კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 193-დად 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ვ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 იანვარს ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველომ მიიღო შეტყობინება ნ. კ-ს გარდაცვალების ფაქტზე. მოკვლევით დადგინდა შემდეგი: 2002წ. იანვარში ... მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ეზოს მოხრეშვა, რისი წინააღმდეგიც იყო ამ ეზოს მობინადრე მ. დ.. მიუხედავად ამისა, ეზოს მობინადრეებმა: ნ. კ-მ,ა. გ-მ და სხვებმა ეზოში მიიტანეს ხრეში და დაიწყეს მისი გასწორება. აღნიშნულთან დაკავშირებით მ. დ. და ეზოს მობინადრეები შეკამათდნენ. 2002წ. 12 იანვარს ნ. კ-მ და სხვებმა კვლავ განაგრძეს ეზოს მოხრეშვა. ამასთან დაკავშირებით, მ. დ. გაიწია ნ. კ-საკენ, რომელმაც შეწყვიტა მუშაობა და შევიდა სახლში, მ. დ-მ კი აიღო ნაჯახი და რამდენჯერმე დარტყმით განზრახ დააზიანა ნ. კ-ს სახლის ფანჯარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სახლში მყოფი ნ. კ. ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მ. დ-ს მიმართ ნ. კ-ს ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმე საბრალდებო დასკვნით წარიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც იგი შეწყდა დაზარალებულთან შერიგების გამო.
ნ. კ-ს გარდაცვალების ფაქტზე ბათუმის საქალაქო პროკურორის თანაშემწე შ. ფ-მ 2002წ. 2 სექტემბერს გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით. აღნიშნული დადგენილება ვ. თ-მ გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 7 ივლისს განიხილა მისი საჩივარი და იგი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ პროკურორის თანაშემწის 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილება დატოვა უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივრით ვ. თ. ითხოვს სასამართლო და პროკურორის დადგენილებების გაუქმებას და მოკვლევის განახლებას. მიაჩნია, რომ მ. დ-მ შემთხვევის დღეს ჩაიდინა ხულიგნობა, რაც გახდა მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ლ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილება მიაჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოკვლევის დროს ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძველი გახდებოდა მ. დ-ს მიმართ ხულიგნობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. მ. დ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ნ. კ-ს ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღნიშნული ბრალდებით წარიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შეწყდა დაზარალებულთან შერიგების გამო. პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილება დასაბუთებულია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. თ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო პროკურატურის თანაშემწე შ. ფ-ს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.