საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 266-აპ 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის განაჩენზე, რომლითაც მ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 1960წ. სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ჯარიმის გადახდა 1200 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა დაზარალებულების: მ. ფ-ს სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის, ზ. მ-ს სასარგებლოდ _ 3000 აშშ დოლარის, ს. ს-ს სასარგებლოდ _ 4000 აშშ დოლარის, ბ. გ-ს სასარგებლოდ _ 2100 აშშ დოლარის, ი. კ-ს სასარგებლოდ _ 2500 აშშ დოლარისა და ვ. გ-ს სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა.
მ. დ. სასჯელს იხდის 2001წ. 16 აგვისტოდან.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ სახელმწიფოს წინაშე რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო დაზარალებულად ცნობილ მოქალაქეებთან მისი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო სამართლებრივი წარმოების წესით. იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა მას უდანაშაულოდ არ ცნობს, მაშინ მისი ასაკის, გაუარესებული ჯანმრთელობისა და მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით მ. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებითა და არაერთგზის დიდი ოდენობით დაუფლება, რამაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ის იყო შპს კონო-ტელე-ვიდეო საერთაშორისო კომპანია “აღსარების” პრეზიდენტი, ჩაიდინა მოგებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დიდი ოდენობით დამალვა, რითაც თავი აარიდა სახელმწიფოსათვის დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში: მ. დ-მა 1999წ. ოქტომბრიდან 2000წ. ნოემბრამდე საზღვარგარეთის ვიზების გაკეთებისა და დასაქმების შეპირებით მ. ფ-ს, ზ. მ-ს, მ. ფ-ს, ფ. კ-ს, ს. ს-ს, ბ. ჩ-ს, შ. კ-ს, ბ. გ-ს, ი. კ-ს, ვ. გ-ს, გ. ა-ს, ჯ. ფ-ს, ზ. ჯ-სა და ბ. ფ-ს მოტყუებით გამოართვა 32870 აშშ დოლარი, მაგრამ პირობა არ შეუსრულებია და არც ფული დაუბრუნებია. მანვე 2000წ. განმავლობაში დამალა შპს “აღსარების” შემოსავლები, რითაც თავი აარიდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 17079 ლარის გადახდას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა შ. კ-მ და მსჯავრდებულმა მ. დ-მა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს პროკურორმა ე. ქ-მ და სხდომაში მონაწილე დაზარალებულებმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით კი უდავოდ დადგენილია მსჯავრდებულ მ. დ-სათვის განაჩენით შერაცხული ყველა ბრალდება. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არამარტო კანონიერი, არამედ სამართლიანიცაა. სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ასევე _ შემამსუბუქებელი გარემოებები, რის გამოც დაიშნული სასჯელის შემსუბუქების რაიმე კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებებს, რომ მსჯავრდებულს მიზნად არ ჰქონია დაზარალებულთა მოტყუება და მათი კუთვნილი თანხის მითვისება, ასევე არ დაუმალავს სახელმწიფოსათვის გადასახდელი თანხა და დაზარალებულად ცნობილი პირები დაზარალდნენ მათივე ქმედებით, სრულიად უსაფუძვლოა და საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ დაზარალებულებთან ანგარიშსწორება მსჯავრდებულმა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მოახდინოს.
საქმის ერთობლივი მასალები ნათლად და უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის თაღლითურ ქმედებებს, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასებები მისცეს სასამართლო ორგანოებმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის განაჩენი მ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.