საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 150-კოლ 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ლ. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ოქტომბრის განაჩენით ლ. თ-ს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ლ. თ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003წ. 13 თებერვალს მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან ცხინვალში გასაღების მიზნით შეიძინა 26,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომელიც გადაზიდა თბილისში და შეინახა სახლში. მეორე დღეს მან ნარკოტიკული საშუალება დააფასოვა 4 პაკეტად და, როცა მისი გასაღების მიზნით აპირებდა სახლიდან გასვლას, დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ. მისი პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 24,4 გრამი ნაკოტიკული საშუალება, აქედან _ 13,7 გრამი ,,ჰეროინი”, და 12,83 გრამი _ ნარკოტიკული ნივთიერების ნარევი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და სამი შვილი, თვითონაც ავადმყოფია, არა აქვს ცალი თირკმელი და ასე შემდეგ.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. გ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეთა განმარტებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ნივთმტკიცებებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ლ. თ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან ერთად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ. თ-ს, საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 5 წლამდე. სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად პალატა მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას, მის ოჯახურ მდგომარეობას: მსჯავრდებულს ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ერთი _ არასრულწლოვანი, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, თვითონაც დაავადებულია დიაგნოზით: შარდ-კენჭოვანი დაავადება, ნეფრექტომის მდგომარეობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ლ. თ-ს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 4 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.