საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 147-კოლ 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ა., _ დაბადებული .. წელს, ქართველი, უცოლშვილო, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის “ი” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თვრამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 2002წ. 23 ნოემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2002წ. 19 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხეში, მიტოვებულ პურის საცხობში, ანგარების მიზნით, დამამძიმებელ გარემოებაში, დანის რამოდენიმე დარტყმით განზრახ მოკლა ნ. კ., რომელსაც ჯიბიდან ამოუღო 27 ლარი და მიიმალა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და ადვოკატი მიიჩნევენ, რომ სასამართლო კოლეგიამ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულის გამო ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. შ-მა და მსჯავრდებულმა გ. ა-მ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და ის უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ სავსებით სრულყოფილად, ყოველმხრივ და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დაადგინა კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების არავითარი კანონიერი საფუძველი საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის.
კასატორების მოსაზრება, რომ ნ. კ-ს მკვლელი შეიძლება სხვა პიროვნება იყოს, მაგრამ ამის თაობაზე მსჯავრდებულის დედის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოძიებამ და სასამართლომ არ მოისმინა და არ გამოიკვლია, სრულიად უსაფუძვლოა. ანალოგიური მოსაზრება ადვოკატმა ა. შ-მა საკასაციო პალატის სხდომაზეც განაცხადა, რაზედაც მსჯავრდებულის დედამ განმარტა: “ნ. კ. მოკლული იქნება ვინმე მდიდარი პირის მიერ, რის გამოც გარდაცვლილის მშობლები მას ხელს აფარებენ”. პალატა თვლის, რომ ეს განმარტება სრულიად არალოგიკურია და ის განაჩენის გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
სრულიად დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ის მოსაზრებაც, რომ მსჯავრდებულმა წინასწარ გამოძიებაში ჩადენილი დანაშაული უკანონო ზეწოლის შედეგად აღიარა. აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე მონაცემი საქმეში არ მოიპოვება.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ გ. ა-ს მიმართ სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ა-სა და ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 17 ოქტომბრის განაჩენი გ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.