საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.11.2003
საქმის ნომერი
2კ-251აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 251-აპ 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა პროკურორ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენი ა. ე-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მაისის განაჩენით ა. ე-ს საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და 9 თვე. საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 9 თვით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის განაჩენით საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენი ა. ე-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

ა. ე.. 1998წ. 22 დეკემბერს გასამართლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ და 1960წ. სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების ¹4 დაწესებულებაში. 2001წ. 20 დეკემბერს, როდესაც მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 2 წელი, 7 თვე და 28 დღე, მან თვითნებურად მიატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი და მიიმალა.

საკასაციო საჩივრით პროკურორი ზ. ბ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პროკურორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის მომენტში მოსახდელი ჰქონდა 2 წელი, 7 თვე და 28 დღე. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ 2 წელი და 9 თვე, მისი აზრით, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ გაქცევისათვის ფაქტობრივად დანიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 თვით და 2 დღით.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატას მიაჩნია, რომ ა. ე-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს მეტისმეტად მსუბუქად და აშკარად უსამართლოდ. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ე-სათვის დანიშნული სასჯელი _ 2 წელი და 9 თვე მეტია ახლად დანიშნულ სასჯელზე და წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე. ამდენად, სასამართლოს მიერ დაცულია სსკ-ის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად განაჩენის ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მეტი უნდა იყოს როგორც ახლად ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე, ისე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე.

პალატა თვლის, რომ განაჩენი ა. ე-ს მიმართ დასაბუთებულია; ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის განაჩენი ა. ე-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.