საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹140-კოლ 2 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ ჯ. ს-სა და მსჯავრდებულ კ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის განაჩენით კ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით და, სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით, მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით კ.კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეცნობით ჩაიდინა არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 22 ივლისს, 00 საათსა და 30 წუთზე, კ. კ-მა ქ.ქუთაისში, ... ¹10 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, პირთა ჯგუფთან, გამოძიებით დადგენილ ორ და დაუდგენელ ორ თანამზრახველთან, აგრეთვე “ჟიგულის” მარკის დაუდგენელ მძღოლთან წინასწარი შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანა სალონში ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოათავსა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ცოლად შერთვის მიზნით, წინასწარი შეცნობით მოიტაცა არასრულწლოვანი თ. ლ., რომელიც წაიყვანა ტყიბულის რაიონის სოფ. ხრესილში, ბებიის საცხოვრებელ სახლში. იმავე დღეს თ.ლ-ს ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა მისი ახლობლებისათვის და დააბრუნეს სახლში.
გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორი ჯ.ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს კ.კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი არის მეტისმეტად მსუბუქი და შეუსაბამო ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებასთან.
მსჯავრდებული კ.კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ პირობითი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მის ქმედებას არ მოჰყოლია მძიმე შედეგი. როგორც კი დარწმუნდა, რომ თ.ლ. კატეგორიული წინააღმდეგი იყო ცოლად წაჰყოლოდა, არანაირი ძალადობა არ უხმარია და შეატყობინა მის მშობლებს, რათა იგი ოჯახში დაბრუნებულიყო.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი.მ. ითხოვს კ.კ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და მის მიმართ პირობითი მსჯავრის შეფარდებას.
პროკურორი ბ.გ. მხარს უჭერს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ ჯ.ს-ს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით დადგენილია და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ კ.კ-მა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რასაც არც კასატორები ხდიან სადავოდ და განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში ასაჩივრებენ.
პალატა ვერ გაიზიარებს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ ჯ.ს-ს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ კ.კ-სთვის დანიშნული სასჯელის ზომა აშკარად ლმობიერი და შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ.კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული არ იყო დაკავშირებული ანგარებასთან ან სხვა ქვენა გრძნობასთან და მიზნად ისახავდა ოჯახის შექმნას; იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ახალი გარდაცვლილი ჰყავს მამა; არის ახალგაზრდა, ოჯახის ერთადერთი შვილი; ხასიათდება დადებითად; დაზარალებული მხარე არ არის დაინტერესებული, რომ იგი მკაცრად დაისაჯოს და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ კანონით დასაშვები ყველა შესაძლო შეღავათის გამოყენებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას კ.კ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. ამასთან, არ იზიარებს მსჯავრდებულის საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ პირობითი მსჯავრის შეფარდების შესახებ და მიაჩნია, რომ, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ.კ-ს სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს 6 თვით და სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის _ ჯ. ს-სა და მსჯავრდებულ კ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ კ. კ-ს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.