საქართველოს საზღვარს, იქირავა “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანა და გაემგზავრა ქ.ბათუმისკენ. ... ქუჩის ბოლოს, 11-სართულიანი სახლის წინ, იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა, სადაც მოწმეთა თანდასწრებით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას სხვა ნივთებთან ერთად ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩნდა 0,330 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, გაჩხრეკილ იქნა მიკტოავტობუსი, რომლითაც მგზავრობდა ი.ზ.. ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტის” ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მასში ი.ზ-ს მიერ დამალული 21,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ.ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს ი.ზ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ი.ზ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარდა სისხლის სამართლაწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას, განაჩენი ემყარება კანონის აშკარა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

პროკურორი ე.ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ი.ზ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ი.ზ-ს ბრალი 21,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანის თაობაზე დადგენილი და დადასტურებულია. საქმის მასალების მიხედვით პოლიციის თანამშრომლებმა: ჯ.ა-მ, გ.ა-მ, ჯ.მ-მ და გ.შ-მ უცნობი მოქალაქისაგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (რომელიც გამოძიებას და სასამართლოს არ გადაუმოწმებიათ) დაუწყეს თვალთვალი ი.ზ-ს. მოწმე ბ.ც-ს განმარტებით, სამძებრო განყოფილებაში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ჯგუფი, რომლის წევრიც ის იყო, დასაკავებლად ეძებდა პირს, რომელიც იყენებდა და ატარებდა ნარკოტიკულ საშუალებას. ოპერაცია დილის საათებში უნდა ჩატარებულიყო. ინფორმაციის საფუძველზე გადმოცემული ავტომანქანა უნდა დაკავებულიყო. ვფიქრობთ, იგულისხმება ტაქსი, რომლითაც ი.ზ. მეუღლესთან ერთად ბათუმში გამოემგზავრა და რომელიც ტ.აბუსერიძის ქუჩაზე გააჩერეს და ი.ზ. გაჩხრიკეს. სასამართლო არ აკონკრეტებს ოპერატიული ინფორმაციის შინარსს იმის თაობაზე, რომ თავიდანვე იყო ინფორმაცია “რაფის” ტიპის მიკროავტობუსში, რომლითაც ი.ზ. მგზავრობდა, ნარკოტიკული საშუალებების არსებობის ფაქტზე.

თუ გავიზიარებთ სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ ინფორმაცია არსებობდა ი.ზ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკული საშუალების შეძენის თაობაზე და “ფორდ-ტრანზიტის” ტიპის ავტომანქანით მისი მგზავრობის შესახებ, რის გამოც მას უთვალთვალებდნენ, გაუგებარია ი.ზ-ს დაკავება მხოლოდ ქ.ბათუმში შემოსვლისას და ამის შემდეგ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დადგენა იმ მიკროავტობუსისა, რომლითაც ი.ზ. მგზავრობდა.

განაჩენით ვერ დგინდება, ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” ჩხრეკა ემყარებოდა ოპერატიულ ინფორმაციას, თუ ი.ზ-ს ნებაყოფლობით განცხადებას ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე ავტომანქანით გადმოტანის შესახებ. თუ ვიმსჯელებთ პირადი ჩხრეკისას ი.ზლობინის ქცევაზე, როდესაც მას პოლიციის თანამშრომელმა ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო ნარკოტიკული საშუალება, რასაც ი.ზ-ს მიერ ფაქტის უარყოფა და მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ ამოღებული ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ნივთიერება მისი არ იყო და ჯიბეში ჩაუდეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ნებაყოფლობით ეღიარებინა “ფორდ-ტრანზიტის” ტიპის ავტომანქანით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გადმოტანის ფაქტი. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ განაჩენში ი.ზ-ს ახსნა-განმარტებასა და ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმზე მიუთითა, სადაც ი.ზ-მა აღიარა ყოველივე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმი, როგორც საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებული, წინასწარ გამოძიებაშივე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი.

განაჩენი ვერ უთითებს ი.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” ჩხრეკის ზუსტ დროს. გაურკვეველია, რატომ არ დაასწრეს ი.ზ. ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” ჩხრეკას. სასამართლოზე მოწმე პოლიციელმა ბ.ც-მ განაცხადა, რომ მიკროავტობუსის ჩხრეკის დამთავრების შემდეგ, კაბინეტში ასვლისას, ი.ზ. მიყვანილი იყო პოლიციის სამმართველოში; თუ რატომ არ დაასწრეს ი.ზ. ჩხრეკას, აღნიშნულზე ყურადღება არ გაუმახვილებია. თუ ი.ზ-მა ნებაყოფლობით მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის შესახებ და ის იმავდროულად იმყოფებოდა სამმართველოს შენობაში, სსკ-ს 316-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო ამოღება. მით უფრო, რომ პოლიციის სამმართველოს შენობასთან საკუთარი ინციატივით მისულმა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” მძღოლმა ნებაყოფლობით მიუთითა ის ადგილი, სადაც ი.ზ. და მისი მეუღლე ისხდნენ.

მოწმე გ.თ-ს სასამართლოზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ გაურკვეველია თეთრი მიკროავტობუსის პოლიციის სამმართველოში მისვლის დრო და მიზეზი.

ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” მძღოლი ი.ჯ. უჩვენებს, რომ საზღვრის გადმოკვეთის და შემოწმების შემდეგ, დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე, ჩამოვიდა სარფიდან და ი.ზ-ს ადგილი ცარიელი იყო. 30-40 წუთში მძღოლი შევიდა ქ.ბათუმის ავტოსადგომში. სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერებასთან მანქანა გათავისუფლდა მგზავრებისაგან. შემდეგ იგი თურქეთის საკონსულოს გვერდით მდებარე ოფისში მივიდა, სადაც დაურეკა ნაცბობმა მძღოლმა ბ.ბ-მა და უთხრა, რომ თავისი მიკროავტობუსით იმყოფებოდა ტელმანის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოს ეზოში და მისულიყო მასთან. პოლიციის სამმართველოსთან მისვლის შემდეგ, მას გარდა ბ.ბ-სა, იქ დახვდა ნაცნობი გ.ჭ. თავისი მიკროავტობუსით და მათი თანდასწრებით ჩატარდა მისი მიკროავტობუსის ჩხრეკა. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ა.ჯ. მიუთითებს, რომ საკონსულოსთან ის 3-4 საათი იდგა და შემდეგ დაუკავშირდა მძღოლებს: გ.ჭ-ს და მ-ს, რომლებმაც უთხრეს, რომ ტელმანის ქუჩაზე იყვნენ და თავისი ნებით მივიდა მათთან. პოლიციის სამმართველოში მისვლის შემდეგ გაიჩხრიკა მისი მანქანა. მოწმე გ.ჭ-ს განმარტებით, ტელმანის ქუჩაზე ის მიიყვანეს 9-10 საათზე, ხოლო სამ-ოთხ საათში მივიდა ი.ჯ.. ი.ჯ-ს პოლიციის სამმართველოში მისვლის დროდ მოწმე გ.ჭ. შუადღის სამ-სამის ნახევარს უთითებს. ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტის” ჩხრეკის მონაწილე ექსპერტი ტ.მ. განმარტავს, რომ ჩხრეკა დაახლოებით შუადღისით ჩატარდა.

მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, სასამართლოს არ დაუზუსტებია ი.ჯ-ს ავტომანქანის ჩხრეკის დრო; ასევე, არ გაუბათილებია დაცვის მხარის მიერ დაყენებული საკითხი: ავტომანქანის ჩხრეკის დაგვიანებით _ დაახლოებით ოთხი საათისათვის ჩატარებისა და ჩხრეკის დროს ამოღებული 21,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალებაზე წინასწარ, პოლიციის სამმართველოში უკვე რამდენიმე საათით ადრე მიყვანილი ი.ზ-ს მიერ ხელის შეხების შესახებ.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ ი.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტში” აღმოჩენილი 21,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნამდვილად ი.ზ-ს ეკუთვნოდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი.ზ. და მისი მეუღლე ავტომანქანიდან ჩამოვიდნენ “სარფის” საკონტროლო-საბაჟო პუნქტთან 2003წ. 18 დეკემბერს, დაახლოებით 7-8 საათზე, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო იმავე დღეს, 11 საათსა და 30 წუთზე, ე.ი. ი.ზ-ს მიერ ავტომანქანის დატოვებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ მაინც. ვარაუდი იმისა, რომ ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტში” აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება სწორედ დროის აღნიშნულ შუალედში მოხვდა ავტომანქანაში ან რომ ის უდავოდ ი.ზ-ს ეკუთვნოდა, სასამართლოს არ გაუბათილებია. მით უმეტეს, რომ საბაჟო პუნქტის გავლისას თურქეთიდან მომავალ ავტომანქანას პრობლემა არ შექმნია და შეუფერხებლად გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ავტომანქანის ყველა მგზავრი არ არის დაკითხული და, ამდენად, უტყუარად არ არის დადგენილი ავტომანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების მსჯავრდებულისათვის კუთვნილების საკითხი.

ფაქტი, რომ ი.ზ-მა და მისმა მეუღლემ სარფში დატოვეს ავტომანქანა, დაიქირავეს ტაქსი და წავიდნენ ბათუმისკენ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ი.ზ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გადმოზიდვის დამადასტურებელ გარემოებად. პირიქით, თუ ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ი.ზ-ს ეკუთვნოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტში” უმეთვალყურეოდ დაეტოვებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, რომ ი.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში აღმოჩენილი 21,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნამდვილად ი.ზ-ს ეკუთვნოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, რაც მოცემულ საქმეზე შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ზ-ს უნდა მოეხსნას სსკ-ს 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

რაც შეეხება პირადი ჩხრეკისას ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილ 0,330 გრამ ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს” და ამ ნაწილში ი.ზ-სთვის წარდგენილ ბრალდებას, საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია და თვლის, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ი.ზ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, რომ ი.ზ. არის მძიმე ავადმყოფი, კმაყოფაზე ჰყავს ცოლი და ავადმყოფი დედა, სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ივლისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ი. ზ-ს მოეხსნას სსკ-ს 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და მის მიმართ საქმე ამ ნაწილში შეწყდეს.

ი. ზ-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.