საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.12.2003
საქმის ნომერი
2კ-148კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 148-კოლ 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბერის განაჩენით რ. ა-ს საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის I და II ნაწილებით, 143-ე მუხლის I ნაწილით, 353-ე მუხლის I ნაწილითა და 120-ე მუხლით სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

რ. წ-ს საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის I და II ნაწილებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით რ. ა-სა და რ. წ-ს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2001წ. აპრილში რ. წ-მ შეიტყო, რომ მეზობელი რ. ა. ბრალს სდებდა ქურდობაში, რის გამოც განაწყენდა მასზე.

2001წ. 21 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, მთვრალი რ. წ. საქმის გასარჩევად მივიდა რ. ა-თან წისქვილში. მათი საუბარი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები. ამ ფაქტის შემდეგ რ. ა-სა და რ. წ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

2001წ. 21 აგვისტოს რ. ა. შეხვდა რ. წ-ს მამას _ ვ. წ-ს, რომელსაც ხის ხელკეტი რამდენჯერმე დაარტყა და მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ვ. წ-ს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

2001წ. 5 სექტემბერს სოფლის გზაზე რ. ა. შეხვდა რ. წ-ს, რომელსაც რ. ა-მა ხელი გადაუგრიხა და იძულებით მიიყვანა თავისი სახლის ეზოში, სადაც თოკით მიაბა ხეზე. რ. ა-ლმა სცემა რ. წ-ს და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება; ამასთან ერთად, მან რ. წ-ს დაახლოებით 4 საათით აღუკვეთა თავისუფლება. მანვე ძალადობითა და ასეთის გამოყენების მუქარით წინააღმდეგობა გაუწია შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ ხეზე მიბმული რ. წ-ს განთავისუფლებას. 2002წ. 15 ივნისს რ. წ-მ რ. ა-ს კეტის ჩარტყმით კვლავ მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ა. ითხოვს პატიებას და სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. საჩივარში მიუთითებს, რომ დაუშვა შეცდომა. პალატას სთხოვს მხედველობაში მიიღოს მისი ასაკი, წარსული საქმიანობა, რომ პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, რ. წ-სთან შერიგებულია, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს და ა. შ.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მოინანია დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს მსჯავრდებული რ. წ., შესაგებელ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ რ. ა-თან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა, რომ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს _ რ. ა-სა და რ. წ-ს დანიშნული სასჯელები შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით, გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, სსსკ-ს 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარევიზო წესით, სრული მოცულობით განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენი რ. ა-სა და რ. წ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რ. ა-სა და რ. წ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამასთან ერთად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ რ. ა-სა და რ. წ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოთ: რ. ა-ს _ 4, ხოლო რ. წ-ს _ 2 წელი. სასჯელების შემსუბუქების საფუძვლად პალატა მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: რ. ა. და რ. წ. აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს; მათ წარსული შებღალული არა აქვთ; პირველად არიან სამართალში და ხასიათდებიან დადებითად; ამჟამად ისინი შერიგებული არიან და ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია აღარ გააჩნიათ. პალატა ასევე ითვალისწინებს პროკურორის შუამდგომლობას მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლითა და სსკ-ს 63-66-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგნაირად: რ. ა-ს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 წელი.

რ. წ-ს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 წელი.

პირობით მსაჯვრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პირობით მსჯავრდებულებს დაეკისროთ განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

რ. ა-სა და რ. წ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.