საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 246-დად 2 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ისაევი
განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის თანაშემწის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვიტოს დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჯ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მიერ 1998წ. 24 ივლისს მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998წ. 19 იანვრიდან, ხოლო სასჯელის მოხდა უმთავრდება 2005წ. 19 იანვარს. დანიშნული სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2003წ. 19 აპრილს.
2001წ. 29 აპრილიდან დანიშნულ სასჯელს იხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის ¹8 საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2003წ. 22 ივლისს აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების თაობაზე. დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი დგას გამოსწორების გზაზე, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებულია ერთხელ _ გამოეცხადა მადლობა.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე მ. გელენიძე) 2003წ. 8 აგვისტოს განიხილა ¹8 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და დააკმაყოფილა იგი _ დადგენილებით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გაათავისუფლა მსაჯვრდებული გ. ჯ..
რაიონული სასამართლოს ამ დადგენილების თაობაზე წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის თანაშემწე დ. ფ-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ აღნიშნული სასამართლო დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ გ. ჯ-ს მოსახდელად ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან წახალისებასთან ერთად სასჯელის მოხდის პერიოდში ერთხელ დასჯილიც იყო.
საკასაციო განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს პირადი საქმე და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ს პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად და ემორჩილება სასჯელის მოხდის რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის აღარ არის აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა, მით უმეტეს, რომ უკვე მოხდილი აქვს ამ სასჯელის ორი მესამედი ნაწილი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სასამართლოს სრული და კანონიერი საფუძველი გააჩნდა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებისათვის, რის გამოც მის მიმართ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის თანაშემწის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს დადგენილება სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.