საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.12.2003
საქმის ნომერი
2კ-274აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 274-აპ 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ე. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ს 105-ე მუხლით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამჟამად მოქმედი კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა განესაზღვრა 2000წ. 15 ივნისიდან.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით ე. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს. მანვე, თანამზრახველებთან ერთად, 1994წ. ივლის-აგვისტოში, ძალადობის გამოყენების მუქარით შეეცადა 5 მილიონი მანეთი (რუბლი) გამოეძალა ე. მ-სათვის მას შემდეგ, რაც ამ უკანაკნელმა ფულის გამოძალვის მცდელობისათვის პოლიციაში ამხილა ის 1994წ. 13 აგვისტოს ქ. მარნეულში შურისძიების მოტივით, თანნაქონი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან გულმკერდის არეში ორი გასროლით განზრახ მოკლა ი. გ. და მიიმალა.

მსჯავრდებული ე. მ. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას არ უცდია ი. გ-სათვის ფულის გამოძალვა, არც ეს უკანასკნელი მოუკლავს და მის მიმართ შერაცხული ბრალდებები არის ცილისწამება.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ქ-მა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დაადგინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი.

საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მსჯავრდებულ ე. მ-ს მიერ “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების, ამ იარაღის გამოყენებით მოქალაქე ი. გ-ს განზრახ მოკვლისა და ფულის გამოძალვის მცდელობის ფაქტები, პალატის შეხედულებით, სრულიად უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნული ბრალდებები უდავოდ დადგენილია საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით.

ასევე უსაფუძვლოა საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. მ-ს პროკურატურაში დაკითხვის დროს მიღებული ჰქონდა სამედიცინო პრეპარატი, გარდა ამისა, დაკითხვა მოხდა ზეწოლით და ამის გამო მისი აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიღებული. არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება საქმის მასალებით რაიმე დადასტურებას ვერ პოულობს.

ამდენად, პლატა თვლის, რომ მსაჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივრი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. მამედოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 სექტემბრის განაჩენი ე. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.