საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 232-აპ 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი
განიხილა ადვოკატების _ მ.ფ-სა და გ.ზ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განაჩენზე გ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 ივნისის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გ. ა-ს მიმართ შეიცვალა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, გ.ა-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (არაერთგზისობა) გათვალისწინებული ბრალდება, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ.ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 25 ივნისს გ. ა-მ ქ.ბათუმში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ არასრულად აცეტილირებული ტექნიკური “მორფინი” 0,401 გრამის ოდენობით, საიდანაც ნაწილი მოიხმარა, ნაწილს კი უკანონოდ ინახავდა.
2002წ. 26 ივნისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, გ.ა. იმყოფებოდა რა ქ.ბათუმში, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა გააჩერეს პუშკინისა და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისი პერანგის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება _ არასრულად აცეტილირებული ტექნიკური “მორფინი” 0,401 გრამის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ.ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები მ.ფ. და გ.ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ გ.ა-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენს საფუძვლად დაედო წინასწარი გამოძიების დროს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეზე დართული ნივთმტკიცება და ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ.აბრამიას ქმედება დააკვალიფიცირა რა სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელი დაუტოვა უცვლელად, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს გ.აბრამიას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის მიერ წინასწარი გამოძიებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს მიცემული ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, დამსწრეების _ რ.ი-სა და ს.ხ-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2002წ. 25 ივნისს გ.აბრამიამ ქ.ბათუმში, საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ 0,401 გრამი არასრულად აცეტილირებული ტექნიკური “მორფინი”, საიდანაც ნაწილი მოიხმარა, ნაწილი კი 2002წ. 26 ივნისს ჩხრეკისას ამოუღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ.ა-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის, რომ დაავადებულია ფილტვების დისემინირებული ტუბერკულოზით ინფილტრაციითა და რღვევით, სუნთქვის უკმარისობით, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა, შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ გ. ა-ს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.