საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 114-კოლ 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განაჩენზე, რომლითაც რ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 12 ივნისიდან.
იმავე განაჩენით პირობითი მსჯავრით მსჯავრდებულნი არიან ა. გ. და ლ. ნ., რომლებიც განაჩენს არ ასაჩივრებენ.
მსჯავრდებულ რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ითხოვს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, პატიმრობიდან განთავისუფლებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას უდანაშაულობის მოტივით. იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა უდანაშაულოდ არ ცნობს, ითხოვს სასჯელის შემცირებას.
დაზარალებულის შესაგებელი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ლ.E ბავშვობიდან იცნობდა ნ. ბ-ძეს, მოსწონდა ის და სურდა მისი ცოლად შერთვა. 2001წ. 13 დეკემბერს იგი ამის თაობაზე ესაუბრა ნ. ბ-ძეს, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან მიიღო კატეგორიული უარი. ამის გამო რ. ლ-მ განიზრახა ნ. ბ-ძის მოტაცება, რისი სისრულეში მოყვანის მიზნითაც დანაშაულებრივად დაუკავშირდა: ლ. ნ-ს, ა. გ-ს, დ. კ-ს, არასრულწლოვან ა. კ-ს, კერძო ტაქსის მძღოლ ს. ფ-ს და მათი დახმარებით 2001წ. 14 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ქ. ქუთაისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმავალი ნ. ბ-ძე ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ს. ფ-ს მართვის ქვეშ მყოფ “ჟიგულის” მარკის ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და, წინააღმდეგობის მიუხედავად, წაიყვანეს ცაგერის რაიონის სოფ.ლაცორიაში, სადაც ლ. ნ-ს კუთვნილ სახლში, სხვა პირების დაუხმარებლად, რ. ლ-მ იმავე დღეს, ნ. ბ-ძის ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით გააუპატურა ის.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ბ-მა ითხოვა ნ. ბ-ძის გაუპატიურების ბრალდების ნაწილში რ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მისი უდანაშაულობის მოტივით, ხოლო უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქება მსჯავრდებულის ავადმყოფობისა და პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, Eშეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით;
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება რ. ლ-ს ბრალეულობა მასზე Eშერაცხულ ბრალდებაში, სახელდობრ: რ. ლ-ს მიერ სხვა პირების დახმარებით ნ. ბ-ძის მოტაცებისა და მისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტი დადგენილია დაზარალებულ ნ. ბ-ძის, ავტომანქანის მძღოლ ს. ფ-ს, მოტაცებაში მონაწილე პირების _ ა. გ-სა და ლ. ნ-ს, მოწმეების _ ა. კ-ს, ე. ჭ-სა და ე. ს-ს ჩვენებებით. ნ. ბ-ძის მოტაცების ფაქტს არც თვითონ მსჯავრდებული რ. ლ. უარყოფს.
პალატა თვლის, რომ, მას შემდეგ, რაც ნ. ბ-ძის მოტაცებისა და სხვა რაიონში მისთვის უცხო სახლში უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტი უდავოდ დადგენილია, სასამართლო კოლეგიამ სავსებით სწორად მიიჩნია დამაჯერებლად დაზარალებულის ჩვენება იმის თაობაზე, რომ რ. ლ-მ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოახერხა ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით. დაზარალებულის ჩვენება განმტკიცებულია სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა მიიჩნევს: საკასაციო საჩივრის მოსაზრება, რომ თითქოს ნ. ბ-ძის მოტაცება ამ უკანასკნელთან შეთანხმებული ინსცენირება იყო, ხოლო სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით მოხდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის Eშემცირების თაობაზე. რ. ლ-ს შეფარდებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საკასაციო პალატაში წარმოდგენილი არ არის, სასჯელის მოხდისაგან მისი განთავისუფლების საკითხი შეიძლება დაისვას საქართველოს სსსკ-ს 608-ე მუხლის საფუძველზე. ამჟამად კი პალატას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ამ მოტივით იმსჯელოს რ. ლ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებაზე.
პალატა თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით ვერ დასტურდება საკასაციო საჩივრის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის დროს დაირღვა საპროცესო ნორმები და განსასჯელის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
პალატამ სარევიზიო წესით შეისწავლა რა განაჩენის კანონიერება ა. გ-სა და ლ. ნ-ს მიმართ, თვლის, რომ განაჩენი მათ მიმართაც კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განაჩენი რ. ლ-სა და სხვათა მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.