საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 02.10.2003
საქმის ნომერი
2კ-191აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 191-აპ 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განაჩენზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განაჩენი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს შეფარდებული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით გ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2000წ. 7 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ნასვამმა, ქ. თეთრიწყაროში, ურთიერთშეკამათების დროს ი. გ- დანის დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ გ. ბ. პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არის მამით ობოლი, დაზარალებულს შეურიგდა და ეს უკანასკნელი არ მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას ან მის დასჯას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და ადვოკატმა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა პროკურორმა ა. ს-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის თხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია გ. ბ-ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის. პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად განსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაციაც. ამასთან, პალატამ მოუსმინა რა თვით მსჯავრდებულ გ. ბ-ს, მივიდა იმ რწმენამდე, რომ ის გულწრფელად განიცდის და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც მისი რესოციალიზაციისათვის აუცილებელი არ არის საზოგადოებისაგან იზოლაცია და თავისუფლების აღკვეთა. ამ რწმენას განამტკიცებს ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გასულია სამ წელზე მეტი დრო და ამ პერიოდში მას არ ჩაუდენია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. დანაშულის შემდეგ ის მივიდა ეკლესიაში აღსარებისათვის, ხოლო შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარებით. თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გ. მ. თხოვნით მიმართავს სასამართლოს, შეღავათი გაეწიოს მსჯავრდებულ ბ-ს. ასეთივე თხოვნა სასამართლოში წარადგინეს ქ. თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის მოძღვარმა ს. მ-მა, საქართველოს პარლამენტის წევრმა რ. ნ-მა და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თ. ლ-მ.

დაზარალებული ი. გ. შეურიგდა მსჯავრდებულ ბ-ს და არ მოითხოვს არც მის დასჯას და არც ზარალის ანაზღაურებას.

პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ გ. ბ. პირველადაა მსჯავრდებული და მან დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როცა ჯერ კიდევ 19წ.აც არ იყო. ამჟამად ოჯახში ერთადერთი სრულწლოვანი მამაკაცი თვითონაა და მისი დახმარება სჭირდებათ დედასა და არასრულწლოვან ძმას.

ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლებელია გ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 63-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განაჩენი გ. -ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი _ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაითვალოს პირობით და სსკ-ს 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 წელი. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პირობით მსჯავრდებულ გ. ბ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.